გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210117002223770
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/------17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელი

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი თამარ აკობია

მოსარჩელე -მაჯ---------------------ამ

წარმომადგენელი- ალ-----------–--–-----–---–ი

მოპასუხე- გუ------------ძე

წარმომადგენელი -მა----------–---–ი

დავის საგანი -თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გუ------------ძეს, მაჯ---------------------ამის სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 16 იანვარს მხარეებს შორის შედგა მორიგების ოქმი, სადაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება არსებული დავალიანების 40 000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაფარულიყო 2015 წლის 19 იანვარს. თუმცა, მოპასუხემ ვალდებულება არ შეუსრულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. გუ------------ძემ როგორც წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება არ ცნო.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ არის შპს „გუ-----ის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც აწარმოებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ყიდვა-გაყიდვას. 2012 წლიდან აქვს ბიზნეს ურთიერთობა შპს „A--”-თან, რომლის დირექტორიც არის მოსარჩელე მხარე. შესაბამისად, იურიდიული პირები ერთმანეთში ახორციელებდნენ სამშენებლო-სარემონტო მასალების მიწოდებას.

 

შპს „გუ-----ს“ წარმოეშვა დავალიანება მოსარჩელე კომპანიის მიმართ, რომლის დასადასტურებლადაც ფირმის დირექტორებმა შეადგინეს მორიგების აქტი. მასში აღინიშნა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალდებულების გასტუმრება მოხდებოდა პროდუქციის მიწოდებით. მორიგების აქტის შედგენის შემდგომ, მოსარჩელე მხარეს მიეწოდა 36 694 ლარის პროდუქცია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.

 

მოპასუხის შეფასებით, წარმოდგენილი დავა გამომდინარეობს იურიდიულ პირებს შორის არსებული ურთიერთობიდან ვინაიდან, სხვა ურთიერთობა მხარეებს შორის არ არსებობდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ გამოკვეთილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 16 იანვარს შედგენილი მორიგების ოქმის შინაარსიდან დგინდება, რომ გუ------------ძეს მაჯ---------------------ამის მიმართ გააჩნია დავალიანება 40 000 აშშ დოლარი, რომელსაც დაფარავს მორიგების ოქმის ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში, 2015 წლის 19 იანვარს. ამავე ოქმში გუ------------ძე ვალდებულებას იღებს თანხის სანაცვლოდ, კრედიტორს მიაწოდოს საქონელი. აღნიშნული ჩანაწერი შესრულებულია მხოლოდ ქართულ ენაზე ნათარგმნ მორიგების ოქმზე, რაც არ არის დადასტურებული კრედიტორის ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მორიგების ოქმი (ს.ფ 13)

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

მოპასუხის შეფასებით, წარმოდგენილი დავა გამომდინარეობს იურიდიულ პირებს შორის არსებული ურთიერთობიდან და მოსარჩელის მიმართ სხვა ვალდებულება არ უკისრია. თუმცა მორიგების ოქმის შინაარსის შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხემ როგორც ფიზიკურმა პირმა წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობა, რომელსაც არ გააჩნია კავშირი იურიდიულ პირის ფულად ვალდებულებებთან.

 

აღსანიშნავია, რომ სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც კი საქმეში არსებული დოკუმენტებიდან არ დგინდება მოვალე -ფიზიკური პირის მიერ კრედიტორ მაჯ---------------------ამის მიმართ პროდუქციის მიწოდების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ 13)

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მაჯ---------------------ამის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 319-ე, 341-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 იანვრის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. მასში მითითებულია დავალიანების ოდენობა - 40 000 აშშ დოლარი და პერიოდი რა დროშიც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება გუ------------ძეს მოსთხოვოს ვალის აღიარების ხელწერილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო ხაზს გაუსვამს (3.2.1 ფაქტობრივი გარემოება) 2014 წლის 9 იანვარს შედგენილ ვალის აღიარების ხელწერილის შინაარსზე, სადაც გუ------------ძე, როგორც ფიზიკური პირი იღებს ვალდებულებას კონკრეტულ ვადაში დაფაროს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოქმი შედგენილია ორი ფიზიკურ პირს შორის და მას მოპასუხის მიერ დასახელებულ იურიდიულ პირების ვალდებულებებთან შემხებლობა არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ დასახელებული გარემოებების უტყუარად დადასტურება. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში.

 

ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ გუ------------ძეს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2880 ლარი.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 1000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მაჯ---------------------ამის სარჩელი გუ------------ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე გუ------------ძეს მოსარჩელე მაჯ---------------------ამის სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 აშშ დოლარის ანაზღაურება;

 

3. მოპასუხე გუ------------ძეს მოსარჩელე მაჯ---------------------ამის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 880 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე გუ------------ძეს მოსარჩელე მაჯ---------------------ამის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი