განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002440784
N1/88-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს-----ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---- ვ----–---–ი;
ბრალდებული - თ-------------–--------------------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული: ზესტაფონის რაიონი, ს------–---------------------------, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ხ-------–-ს ქუჩა N1-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 8-------–ს, დაახლოებით 17:30 საათზე, ლ--–-------–---ძე, მეუღლესთან - თ---------- ზ---------სთან და არასრულწლოვან შვილ ბ--ა ზ---------სთან (დაბ: 3-.12.2---წ) ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონი, გ-------– ხ-------–-ს ქუჩა N1--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სააღდგომო საყიდლებისათვის ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ზ---------მ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ლ--–-------–---ძეს ტუჩის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ--–-------–---ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 8-------–ს, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ნასვამ მგომარეობაში მყოფ თ---------- ზ---------ს, არასრულწლოვანი შვილის - ბ--ა ზ--------ის თანდასწრებით, მეუღლის - ლ--–-------–---ძის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–-------–---ძემ განაცხადა, რომ ის ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ხ-------–-ს ქუჩა N1--ში, მეუღლესთან თ---------- ზ---------სთან და შვილთან ბ--ა ზ---------სთან ერთად.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------- ზ--------- და დაზარალებული ლ--–-------–---ძე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----–---–----მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 8-------–ს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, საღამოს საათებში, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. ხელმძღვანელობისგან დაევალა ადგილზე გასვლა და წავიდა თანამშრომელ გ.შ------–-–---–---ნ ერთად. როდესაც მივიდნენ ქ-------------–------.ხ-------–-ს ქუჩაზე, ადგილზე დახვდათ ლ--–-------–---ძე, რომელიც იყო აღელვებული და ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი. ლ.გოგლიჩიძის განმარტებით, მეუღლემ - თ---------- ზ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საუბრის დროს, მივიდა თ------------, რომელმაც დაუყვირა ლ------–------, „რატომ გამოიძახე პოლიცია, მიჭერ?“ და გაიწია მისკენ. აღნიშნულის საფუძველზე, თ------------ დაკავებული იქნა ადგილზე და გადაყვანილი სამმართველოში. დაკავებისას, დაკავებულს, ადგილზევე განემარტა უფლებები.
7. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------–------–-–---–მა.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–-------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 8-------–ს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ მოხდა დაზარალებულ ლ--–-------–---ძის გარეგნული დათვალიერება, რის თაობაზეც შეადგინა ოქმი, რომელიც დაადასტურა ხელის მოწერით. დათვალიერება განხორციელდა დაზარალებულის თანხმობით. ასევე, მოცემულ საქმეზე, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა არასრულწლოვანი ბ--ა ზ---------.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო თ.ზ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა თ------------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ.ზ--------ის მიმართ.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–-------–---ძემ განაცხადა, რომ არის თ---------- ზ--------ის მეუღლე. 2018 წლის 8-------–ს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად. თ---------- ზ--------- იყო ნასვამ მდგომარეობაში. ვინაიდან თ----------ს გადატანილი აქვს ინფარქტი და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, განერვიულდა მისი ნასვამობის გამო, უსაყვედურა და მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ერთმანეთისთვის ცუდი რომ არ ეთქვათ, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე მივიდა დაახლოებით 20 წუთში. 2018 წლის 8-------–ს, თ---------- ზ---------ს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია. მისი მოსაზრებით, ეს დაზიანება მან შესაძლოა კარებზე დაჯახებით ან სხვა ვითარებაში მიიღო, თუმცა თ----------ს, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 8 აპრილს, იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში და ჩვენების მიცემის დროს, შესაძლოა სწორად ვერ თქვა რაიმე. მეუღლეებს შორის, მანამდე, კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი შეკამათდნენ. დაზარალებულის გამარტებით, როდესაც მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება, მათი შვილი ბ--ა ზ--------- იმყოფებოდა სახლში, თუმცა მისი აზრით, კონფლიქტს არ შესწრებია.
11. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ ბ--ა ზ---------მ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა თ---------- ზ---------მ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ 08.04.2018 წლის 2---------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–-------–---ძეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით (ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. ქვედა ტუჩის ქვეშა მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.2 X 0.8 სმ. ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 2.2 X1.8 სმ.). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--------------ემ.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, თ---------- ზ---------ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
14. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის ე-–----–------ის დაკითხვა.
15. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ---------- ზ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს თ---------- ზ--------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ---------- ზ--------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა თ---------- ზ--------ის მხრიდან დაზარალებულ ლ--–-------–---ძის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 8-------–ს, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ნასვამ მგომარეობაში მყოფ თ---------- ზ---------ს, არასრულწლოვანი შვილის ბ--ა ზ--------ის თანდასწრებით, მეუღლის - ლ--–-------–---ძის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
20. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------- ზ--------ის მიერ ლ--–-------–---ძის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - გ--- ც---–---ის, გ--------–------–-–---–ის და ე-–-------–--ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ---------- ზ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 8-------–ს, თ---------- ზ---------მ ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - ლ--–-------–---ძის მიმართ. მოწმეებმა გ----–---–----მ და გ--------–------–-–---–მა მიუთითეს და დაადასტურეს, რომ როდესაც გამოძახებაზე მისულები გამოცხადდნენ ქ-------------–------.ხ-------–-ს ქუჩაზე, მათ სახლში დახვდათ ლ--–-------–---ძე, რომელიც იყო აღელვებული და განუმარტა მათ, რომ მეუღლემ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ--–-------–---ძეს ნამდვილად ემჩნეოდა დაზიანება ტუჩზე და მოსდიოდა სისხლი. მოწმე ე-–-------–---მ კი განაცხადა, რომ დაზარალებულმა ლ--–-------–---ძემ დაადასტურა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც მოახდინა დაზარალებულის გარეგნული დათვალიერება. სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ლ--–-------–---ძემ კი განაცხადა, რომ მეუღლეს, თ------------ს მისთვის 2018 წლის 8-------–ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემთხვევის დღეს, მეუღლის ნასვამობის გამო იყო აღელვებული და მან დაზიანება ტუჩზე შესაძლოა მიიღო კარზე დაჯახების შედეგად ან სხვა ვითარებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, თ---------- ზ--------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------- ზ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
თ---------- ზ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გამართლებულ თ---------- ზ---------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე