გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე მ----- ჰო------ი
წარმომადგენელი ომ-------------–-–---–-
მოპასუხე და----–-------------შ
წარმომადგენელი სე---–-----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. და----–-------------შს, მ----- ჰო------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 135 910 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 95 590 აშშ დოლარი, სარგებელია - 10 320 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლოა - 30 000 აშშ დოლარი.
სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის თბილისში 2018 წლის 17 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორმა გადასცა, ხოლო მოვალემ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის სრულად. მოპასუხემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მ----- ჰო------ი მოითხოვს გადაცემული თანხის დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, სადავოდ მიიჩნია მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და თანხის გადაცემის ფაქტი. მისი განმარტებით ასევე დაუდგენელია ხელშეკრულების დადების ადგილი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. მოპასუხეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ გამოკვეთილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 17 ივნისს მ----- ჰო------ს (გამსესხებელი) და და----–-------------შს (მსესხებელი) შორის გაფორმდა გარიგება და მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 95 590 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 10320 აშშ დოლარით.
მსესხებელს სრული თანხა სარგებელთან ერთად უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 19 აგვისტომდე.
წინამდებარე ხელშეკრულებაში მხარეებმა განსაზღვრეს თანხის დაბრუნების გრაფიკიც რომლის მიხედვით, მსესხებელი გამსესხებელს დაუბრუნებს: 1) 26 477 აშშ დოლარს 2018 წლის 8 ივლისამდე ნაღდი ანგარიშსწორებით ანდა ჩარიცხავს მ----- ჰო------ის ირანში არსებულ რიალის ანგარიშზე, რომლის დამტკიცება მოხდება „ვოთს აპპ“-ში მიწერილ ანგარიშზე; 2) 26 477 აშშ დოლარს 2018 წლის 22 ივლისამდე ნაღდი ანგარიშსწორებით ანდა ჩარიცხავს მ----- ჰო------ის ირანში არსებულ რიალის ანგარიშზე, რომლის დამტკიცება მოხდება „ვოთს აპპ“-ში მიწერილ ანგარიშზე; 3) 26 477 აშშ დოლარს 2018 წლის 5 აგვისტომდე ნაღდი ანგარიშსწორებით ანდა ჩარიცხავს მ----- ჰო------ის ირანში არსებულ რიალის ანგარიშზე, რომლის დამტკიცება მოხდება „ვოთს აპპ“-ში მიწერილ ანგარიშზე; 4) 26 477 აშშ დოლარს 2018 წლის 19 აგვისტომდე ნაღდი ანგარიშსწორებით ანდა ჩარიცხავს მ----- ჰო------ის ირანში არსებულ რიალის ანგარიშზე.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საინვესტიციო ხელშეკრულება (ს.ფ 20-21)
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.
კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ და----–-------------შს მოსარჩელესთან არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია, მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შესაბამისად სესხის თანხაც არ მიუღია.
საქმეში დაცული 2018 წლის 18 ივლისს შედგენილი მინდობილობის შინაარსიდან ირკვევა, რომ „საკუთრების მიმნდობი“ მ----- ჰო------ი „მინდობილ მესაკუთრეს“ და----–-------------შს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებს, მათ შორის მას უფლება აქვს მართოს და განკარგოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, დააგირავოს, გაცვალოს, გააჩუქოს და ა.შ „საკუთრების მიმნდობის“ სახელზე არსებული სატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი T-------------”, გამოშვების წელი - 2005, სარეგისტრაციო ნომერი - V-------
დასახელებული ფაქტი, სასამართლოს უქმნის რწმენას იმ საკითხთან მიმართებით, რომ მხარეები უდავოდ იცნობენ ერთმანეთს და გააჩნიათ გარკვეული საქმიანი თუ სამართლებრივი ურთიერთობანიც.
ამავდროულად, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ განუმარტა თუ რატომ არის ასახული საქმეში წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებაში (საინვესტიციო ხელშეკრულება) და----–-------------შის რეკვიზიტები.
წერილობითი სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა განმარტებას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასესხო ურთიერთობები წარმოქმნილია სწორედ საქმეში მონაწილე მ----- ჰო------სა და და----–-------------შს შორის.
სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი შედის მსესხებლის მტკიცების საგანში.
მოცემულ შემთხვევაში და----–-------------ში საერთოდ უარყოფს მ----- ჰო------თან სასესხო ურთიერთობის წარმოქმნის ფაქტს, მოპასუხე მხარეს სასესხო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და დადგენილია, რომ მსესხებელს მ----- ჰო------ისთვის თანხა არ დაუბრუნებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინვესტიციო ხელშეკრულება (ს.ფ 20-21)
- მხარეთა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
- 2018 წლის 18 ივლისის მინდობილობა (ს.ფ 28-30)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ჰო------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პრიველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.
საქმის ირგვლივ გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად მხარეებს შორის არსებობს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, 2018 წლის 17 ივნისს მ----- ფო------ს (გამსესხებელი) და და----–-------------შს (მსესხებელი) შორის გაფორმდა გარიგება და მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 95 590 აშშ დოლარი, სარგებელი შეადგენდა 10320 აშშ დოლარს. წინამდებარე ხელშეკრულებაში მხარეებმა განსაზღვრეს თანხის დაბრუნების ინდივიდუალური გრაფიკიც.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და----–-------------შმა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ----- ჰო------ი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი ნაწილის ანაზღაურება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 95 590 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ფაქტი. აქედან გამომდინარე, სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხზე დარიცხული პროცენტის - 10 320 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მხარეთა შორის 2018 წლის 17 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია და იგი შეადგენს 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი დადგენილია და წარმოქმნილია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
მ----- ჰო------ი პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს 30000 აშშ დოლარის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 30000 აშშ დოლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 100-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს - 300 აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟი - 2394.2 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- ჰო------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. და----–-------------შს, მ----- ფო------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 106 210 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 95 590 აშშ დოლარი, სარგებელია - 10 320 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლოა - 300 აშშ დოლარი.
1.2 მ----- ჰო------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 29 700 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მ----- ჰო------ის დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 21/12/2018 წელს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარის ნაწილი 50 ლარი.
3. და----–-------------შს, მ----- ფო------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2394.2 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე