გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
110210019002850117
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 11-21-019002850117

2/69 -2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 მარტი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _მ-------- მ-------------

მოპასუხე _ თ----- მ-------------

წარმომადგენელი -მ------ ა--------;

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე თ----- მ------------- მოსარჩელის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 7------------- დაბადებული ლ----- მ------------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს 300 ლარი გადახდა, სარჩელის აღძვრის დროიდან.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი ლ----- მ------------- მოპასუხე წლების განმვალობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ ის ზრუნავდა შვილზე. ამჟამად მხარეები განქორწინებულები არიან, შვილი მასთან ცხოვრობს და თ----- მ------------ არ ზრუნავს შვილის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. ლ-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ხშირად ცივდება, ემართება ფილტვების ანთება და ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მხოლოდ თვითონ ანაზღაურებს. თ----- მ------------- აქვს კერძო ბიზნესი, აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და სრულიად თავისუფლად შეუძლია გადაუხადოს შვილს, თვეში ალიმენტის თანხა 300 ლარის ოდენობოთ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ.ზესტაფონში, კ----–---- ქ N1--–- მას აქვს საკუთარი ბინა, სადაც ცხოვრობს შვილთან და განქორწინებულ მეუღლესთან ერთად, ვინაიდან ყოფილ მეუღეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და ამიტომ აძლევს უფლებას იცხოვროს მის სახლში. შვილს მთლიანად თავად არჩენს. უზრუნველყოფს საკვებით, ჩასაცმლით და სასკოლო ნივთებით. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის თანხის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თ----- მ------------ და მ-------- ვ------–--- 2001 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2011 წლის 18 ნოემბრიდან - რეგისტრირებულ ქორწინებაში და ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა ქმრის გვარი- მ-------------

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და ქორწინების მოწმობას.

 

3.2. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 7-------------, მათ შეეძინათ შვილი- ლ------------------- რომელიც ამჟამად არის 16 წლის.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ-------- მ------------ და თ----- მ------------ განქორწინდნენ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

 

3.4. არასრუწლოვანი ლ----- მ------------ ცხოვრობს მამის თ----- მ------------- კუთვნილ ბინაში- ქ.ზესტაფონი, კ----–---- ქუჩა N1- მამასთან ერთად. ყოფილ მეუღლესთან და შვილთან ერთად ამავე ბინაში ცხოვრობს მ-------- მ--------–---–.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეების ახსნა-განმარტებებს, ლ------------------- განმარტებას.

 

3.5. 2018 წლის ბოლო 3 თვე-ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი ლ----- მ------------ მამასთან ერთად დროებით ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო მოსარჩელე მ-------- მ------------ მარტო ცხოვრობდა თ. მ------------- კუთვნილ ბინაში.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ლ------------------- განმარტებას.

 

3.6. ლ----- მ------------ სწავლობს საჯარო სკოლის მე-1- კლასში, მისი აკედემიური მოსწრება კარგია. მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მასზე მამა ზრუნავს, მთლიანად უზრუნველყოფს შვილს საკვებით, ტანსაცმლით, სასკოლო ნივთებით, ტელეფონზე სასაუბრო თანხით. მამა თითქმის ყველაფერს ყიდულობს მისთვის, რაც მას სურს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ლ------------------- განმარტებას.

 

3.7. ლ------------------- როდესაც ავად არის მისი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად მამა იღებს. გასულ წელს, ზაფხულში გახდა ავად, მამა არ იმყოფებოდა საქართველოში, ბავშვის მკურნალობის თანხა დედამ ისესხა ნათესავისაგან, რომელიც მოგვიანებით თ----- მა------–--ემ გაისტუმრა.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ლ------------------- განმარტებას.

 

3.8.მ-------- მ------------ პერიოდულად მუშაობს საბანკეტო დარბაზში და მისი თვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით - 200 ლარს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ-------- მ------------ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

მოცემულ შემთხვევაში მ-------- მა------–--ე ითხოვს, მოპასუხე თ----- მ------------- მოსარჩელის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 7------------- დაბადებული ლ----- მ------------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს 300 ლარი გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი ნიშნავს სარჩოს,რომელიც ვალდებულმა პირმა უნდა გადაუხადოს მისი მოთხოვნის უფლების მქონე პირს. ეს ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქორწინებაში ერთმანეთთან. მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ შვილები სრულწლოვნობამდე. სრულწლოვნობას მიღწეული შვილები კარგავენ მშობლებისგან სარჩოს მიღების უფლებას. თუ მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების, ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში. მშობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ალიმენტი თავის და არა შვილის სასარგებლოდ. საალიმენტო ვალდებულება წარმოიშობა შვილსა და ცალკე მცხოვრებ მშობელს შორის. შვილთან მცხოვრები მშობელი მხოლოდ მისი წარმომადგენელია და მისი ინტერესების დასაცავად წარადგენს სარჩელს.

საქმის გარემოებებით კი დადგენილია, რომ ლ----- მ------------ ცხოვრობს მამასთან, რომელთანაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მასზე მამა ზრუნავს, მთლიანად უზრუნველყოფს შვილს საკვებით, ტანსაცმლით, სასკოლო ნივთებით, ტელეფონზე სასაუბრო თანხით და ყველაფერს ყიდულობს მისთვის, რაც მას სურს.

 

ლ------------------- განმარტებით, მამა მას არამარტო მატერიალურად უზრუნველყოფს, არამედ ისინი მეგობრებიც არიან, იცის მისი სურვილები, მისწრაფებები და ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

 

ამდენად, მ-------- მ-------------, თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის მოთხოვნის არავითარი კანონიერ საფუძველი არ აქვს, ვინაიდან თ----- მ------------ შვილთან ერთად ცხოვრობს და მშობლის უფლება-მოვალეობას ჯეროვნად ასრულს, როგორც სამართლებრივი (კანონისმიერი), ასევე სულიერი და მორალური თვალსაზრისითაც.

 

დასაბუთებისათვის, სასამართლო მითითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგ ნომრებს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდამ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე თ----- მა------–--ე არ ზრუნავს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში, მ-------- მ------------ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------- მ------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე