განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი-----–- ქ--------ს
ბრალდებულ _ გ------- თ----------–--ის
ადვოკატ _ ე-–--- ჯ--------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- გ-------ს ძე თ----------–--ის, დაბადებულის 1--- წლის--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-, ჟ-------- ქუჩა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- თ----------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ------- თ----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ------–--–-, ჟ-------- ქუჩა N---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ------- თ----------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტ------- ჩ---------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა ყურის მიდამოში, რის შემდგომაც მარჯვენა ხელი შემოხვია კისრის მიდამოში და მოუჭირა ძლიერად, რის შედეგადაც ტ------- ჩ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ------- თ----------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა გ------- თ----------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლებიან „პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას“. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი დაახლოებით 6 წელია მუდმივად ცხოვრობს გ------- თ----------–--ის ოჯახში და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარეს წარდგენილი კვალიფიკაციის სისწორეში და მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გ------- თ----------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ უფრო კრიტიკულად აფასებს ბრალდებულის ძალადობრივ ქცევას, რადგან მიმართულია ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც თავდაცვის უნარი შესუსტებული აქვს, თუმცა, ამავდროულად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------- თ----------–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და სხვა ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა მოძალადის იზოლირების საჭიროებას. იგი განხორციელდა პირველად და მათ შორის კონფლიქტი წარსულში მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლებოდა, რის გამოც სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და შეურიგდა დაზარალებულს, სასამართლოს პირობითი მსჯავრის გამოყენება საკმარისად მიაჩნია სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გ------- თ----------–--ე დამოკიდებულია ალკოჰოლზე და ასევე ახასიათებს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული შერეული შფოთვით-დეპრესიული აშლილობა, რასთან დაკავშირებითაც იგი მკურნალობას გადიოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში (--------–------- და ამ ეტაპზეც მზადყოფნას გამოთქვამს, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განაგრძოს შესაბამისი მკურნალობა, ხოლო დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ფხიზელ მდგომარეობაში ბრალდებული არ არის აგრესიული და მისთვის საფრთხისშემცველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- თ----------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- თ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------- თ----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 8 დეკემბრიდან - 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. მსჯავრდებულ გ------- თ----------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- თ----------–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. შემთხვევის ადგილის (გ------- თ----------–--ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თ---–--–-----–-----------–-----–-------------------ში) დათვალიერებისას ამოღებული დანა ქარქაშით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------ანყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოცხრილი, განთავსებული 3 (სამი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი