განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2----18
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ--------------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ------- გ-----ე ჯ----–-ძე (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–------ მე-6 მ/რაიონი--------------------------ში ), ამჟამად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - ნ-------------–---–ი, დ---------------აძე
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დისპოზიცია: ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2018 წლის მაისის თვეში ჯ------- ჯ----–-ძე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს--------------–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: დაჰყვებოდა ს--------------–---–ს ფეხით მოძრაობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით, მის მიერვე დარეგისტრირებული შეცვლილი სახელების გამოყენებით ამყარებდა დაზარალებულისათვის არასასურველ კომუნიკაციას და ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრის - მამის მიმართ ძალადობის გამოყენებით. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ს--------------–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის მაისის თვის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში, ჯ------- ჯ----–-ძე ს--------------–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: დაჰყვებოდა ს--------------–---–ს ფეხით მოძრაობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, მობილური ტელეფონის, „viber”-ისა და „messenger”-ის მეშვეობით, მის მიერვე დარეგისტრირებული შეცვლილი სახელების გამოყენებით ამყარებდა დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას და ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრის - მამის, ასევე იმ მამაკაცების მიმართ ძალადობის გამოყენებით, რომელსაც დაზარალებული მათი ურთიერთობის შესახებ ეტყოდა. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ს--------------–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ ს--------------–---–ისა და მოწმეების - ე------------ის, თ------------–---–-ს, შო-------------ის, მუ--------------–---–ის, ლ-–--–-------ის, დ-------------–---–ის, ი-----–---------–---ის, გი------------იას, ნი-----------ვის, ს--–-----------–--ისა და ლ-–----------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ჯ------- ჯ----–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ჯ------- ჯ----–-ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ს--------------–---–მა განაცხადა, რომ რომ 2018 წლის მაისის დასაწყისში მას Facebook-ი გვერდზე მისთვის უცნობი პირისგან მიუვიდა შეტყობინება, სადაც ის წერდა, რომ უყვარდა და არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ იგი აპირებდა გათხოვებას. მან უცნობ პირს უთხრა, რომ არ თხოვდებოდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაიწყო ხშირი მოწერა მასთან. მან დაბლოკა აღნიშნული იუზერი სახელწოდებით: „გ--------“, თუმცა, უცნობმა სხვა იუზერის მეშვეობითაც მისწერა და კვლავ უთხრა, რომ მოსწონდა და უხაროდა მისი დანახვა. ასეთი მიწერ-მოწერა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ, იგი დაიმატა „ჯ----–--------–-“-თი სახელწოდებით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა და მისწერა გაურკვეველი ასოები, დაზარალებულმა შეტყობინების ავტორი ბავშვის ფოტოებით ამოიცნო და მიხვდა, რომ იგი იყო მისივე მეზობელი, კერძოდ, მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის - თ---------------–---–ის მეუღლე, თუმცა, პირადად ბრალდებულს არ იცნობდა. ს--------------–---–მა გადაწყვიტა პირადად ენახა ჯ--------–-ძე და აეხსნა, რომ არ სურდა მასთან არანაირი ურთიერთობა. ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მამაკაცმა აგდებულად დაუწყო საუბარი. დაზარალებული მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ ჯ------- ჯ----–-ძე ხშირად ცდილობდა მასთან კონტაქტის დამყარებას სხვადასხვა გზით, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. ჯ------- ჯ----–-ძე მას უკან მიჰყვებოდა პერიოდულად, ხან მანქანით, ხან ფეხით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაბადების დღეზე წასულს მისთვის გზა აუბნევია, რადგან არ სურდა ბრალდებულთან შეხვედრა, ერთ დღეს, 2018 წლის მაისის ბოლოს იგი ესაუბრა ჯ------- ჯ----–-ძის მეუღლეს - თ----ას და ამასთან, გადაწყვიტა თავის მობილურში არსებული და შენახული მიმოწერები ენახებინა მისთვის. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თ---------------–---–მა ყველაფერი გაიგო და ტირილით მივიდა ს----ოსთან სახლში, ამასთან განაცხადა: „წაიყვანეთ ჯ----–-ძე, ეს პირველი შემთხვევა არ არისო“. ამის შემდეგ თ----ამ მალევე დარეკა პატრულში, რომელიც დაუყონებლივ მოვიდა, თუმცა, აღნიშნულ დროს ბრალდებული სახლში არ იყო. ამ დღის შემდეგ, ვინაიდან პატრულის მხრიდან ვერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, ჯ--------–-ძემ ს----იოს კვლავ რამდენჯერმე მისწერა, ეუბნებოდა, რომ დაანებებდა თავს, თუ საჩივარს არ დაწერდა და გამოიტანდა უკან, ხოლო მამისსა და ბიძაშვილების მიმართ იმუქრებოდა, რომ თუ რამეს ეტყოდა, მათ მოკლავდა. მოწმე აღნიშნავს, რომ რაც ჯ------- ჯ----–-ძე მის ცხოვრებაში გამოჩნდა თავისუფლად ვეღარ გადიოდა გარეთ, შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, ცდილობდა 9 საათის შემდეგ სახლში ყოფილიყო, მეგობრებთან არ დადიოდა, ასევე, ზოგიერთ მოსწავლესთან, რომელსაც თავად ამზადებდა მათთავე სახლში, უთხრა რომ ვერ ივლიდა, რადგან ეშინოდა ჯ------- ჯ----–-ძის. აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით მაისის პირველი რიცხვებიდან 20 მაისის ჩათვლით. ამის შესახებ მან მეგობარ გოგონებსაც უამბო, ხოლო მეგობარ ბიჭებს არა, რადგან ჯ----–-ძე მას ემუქრებოდა, რომ მათ რამეს დაუშავებდა. ყოველივე აღნიშნულით კი, დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და მისი და მისივე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარები აღიქვა რეალურად.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ე------------ემ განმარტა, რომ მისმა მეგობარმა ს--------------–---–მა მას მოუყვა ჯ------- ჯ----–-ძის შესახებ. კერძოდ, ვიდრე გაიგებდა, თუ ვინ იყო იგი, უთხრა, რომ მას სწერდა ვიღაც მამაკაცი სხვადასხვა facebook გვერდიდან და უგზავნიდა სასიყვარულო შინაარსის შეტყობინებებს. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა, რომ გაარკვია მისი ვინაობა და იგი იყო მისი კარის მეზობლის მეუღლე. ბრალდებული ს--------------–---–ს მანქანით ხვდებოდა ხოლმე გარეთ, რის გამოც მოწმე ხშირად დაჰყვებოდა უკან, რათა ს----ო მარტო არ დარჩენილიყო და არ შეშინებოდა მისი. ერთ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ის ს--------------–---–თან ერთად წავიდა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, „გლდანი მოლში“, რა დროსაც ს----ომ უკან მიიხედა და უთხრა, რომ ჯ--------–-ძე იქ იყო. იგი ვიზუალურად არ იცნობდა ჯ----–-ძეს ამიტომ ჰკითხა, რომელ მამაკაცზე საუბრობდა, თუმცა, მას პასუხი აღარ გაუცია, ეშინოდა და ტერიტორია სწრაფად დატოვეს ორივემ. ამასთან, ს----ომ სთხოვა, რომ სახლამდე მიეცილებინა. როდესაც კორპუსთან ავიდნენ, იქ დახვდათ ლურჯი ფერის B-- და მაშინ იქ მყოფ მამაკაცზე მიუთითა ს----ომ რომ ის ჯ--------–-ძე იყო, რომელიც იქიდან სხვადასხვა რეპლიკებს ესროდა. როგორც შემდეგ, მოწმე მოგვიანებით მიხვდა, მეტროსთან მყოფი მამაკაცებიდან ერთ-ერთი სწორედ ჯ------- ჯ----–-ძე იყო. ს----ომ მას სთხოვა სადარბაზოში შესულიყვნენ, რადგან ჯ----–-ძეს ჰგონებოდა რომ მეგობართან ავიდა და შემდგომ გააგრძელებდა სახლის გზას, რისი განხორციელების შემდეგაც ცოტა ხანში ის სახლისკენ წავიდა. ჯ------- ჯ----–-ძე ს----იოს სწერდა, რომ თავს მოიკლავდა მის გამო, ასევე სთხოვდა შეხვედრასა და დალაპარაკებას, რაზეც ს----ო კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ------------–--ლმა განმარტა, რომ იგი არის ჯ------- ჯ----–-ძის ყოფილი მეუღლე. 2018 წლის 21 მაისს, საღამოს პერიოდში, მან მოახერხა ჯ------- ჯ----–-ძის ტელეფონის აღება, რა დროსაც ნახა „ვაიბერში“ ს----ო თ----–---–თან მინაწერები, რის შემდეგაც სთხოვა ჯ------- ჯ----–-ძეს აეხსნა რა უნდოდა მის მობილურში ს----ო თ----–---–თან მინაწერებს, რაზეც მან უპასუხა, რომ მანქანის ნაწილთან დაკავშირებით ჰქონდათ მიმოწერა. ს----ოს იგი დაბლოკილი ჰყავდა. მას ჰქონდა სხვადასხვა facebook account-ები შექმნილი, საიდანაც უგზავნიდა ს----ოს მანქანის ფოტოებს და უგზავნიდა ვოისებს, სადაც ეუბნებოდა, რომ უნდოდა იგი ცოლად მოეყვანა, ხოლო თავად თ------------–---–თან ჰყავდა საერთო ბავშვი და იყო მხოლოდ მისი საყვარელი. ამის შემდეგ, მან მისწერა ს----ო თ----–---–ს რომ გასულიყო მასთან სახლში. ს----ო მართლაც მივიდა მათთან. თ-----------–---–მა სთხოვა ს----ოს აეხსნა რა ხდებოდა მასსა და ჯ----–-ძეს შორის, რა დროსაც ს----ომ უთხრა, რომ ტელეფონს შემოიტანდა და ყველაფერს აჩვენებდა. იგი ს----ოს თან გაჰყვა ცალკე დასალაპარაკებლად, რა დროსაც მან უთხრა, რომ რცხვენოდა და ვერაფერს ვერ მოუყვებოდა, თუმცა, აჩვენა ესემესები, სადაც ს----ოს ჯ--------–-ძე დაბლოკილი ჰყავდა. როდესაც ისინი ბინაში ერთად დაბრუნდნენ მოვიდა პოლიციაც, რომელიც გამოიძახა ჯ----–-ძის აგრესიულობისა და იმის გამო, რომ სურდა, რომ ზემოაღნიშნულ მამაკაცს მისი სახლი დაეტოვებინა. როდესაც აღნიშნული კონფლიქტი მოხდა ისინი 7 თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა, მაინც აპირებდნენ შერიგებას.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შო-------------ემ განმარტა, რომ ჯ------- ჯ----–-ძის შესახებ მან მაშინ გაიგო, როდესაც მისი შვილი, ს--------------–---–ი ლ-–--–-------ეს ესაუბრებოდა ტელეფონზე და ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე, ს----ომ უთხრა, რომ უბნიდან ვიღაც აწუხებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჰკითხა, თუ გაარკვია რამე, რა დროსაც შვილმა უპასუხა რომ აღარაფერი ხდებოდა. ამ პერიოდში ს----ოს უხასიათობა დაეტყო, ყველაფერზე ნერვიულობდა და გაღიზიანებული იყო. 2018 წლის 21 მაისს, საღამოს, მათთან სახლში მივიდა თ----ა და მის მეუღლეს სთხოვა მობილური, რომ პატრულში დაერეკა და დარეკა კიდეც. ს----ო მასთან და მეუღლესთან ერთად წავიდა თ----ას სახლში რომ ვითარებაში გარკვეულიყვნენ, სადაც ჯ------- ჯ----–-ძე ყველაფერს უარყოფდა. ამის შემდეგ, ჯ----–-ძე არ გაჩერებულა, კვლავ შექმნა facebook-ი გვერდი, დადო ს----ოს ფოტო და დააწერა „ჩემი სიცოცხლე“. ს----ო თ----–---–ი მანქანას სხვა ეზოში აყენებდა, ვითომ ნათესავთან მიდიოდა, ამ დროს კი ფეხით მიდიოდა მოსწავლესთან. ს----ო ერთხელ შეხვდა გაჩერებაზე მას, რადგან აეხსნა რომ თავი დაენებებინა, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს. ემუქრებოდა, რომ მამამისს ხელებს მოამტვრევდა, თავს მოიკლავდა ან მას მოკლავდა. ყოველივე აღნიშნულით, მისმა შვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და შეიცვალა ცხოვრების წესი.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მურაზ თ----–---–მა განმარტა, რომ თ---------------–---–ო არის მისი მეზობელი, რომელიც 2018 წლის 21 მაისს, შევიდა მის სახლში და სთხოვა მობილური პატრულში დასარეკად. როდესაც იგი შევიდა თ----ას სახლში, ლ-–--–-------ე უკვე მოსული იყო და ჯ----–-ძეს ელაპარაკებოდა, რომელმაც უარყო ის ფაქტი, რომ ს----იოს აწუხებდა და თქვა, რომ მეუღლე უწყობდა ინტრიგებს. მოწმე აღნიშნავს, რომ არაფერი იცოდა ჯ------- ჯ----–-ძის ქცევების შესახებ, რადგან ს----იო ფიქრობდა, რომ თავად ან ახლობლების დახმარებით მოაგვარებდა პრობლემას და მას არ ეუბნებოდა. შემდეგ გაიგო, რომ სწერდა facebook-ზე, უგზავნიდა იარაღის ფოტოებს, მოკვლითა და მანქანის დამტვრევით ემუქრებოდა, მანქანით უკან დაყვებოდა, რის გამოც ს----იოს ხან გ--------–-----იძე და ხანაც მეგობარი ეთო აცილებდნენ, ხანდახან მშობლებთან ერთადაც გადაადგილდებოდნენ, რადგან იგი შეშინებული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, მისი შვილი უმეტეს დროს სახლში ატარებდა, გაკვეთილებს გარეთ აღარ ატარებდა და მოსწავლეებს ძირითადად სახლში იბარებდა.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–--–-------ემ განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ს--------------–---–ის ნათესავი. 2018 წლის 21 მაისს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მას დაურეკა ს----ომ და სთხოვა მის მეზობელ თ----ასთან ასულიყო. იგი მიხვდა, რომ საკითხი ჯ----–-ძეს უკავშირდებოდა. თ----ას სახლში მას დახვდა თ----ა და ჯ---, შემდეგ კი შევიდა ს----ო. ჯ-------მა მას უთხრა, რომ მას ს----ოსთვის არ მიუწერია, არამედ მესიჯები მის ცოლს ეკუთვნოდა. მას კონკრეტული მესიჯები არ წაუკითხავს, უბრალოდ იცოდა რომ ს----ოს ჯ--- სწერდა, რითაც იგი წუხდებოდა. დამატებით თავის ცხოვრების შესახებ ს----ო არაფერს უყვებოდა.
4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვეში ჯ------- ჯ----–-ძის მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გავიდა ადგილზე, რა დროსაც ადგილზე მისულს იგი სახლიდან აგდებდა მეუღლეს. ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა ადევნების მუხლით, იგი ვითარებაში გარკვევის მიზნით გაესაუბრა ჯ------- ჯ----–-ძეს, რა დროსაც მან შეადგინა გასაუბრების ოქმი, რასაც ესწრებოდა მისი უფლებადამცველი ადვოკატიც.
4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი-----–--------–--ვმა განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს, მან ხელმძღვანელის მითითებით, სასამართლოს განჩინებით თავის თანამშრომელ გი------------იასთან ერთად დააკავა ჯ------- ჯ----–-ძე გლდანის, მე-6 მიკრორაიონში, მას გააცნო განჩინების შინაარსი, განუმარტა უფლებები, დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, აღნიშნული პიროვნება გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩატარებია. მან უთხრა, რომ ძველი ნაიარევი ჰქონდა ორივე მუხლის არეში, რაც აჩვენა კიდეც მათ, სხვა დაზიანება მას არ ჰქონია.
4.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი------------იამ განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს, უფროსის დავალებით, სასამართლოს განჩინებით მეწყვილე ი-----–--------–--ვთან ერთად გლდანის მე-6 მ/რ, 2--- კორპუსის, 3--- ბინაში მათ დააკავეს ჯ------- ჯ----–-ძე, დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა, როგორც ბრალდებულმა განაცხადა ჰქონდა მხოლოდ ძველი ნაიარევი ორივე მუხლის არეში.
4.10. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნი-----------ვმა განმარტა, რომ ჯ------- ჯ----–-ძე არის მისი შვილი. მან იცის, რომ თ------------–--ლთან რამდენიმე წელი იყო როგორც მეგობარ ქალთან, როგორც ამას თავად ჯ---ც ეუბნებოდა, მაგრამ მისი მეუღლე არ ყოფილა არასოდეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან იცის, რომ ჯ----–-ძე ტელეფონზე ესაუბრებოდა ს----ოს, წერდა სხვადასხვა მესიჯებს. ერთ დღესაც, იგი შეესწრო მათ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც დააფიქსირა, რომ მის შვილს ს----ოსთან თბილი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. დაძაბულობა ამ საუბრების დროს არ შეუნიშნავს. როდესაც მან ჰკითხა, თუ ვინ იყო ს----ო, ჯ----–-ძემ უპასუხა, რომ ეს იყო გოგო, რომელიც მოეწონა და ფოტოსურათიც აჩვენა. მოწმემ იცოდა, რომ ს----ოს მოსწავლეები ჰყავდა და უცხო ენაში ამზადებდა. ყოფილა შემთხვევვები, როდესაც ს----ოს ჯ.ჯ----–-ძისთვის უთქვამს, რომ იყო გლდანის მე-4 მიკრორაიონში, ასევე, მის შვილს ს----ო გაუცილებია კიდეც რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილზე. მოწმის განმარტებით, ჯ----–-ძესა და თ----–---–ს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ ამგვარი ტიპის ურთიერთობები.
4.11. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს--–-----------–--ემ განმარტა, რომ ჯ------- ჯ----–-ძე არის მისი ძმა. დაახლოებით აპრილის თვეში, მიდიოდნენ მანქანის სახელოსნოში, რა დროსაც ჯ------- ჯ----–-ძემ გადაიღო ვიდეო და ს----ო თ----–---–ს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, რომ გააცნობდა მის დას, მან კი ხმოვანი შეტყობინებითვე უპასუხა შემდეგი შინაარსის ტექსტით: „ს--–----, ნუ ზიხარ საჭესთან ასე დაძაბული“, რაზეც უპასუხა, რომ ყველა მისნაირი პროფესიონალი მძღოლი ვერ იქნებოდა. როდესაც ჰკითხა მან ჯ---ს, თუ ვინ იყო ეს გოგო, მისმა ძმამ უპასუხა, რომ იგი უყვარდა და აპირებდა სერიოზულ ურთიერთობას. იყო შემთხვევები, როდესაც ჯ--- ს----ოს მოსწავლეებიდან სახლში აცილებდა. მათ ჰქონდათ ურთიერთობა და ჯ---ს მიერ რაიმე დაძალებას ადგილი არ ჰქონია. ამის გარდა, იგი რამდენჯერმე შეესწრო მათ საუბარს, როდესაც ს----ო მორჩებოდა ხოლმე მოსწავლესთან გაკვეთილს. სახლშიც როდესაც ფილმს უყურებდნენ ს----ოს ელაპარაკებოდა, საუბრობდნენ მაგალითად, რა გააკეთეს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა, ხშირად მათ საუბარს ყურს არ უგდებდა. ჯ.ჯ----–-ძე თ----–---–ს ეკონტაქტებოდა მესენჯერით („ჯ----–--------–-“), ვაიბერით და მობილური ნომრის მეშვეობით. ეს ყველაფერი ხდებოდა დაახლოებით აპრილის თვიდან მაისის დასაწყისშიც, დაახლოებით 10 რიცხვისთვის.
4.12. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–----------ემ განმარტა, რომ ჯ------- ჯ----–-ძე არის მისი მეგობარი. დაახლოებით მაისის დასაწყისში, ჯ------- ჯ----–-ძე მას შეხვდა და ლურჯი ფერის B---- ფირმის ავტომობილით მივიდა, რა დროსაც მარცხენა მხარეს იჯდა კიდევ ერთი გოგო, რომელზეც უთხრა, რომ იყო მისი შეყვარებული, თუმცა, ის არ გადმოსულა მანქანიდან. როდესაც ჯ---მ მასთან საუბარი დაასრულა და დაჯდა მანქანაში, იგი მივიდა ჯ---ს მადლობა გადაუხადა, გოგონას კი თავაზიანად ბოდიში მოუხადა. ქერა, შუაზე გადაყოფილი თმით გაიცნო როგორც ს----ო გვარად თ----–---–ი და თავად ბრალდებულისაგან შეიტყო, რომ იყო მისი შეყვარებული. 20 მაისამდე პერიოდში, იგი პოლიციაში იყო დაბარებული, რა დროსაც ჯ----–-ძე მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ პოლიციაში იყო დაბარებული. ჯ--- საუბრობდა ტელეფონზე, თუმცა, შინაარსი არ იცის, საუბრისას ხან კამათობდნენ, ხან თბილად საუბრობდნენ ერთმანეთში. იგი ს----ოს ეუბნებოდა რომ უყვარდა და შერიგდებოდნენ.
4.13. ბრალდებულმა ჯ------- ჯ----–-ძემ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ს--------------–---–თან ჩამოუყალიბდა ახლო ურთიერთობა და მისი მხრიდან დაძალებას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. მას სურდა მხოლოდ დაზარალებულთან ახლო მეგობრობა და უნდოდა მასთან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამასთან იგი არასდროს შეუწუხებია და მისთვის ზედმეტი სიტყვაც კი არასდროს უკადრებია.
4.14. 2018 წლის 27 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 27 მაისს, შსს ქ.თბილისის გლდანის მე-6 მ/რ, კ--------, ბი------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯ------- ჯ----–-ძე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავების მომენტში ჯ------- ჯ----–-ძეს სხეულზე ვიზუალური დათვალიერებით ორივე მუხლზე აღენიშნება ძველი ნაიარევი.
4.15. 2018 წლის 23 მაისის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შსს გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ს--------------–---–ისგან მოხდა ჯ------- ჯ----–-ძის მიერ განხორციელებული სატელეფონო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღება, რომელიც დაფორმატებულია და გადატანილია 24 ფურცლად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
4.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005)განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.18. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან(ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.20. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 3--- მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ჯ------- ჯ----–-ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს ხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით), ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
5.7. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
5.8. სასამართლო ბრალდებულ ჯ------- ჯ----–-ძის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ ს--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ჯ------- ჯ----–-ძე მას უკან მიჰყვებოდა ხოლმე, მანქანით ან ფეხით. ასევე, ელოდებოდა ხშირად იმ ადგილებში, სადაც დადიოდა, რის გამოც, უწევდა ბრალდებულისათვის „გზა აებნია“ ან ევლო ვინმესთან ერთად, ვინც მას სახლამდე მიაცილებდა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თვითმხილველი მოწმის - ე------------ის ჩვენებაც, სადაც იგი მიუთითებს, რომ ერთ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ის ს--------------–---–თან ერთად წავიდა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, „გლდანი მოლში“, რა დროსაც ს----ომ უკან მიახედა და დაანახა, რომ ის მამაკაცი, ვინც უკან მოყვებოდა, იყო ჯ--------–-ძე. ს----ოს ამ პიროვნების ნახვა და მასთან შეხვედრა არ სურდა, მისი ეშინოდა და სწორედ ამიტომ აღნიშნული ტერიტორია სწრაფად დატოვეს. თუმცა, როდესაც საცხოვრებელ კორპუსთან ავიდნენ ჯ------- ჯ----–-ძე უკვე მათ იქ ელოდებოდა ლურჯი ფერის B---- მარკის ავტომობილით.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ადევნებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია სუბიექტის ქმედებას - პირადადან მესამე პირის მეშვეობით უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და ეს უნდა იწვევდეს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.10. აქედან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ჯ------- ჯ----–-ძე მას წერდა სხვადასხვა „FA------------NT”-ებით, აღნიშნული კი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია 2018 წლის 23 მაისის ამოღების ოქმზე დართული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. სასამართლო აღნიშნული ”facebook account”-ების შეტყობინებების ავტორის დადგენისას მხედველობაში იღებს მის შინაარსობრივ მხარეს და მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ბრალდებულს ეკუთვნის, სადაც იგი არასასურველ სატელეფონო და ელექტრონულ კომუნიკაციას ამყარებს დაზარალებულთან, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და მასში გამოიწვია საფუძვლიანი შიში.
5.11. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს განხორციელებული არასასურველი კომუნიკაციის სიხშირეს, რადგან განმეორებადობის გარეშე ცალკეული ქმედება ვერ მოგვცემს ამ მუხლის შემადგენლობას, თუმცა, თუ რამდენჯერ უნდა განხორციელდეს არასასურველი კომუნიკაცია მსხვერპლთან სასამართლოს შეფასების საგანია, რაც მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 23 მაისის ამოღების ოქმზე დართული მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, სრულიად საკმარისია 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისათვის.
5.12. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავენ რომ ს--------------–---–ს უწევდა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში აღარ წარემართა, რადგან სურდა ბრალდებულთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, რის გამოც საღამოს საათებში გარეთ გასვლას ერიდებოდა (იხ.მოწმე ე------------ის ჩვენება). ზოგიერთ მოსწავლეს კი, რომელსაც სახლის გარეთ გაკვეთილს უტარებდა, უარი უთხრა მომზადებაზე და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა (იხ. მოწმე შო-------------ის ჩვენება). თავად დაზარალებული კი აღნიშნავს, რომ რაც ჯ------- ჯ----–-ძე მის ცხოვრებაში გამოჩნდა გარეთ თავისუფლად ვეღარ გადიოდა, ცდილობდა 9 საათის შემდეგ მუდმივად სახლში ყოფილიყო, მეგობრებთან არ დადიოდა, ზოგიერთ მოსწავლესთანაც, რომელსაც გვიან ჰქონდა გაკვეთილები, უარი უთხრა, რადგან ეშინოდა ჯ------- ჯ----–-ძის.
5.13. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს ჯ------- ჯ----–-ძის მიერ ს--------------–---–ის ოჯახის წევრის - მამის მიმართ განხორციელებულ მუქარას. როგორც თავად დაზარალებული ადასტურებს, ჯ----–-ძე მას ემუქრებოდა, რომ, თუ მამას რამეს ეტყოდა, მოკლავდა ამ უკანასკნელს, ხოლო მუ--------------–---–ი აღნიშნავს, რომ ს--------------–---–ს ჯ------- ჯ----–-ძე ემუქრებოდა მის მიმართ ხელების დამტვრევითა და მოკვლით, რაც ს--------------–---–ის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.
5.14. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
5.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.16 . სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, ასევე ბრალდებულის ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული დადამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო ჯ------- ჯ----–-ძის ჩვენება არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ------- ჯ----–-ძემ ჩაიდინა - ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’ სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), დაზარალებულის პოზიციას (ითხოვს მის მკაცრად დასჯას) პირად და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლებიც გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
6.8. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ჯ------- ჯ----–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ჯ------- ჯ----–-ძის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.9. ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, ჯ------- ჯ----–-ძე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------- ჯ----–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვისდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ჯ------- ჯ----–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ჯ------- ჯ----–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე