გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/4606-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - შპს რ---ი
წარმომადგენელი - ლ-–------–-----
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ---------------
მესამე პირი - სს თელასი
წარმომადგენელი - ვლ---------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №------------ გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს თელასის მიერ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის ჩამოწერის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2017 წლის 16 ოქტომბრის N------ აქტის თანახმად, შპს რ---ის (აბონეტის N-------) ფართში, მდებარე ქ. თბილისი, წ-------–-----------ში არსებული ელექტროენერგიის მრიცხველი (N-------------) მოიხსნა მრიცხველის შეცვლისა და შემოწმების მიზნით.
შპს საქართველოს მეტროლოგიის ეროვნული ცენტრის N--- დასკვნისა და ოქმის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N-------------) მიჩნეულ იქნა ვარგისად.
შპს საქართველოს მეტროლოგიის ეროვნული ცენტრის N--- დასკვნისა და ოქმის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N-------------) მიჩნეულ იქნა ვარგისად.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N------ აქტი (ს.ფ. 122);
- დასკვნა, ოქმი (ს.ფ. 125-127);
- დასკვნა, ოქმი (ს.ფ. 217-219);
4.2. ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2018 წლის 15 იანვრის N------ აქტის თანახმად, შპს რ---ის (აბონეტის N-------) ფართში, მდებარე ქ. თბილისი, წ-------–-----------ში არსებული ელექტროენერგიის მრიცხველი (N------) მოიხსნა მრიცხველის შეცვლისა და შემოწმების მიზნით.
სს თელასის ლაბორატორიის N------ შემოწმების აქტის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N------) მიჩნეულ იქნა უვარგისად, ვინაიდან არ აღრიცხავდა ელექტროენერგიას.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N------ აქტი (ს.ფ. 130);
- შემოწმების აქტი (ს.ფ. 131);
4.3. ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2018 წლის 12 მარტის N------ აქტის თანახმად, შპს რ---ის (აბონეტის N-------) ფართში, მდებარე ქ. თბილისი, წ-------–-----------ში არსებული ელექტროენერგიის მრიცხველი (N-------------) მოიხსნა მრიცხველის შეცვლისა და შემოწმების მიზნით.
სს თელასის ლაბორატორიის N------ შემოწმების აქტის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N-------------) მიჩნეულ იქნა ვარგისად
შპს საქართველოს მეტროლოგიის ეროვნული ცენტრის N--- დასკვნისა და ოქმის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N-------------) მიჩნეულ იქნა ვარგისად.
შპს საქართველოს მეტროლოგიის ეროვნული ცენტრის N--- დასკვნისა და ოქმის თანახმად, შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველი (N-------------) მიჩნეულ იქნა ვარგისად.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N------ აქტი (ს.ფ. 135);
- შემოწმების აქტი (ს.ფ. 136);
- დასკვნა, ოქმი (ს.ფ. 220-222);
- N--- დასკვნა, ოქმი (ს.ფ. 79-81)
4.3. შპს რ---ის ელე ქტროენერგიის მოხმარების საფასური 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით 2-----.53 ლარს შეადგენს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 35);
4.4. სს თელასის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2026 სატრანსფორმატორო ჯიხურის საბალანსო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის ხარჯი 2017 წლის სექტემბერში შეადგენს 14951 კვტ, შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი 13,386 კვტ., 2017 წლის ოქტომბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 19366 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 30025 კვტ., 2017 წლის ნოემბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 21291 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 53952 კვტ., 2017 წლის დეკემბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 30887 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 17 კვტ., 2018 წლის ინავრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 23604 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 1 კვტ., 2018 წლის თებერვლის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 26149 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 28530 კვტ., 2018 წლის მარტის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 26106 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 205 კვტ.;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია საბალანსო მრიცხველის ელექტროენერგიის ხარჯის თაობაზე (ს.ფ. 186);
4.5. შპს რ---იმ 2018 წლის 24 აპრილის განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, რომლითაც სს თელასისათვის დარიცხული თანხის კორექტირების დავალება და ელექტროენერგიის გათიშვის აკრძალვა მოითხოვა.
განცხადებას თან ერთვოდა სს თელასის წერილი, რომელშიც ასახული იყო მიმდინარე დავალიანების ოდენობა 2-----,92 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ. 69).
- სს თელასის წერილი (ს.ფ. 70);
4.6. სს თელასის 2018 წლის 7 მაისი N----------- და 2018 წლის 29 ივნისის N----------- წერილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა ინფორმაცია შპს რ---ის კუთვნილი მრიცხველების მოხსნის თაობაზე. ასევე გაეგზავნა მრიცხველების მოხსნის, დაყენებისა და მოხსნილი მრიცხველების ლაბორატორიული შემოწმების აქტები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სს თელასის 2018 წლის 7 მაისი N----------- და 2018 წლის 29 ივნისის N----------- წერილები, თანდართული მასალა (ს.ფ. 78-100);
4.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილით შპს რ---ის ეცნობა, რომ სს თელასის მიერ წარდგენილი N--- და N--- დასკვნებით დგინდებოდა, რომ შპს რ---ის ფართში დამონტაჟებული მრიცხველები მუშაობდა გამართულად. შესაბამისად, გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ადრესატს გაეგზავნა თანდართული დოკუმენტაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილი (ს.ფ. 102);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი,7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ვინაიდან სადავო აქტი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად: 1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით. 3. ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯს ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს. ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში არის ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სინქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროგადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ არის ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სიქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში; ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში; ამავე პუნქტის „კ“ „ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ (ნორმალურ) დანაკარგს შორის;
ამავე წესების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.
ამავე წესების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ელექტროენერგიის ქსელში ზენორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტრული ქსელის მფლობელის მიერ, მომხმარებლის (მიმღების) ფაქტობრივი საჭიროების უზრუნველსაყოფად შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყველაზე მაღალი ფასით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე წესების მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილით შპს რ---ის ეცნობა, რომ სს თელასის მიერ წარდგენილი N--- და N--- დასკვნებით დგინდებოდა, რომ შპს რ---ის ფართში დამონტაჟებული მრიცხველები მუშაობდა გამართულად. შესაბამისად, გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ადრესატს გაეგზავნა თანდართული დოკუმენტაცია.
სს თელასის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ, 2026 სატრანსფორმატორო ჯიხურის საბალანსო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის ხარჯი 2017 წლის სექტემბერში შეადგენს 14951 კვტ, შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი 13,386 კვტ., 2017 წლის ოქტომბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 19366 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 30025 კვტ., 2017 წლის ნოემბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 21291 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 53952 კვტ., 2017 წლის დეკემბრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 30887 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 17 კვტ., 2018 წლის ინავრის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 23604 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 1 კვტ., 2018 წლის თებერვლის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 26149 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 28530 კვტ., 2018 წლის მარტის თვეში საბალანსო მრიცხველის ჩვენება - 26106 კვტ., შპს რ---ის მრიცხველზე დარიცხული ხარჯი - 205 კვტ.;
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მხედველობაში ვერ იქნება მიღებული შპს რ---ის კუთვნილ ობიექტში მოხსნილი მრიცხველების ლაბორატორიული შემოწმების აქტებით დადგენილი ფაქტი მრიცხველის გამათულად მუშაობის თაობაზე, ვინაიდან როგორც სს თელასის სატრანსფორმატორო ჯიხურის საბალანსო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის ხარჯისა და შპს რ---ის კუთვნილ მრიცხველზე ასახული ელექტროენერგიის ხარჯის მაჩვენებლების შედარებით დგინდება, 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და თებერვლის თვეებში შპს რ---ის მრიცხველმა აღრიცხა იმაზე მეტი ელექტროენერგიის ხარჯი, ვიდრე სატრანსფორმატორო ჯიხურის მრიცხველმა მასზე დაერთებული 11 აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი. შესაბამისად, დაუშვებელია საბოლოო მომხმარებელს დაეკისროს ისეთი დავალიანების ანაზღაურება, რომელიც რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის სწორად აღრიცხვას არ ეფუძნება.
7.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ წერილი ეფუძნება სს თელასის მიერ კომისიისათვის მიწოდებულ დოკუმენტაციას, თუმცა სასამართლოში დავის განხილვისას გამოიკვეთა ისეთი არსებითი გარემოებები, რომელთა შესწავლა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს რ---ის მიერ დაყენებული მოთხოვნის - დარიცხული ელექტროენერგიის საფუძვლიანობის შესწავლისა და დადასტურების პიროობებში, უსაფუძვლოდ დარიცხული ოდენობის ჩამოსაწერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს რ---ის განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით სარჩელისათვის, ხოლო 50 ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს რ---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის N------------ გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს რ---ის განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს მოსარჩელის მიერსარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის - შპს რ---ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
4. მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის - შპს რ---ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე