განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118002739250
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ – თ------- ჭ---------–--ს

ბრალდებულ _ გ------- ჩ--------–-ს

ადვოკატ - მ--–---- გ-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------- მ------- ძე ჩ--------–-ს, დაბადებულის 1--- წლის---------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო-სპეციალური განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–-- მ------------- მიკრო/რაიონი, კორპუსი №-- ბინა №---ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ჩ--------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ------- ჩ--------–-ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.თბილისში, მ------------- მიკრო/რაიონი, კორპუსი №-- ბინა №---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ჩ--------–მა შელაპარაკებისას მეუღლეს - ს------- ს--------–--ეს ხელი ჩაავლო თმაში, მოქაჩა ძლიერად და ხელი დაარტყა მხრის არეში, რის გამოც ს------- ს--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ------- ჩ--------–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ------- ჩ--------–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ჩ--------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- ჩ--------–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც გ------- ჩ--------–მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო პირველი შემთხვევა, ამასთან მათ შორის სიტყვიერ კონფლიქტსაც კი თანაცხოვრების მანძილზე (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით ხუთი წელია) იშვიათად ჰქონდა ადგილი (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „გ-------სთან კამათი მომივიდა სულ ორჯერ, ერთხელ - 2017 წლის იანვრის თვეში და მეორედ 2018 წლის 22 ოქტომბერს...“ „...სხვა ოჯახური კონფლიქტი არ მოგვსვლია ერთმანეთში“), ხოლო 2018 წლის 22 ოქტომბერს განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით (დაზარალებულის თქმით, „2018 წლის 22 ოქტომბერს გ-------მ ხელი დამარტყა მარცხენა მხარზე და ხელით მომქაჩა თმებზე“), ძალადობა არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და სხვა სახის დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს გ------- ჩ--------–-ს მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული და დაზარალებული შეურიგდნენ ერთმანეთს, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, რაც დადასტურებულია დაზარალებულის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ჩ--------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ხელსაყრელ და ეფექტურ სასჯელს ბრალდებულისათვის, რომელიც ამასთანავე უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გ------- ჩ--------–ს დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ჩ--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2018 წლის 22 ოქტომბრიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, გ------- ჩ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 75 (სამოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

2. მსჯავრდებულ გ------- ჩ--------–-ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ჩ--------–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. გაუქმდეს გ------- ჩ--------–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი