განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/312-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – ვა---–---------ი, დაბ.2--------- წელს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ახ--––--ე, სოფელი ფე---ა.
ადვოკატი - ავ--------–-----–--–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვა---–---------ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში ახ--––--ის რაიონის სოფელ ფე---აში მცხოვრებმა ვა---–---------მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით საცხოვრებელი სახლის ეზოში შუადღის საათებზე არასრულწლოვან შვილიშვილს 2----–-–------------ დაბადებულ მა--------------ს სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის დარტყმით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მა--------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
3. სასამართლომ დაადგინა
3.1. ბრალდებული ვა---–---------ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ,დაზარალებულ მა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბებიასა და ბაბუასთან ვა---–---------თან ერთად სოფელ ფე---აში, როდესაც ბაბუამ მა-----ი მაღაზიაში გააგზავნა, მას გზაში შეხვდნენ ბავშვები, რომლებიც ფრენბურთს თამაშობდნენ. მა-----იც შეუერთდა მათ და თამაში დაასრულეს უკვე საღამოს 8-ის ნახევარი იქნებოდა, მაღაზია დაკეტილი იყო. როდესაც სახლში დაბრუნდა, ბაბუა მას გაუწყრა, ვინაიდან გაფრთხილებული იყო, რომ საღამოს საათებში გარეთ გასვლას მორიდებოდა, ამაზე განაწყენებულმა მა------ა კი დარეკა 112-ში, მაგრამ რეალურად ბაბუას მისთვის არ დაურტყამს. მას უნდოდა ბაბუაზე საყვედურის და სიმკაცრის გამო შური ეძია და სწორედ ამის გამო დარეკა 112-ში.
მოწმე თე------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი და მა-----ი სახლიდან გავიდა და უკვე საღამო ხანი იყო, რომ სახლში არ იყო დაბრუნებული, ამაზე ბაბუამ ვა---–---------მა მას უთხრა, რომ გასულიყო და მოეძებნა მა-----ი, ვინაიდან ბაბუის მიერ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ საღამოს საათებში გარეთ არ გასულიყვნენ. თე----მ მა-----ი სახლში როდესაც მოიყვანა, ბაბუამ ხმამაღალი სიტყვით უთხრა შენიშვნა, მაგრამ მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მხოლოდ ხმამაღალი შენიშვნა, გაფრთხილება მისცა, რომ მეორედ ეგრე აღარ გაეკეთებინა. იგი არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ ბაბუას მისი დისთვის ხელი დაერყა ან რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.
მოწმე მა----- ჯა----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სა-–---------ეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში და არის სოციალური მუშაკი. მა----- და თე------------ეები ოჯახში მომხდარი კონფლიქტი გამო არიან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაყვანილები 2018 წლის 30 მაისიდან და შემდეგ უკვე რეგულარულ მინდობით აღზრდაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის დროს იგი იყო არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენელი იყო.
ბრალდებულის ვა---–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ. ცხოვრობს ახ--––--ის რაიონის სოფელ ფე---აში, მისი შვილი თა-----------რი თუ------–ი არის წასული სამუშაოდ, ხოლო შვილიშვილები 8-9 წლის განმავლობაში მასთან იზრდებოდნენ. როდესაც მისი მეუღლე მთაში იყო წასული საქონლის მოსავლელად ბავშვებს თავად უვლიდა. ამ პერიოდის მანძილზე მას მიაჩნდა, რომ ბავშვები არასწორედ იქცეოდნენ, ღამე გარეთ გადიოდნენ, სახლში გვიან ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს მა-----ი მაღაზიაში გააგზავნა, ხოლო მა------ა 3-4 საათი დააგვიანა, რაზეც მოგვიანებით მისი და თე------------ე წავიდა მის მოსაძებნად. დაბრუნებისას ვა---–---------მა მა-----ს ხელი დაადო მხარზე და საყვედური უთხრა, დაგვიანების გამო. ვინაიდან გოგოები იყვნენ გარდატეხის ასაკში, ბაბუა ცდილობდა, რომ ისინი სახლიდან გვიან არსად გაეშვა. როცა აგვიანებდნენ სახლში დაბრუნებას ბაბუა ვა---–---------ი მათ შენიშვნას აძლევდა.
2018 წლის 31 მაისის N4--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მა--------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ვა---–---------ის მიერ მა-------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დავ-----------–---–მა, თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს ახ--––--ის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე მის მიერ პირადად შემოწმებულ იქნა 2--- წელს დაბადებული ახ--––--ის რაიონის სოფელ ფე---აში მცხოვრები მა--------------, როგორც საქმის გარემოებაში მითითებულია, 2018 წლის მაისის თვეში ახ--––--ის რაიონის სოფელ ფე---აში მცხოვრებ მა--------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა პაპამ ვა---–---------მა თავის საცხოვრებელ სახლის ეზოში. დავ-----------–---–ის მიერ შემოწმებულ იქნა პირადად პირადი დასკვნის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ მოქალაქეს ჩივილები არ ჰქონდა. ობიექტური გასინჯვით სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დასკვნის მიხედვით მოქალაქე მა--------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. სუბიექტური მონაცემებით მას არაფერი არ აწუხებდა.
მოწმე ალ-------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის მაისი თვის ბოლოს შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში შევიდა მა-------------ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბაბუა აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას, რაზეც დაწყებულ იქნა გამოძიება. გამოძიების ფარგლებში მის მიერ სოციალური მუშაკის მონაწილეობით დაკითხულ იქნა არასრულწლოვანი მოწმე მა--------------, მისი და თე------------ე, ასევე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძახებული იქნა ვა---–---------ი, რომლისგანაც მიიღეს მისივე ჩვენება მისივე თანხმობით.
მოწმე თა------------------ა განმარტა, რომ მუშაობს შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში და დაადასტურა მის მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მა-------------- ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ვა---–---------ი, დაბადებული 2---------წ ცნობილი იქნა ბრალდებულად. სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 50 დღე,ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ვა---–---------ი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ვა---–---------მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილიშვილის მა-------------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილიშვილის თე------------ის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რაც დაზარალებულისათვის იწვევდა ფიზიკურ ტკივილს. თავად დაზარალებულმა განმარტა, რომ ბაბუას მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, უბრალოდ ხმამაღალი ტონით მიცემულმა შენიშვნის გამო გაბრაზდა და დარეკა 112-ში, ასევე თე------------ემ განმარტა, რომ ის და მისი და მა-------------- იმყოფებოდნენ ერთად, როდესაც ბაბუამ ვა---–---------მა დაგვიანების გამო უსაყვედურა მის დას, რომელიც აღელდა და გავიდა მეორე ოთახში, ბაბუის მხრიდან არანაირ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის შესაძლო დანაშაული, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, მაგრამ ამ გარემოების მიუხედავად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის კანონისმიერ ვალდებულებას, რომ პირს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ და ამტკიცებენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს გამოკითხვის დროს მისცა ინფორმაცია კონკრეტული შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების შესაძლო არსებობის შესახებ. დაცვის მხარემ სადავო გახადა ეს ინფორმაცია. ბრალდების მხარეს წარმოეშვა მოწმის სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულება, რათა მას სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ დაედასტურებინა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. კანონმდებელი ადგენს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, მოწმის ჩვენება პირდაპირი მტკიცებულებაა თუ იგი არ ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და სასამართლოს გადმოსცემს ინფორმაციას იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც პირადად მას შეემთხვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით არ დაადასტურა ვა---–---------ის მიერ მასზე შესაძლო ძალადობა. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ბრალდებულის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. მოწმე მა----- ჯა----–---–ს შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვთ მა-------------ისგან, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო რაიმე სახის ძალადობა ბაბუის მხრიდან. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა პირდაპირი მტკიცებულებების გამოკვლევით გადაამოწმოს ირიბი ჩვენებების სისწორე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ წარმოდგენილი დანაშაულის ფაქტის არსებობის დასადგენად საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედებოდა, ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი - პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დგინდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას ვა---–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს სასამართლოს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვა---–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ვა---–---------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა---–---------ი (პ/ნ4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქ/პ წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვა---–---------ის (პ/ნ4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს;
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე