გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/7946-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები - გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - რ-----–-------------ი
წარმომადგენელი - ვ----–-----------ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
თარჯიმანი - ლ--–-------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება რ-----–-------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ-----–-------------ის მიმართ შრომითი ბინადრობის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. რ-----–-------------ის (დაბადებული 1----–-–-----------ს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 54-55);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 58-61);
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 69);
3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით რ-----–-------------ის დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-51);
3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 4 დეკემბრის №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა რ-----–-------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 დეკემბრის S---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ რ-----–-------------ისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის N1---------/1 წერილი (ს.ფ. 56);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 დეკემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 57);
3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-----–-------------ის მიერ 2018 წლის 3 დეკემბერს წარდგენილი N1--------- განცხადება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბრის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 78-79);
3.5. 2018 წლის 8 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, რ-----–-------------ი დასაქმებულია შპს „ინ-------------–----------------------ში“ ე-–-----------------------ს პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 8-- ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 62-67);
3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო რ-----–-------------ის 2018 წლის 3 დეკემბრის განცხადება №1--------- შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ-----–-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.
6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
როგორც უკვე აღინიშნა, უცხოელი ვალდებულია შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
საქმეში დაცულია სამახსოვრო ბარათის ასლი, რომელიც ხელმოწერილია განმცხადებლის მიერ. აღნიშნული ბარათი შეიცავს განმცხადებლის ვალდებულებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაცია მხარეს უნდა მიეღო ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.
სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-----–-------------ის ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მის განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, საპატიო მიზეზით ხარვეზის შევსების ვადის გაშვების თაობაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამახსოვრო ბარათი არ არის შედგენილი მისთვის გასაგებ ენაზე, ვინაიდან ერთი მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ვალდებულება განმცხადებელს ინფორმაცია მიაწოდოს მის მშობლიურ ენაზე, ხოლო მეორე მხრივ, სამახსოვრო ბარათი შედგენილია ასევე ინგლისურ ენაზე. მოსარჩელე მხარეს მინდობილობა გაფორმებული აქვს წარმომადგენელთან, წარმომადგენლობის გაფორმებისას მან განაცხადა, რომ არ იცის ქართული ენა, რის გამოც წარადგინა ინგლისური ენის თარჯიმანი. შესაბამისად, რწმუნებულება გაფორმებულია მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, რაც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ სანოტარო წესის დაცვით (ს.ფ. 29). ამასთან, საქმეში დაცული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია თავად მოსარჩელის მიერ შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე (ს.ფ. 23). ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ მას სამახსოვრო ბარათში ასახული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდა ენის არცოდნის გამო, გაზიარებული ვერ იქნება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-----–-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ-----–-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე