გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7376-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ი-----–- ხ----------
წარმომადგენელი - მ-----მ გ-------–---–-
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
წარმომადგენლები - გ---–---------–----ძე, გ--------------------ე, ს----------–---ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილი, რომლითაც უარი ეთქვა ი-----–- ხ-------ანს გასაცნობად გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემაზე.
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს ი-----–- ხ----------ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის - ფ-----ი №----ის ანაწერი №--ის და ფ-----ი №5---ის ანაწერების გასაცნობად გადაცემა 1944 წლიდან. (იხ. 07.02.2019წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–- ხ-------ანმა საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევრის ანკეტა შეავსო. ანკეტის თანახმად, სამუშაო თემას წარმოადგენდა „საქართველოს სსრ სოციალური და პოლიტიკური პროცესები 1921-1991“, ხოლო ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტთან დაშვებას მკვლევარი საჭიროებდა პუბლიკაციებისა და სხვადასხვა კვლევითი პროდუქტებისათვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მკვლევრის ანკეტა (ს.ფ. 50).
3.1.2. 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–- ხ-------ანმა უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში მოითხოვა საქართველოს პროკურატურის ერთი ანაწერი (ფ. 4--, ან. 4, 1932-1967 წლები, სულ 11913 საქმე) და საქართველოს (სსრ) უზენაესი სასამართლოს (ფ. 5-- ან, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9) ყველა ანაწერი, რაზეც დარბაზზე პასუხისმგებელმა პირმა სიტყვიერად უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ ანაწერებით შესაძლებელი იყო პიროვნების იდენტიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 31 ოქტომბრის №1----- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–- ხ-------ანმა №1----- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და ფ-----ი №----ის ანაწერი №--ის და ფ-----ი №5---ის ანაწერების გაცნობა მოითხოვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 25 ოქტომბრის №1----- განცხადება (ს.ფ. 38-39).
3.1.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილით ი-----–- ხ-------ანს №1----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ფ-----ის №--- ანაწერი №- (საქართველოს სსრ პროკურატურა) და ფ-----ის №5-- ანაწერების (საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლო - სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები) უმეტესი ნაწილი შეიცავდა ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, მამის სახელი; ფ-----ის №5-- ანაწერები აგრეთვე შეიცავდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს), რომლითაც შესაძლებელია ფიზიკური პირების იდენტიფიცირება. შესაბამისად, მათზე დაშვება შეზღუდულია პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაშტრიხვის გარეშე.
ამავე წერილით სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ეროვნულ არქივს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია ი-----–- ხ----------ს მიერ მოთხოვნილ ანაწერებში მოხსენიებულ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილი (ს.ფ. 51).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- ხ----------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფ-----ისა და ეროვნული არქივის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №169 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის სამართლიანი სასამართლოს (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №169 ბრძანებით დამტკიცებულ „ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტის პირის გასხვისების წესსა და პირობებს“, რომელიც ადგენს ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტის (შემდგომში - დოკუმენტი) მუდმივად და განსაზღვრული ვადით შენახვაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ დოკუმენტის პირის გასხვისების საფუძველს, ფორმას, დოკუმენტის გასხვისებაზე უარის საფუძვლებს, გასხვისების ვადასა და საფასურს. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დოკუმენტის პირის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს მოცემული დავის ფარგლებში.
6.3. „ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი დაწესებულებას მიმართავს წერილობითი განცხადებით დოკუმენტის პირის გასხვისების თაობაზე.
ამავე წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, დაწესებულებას შეუძლია დოკუმენტის პირი გაასხვისოს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის გასხვისებაზე უარის საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ი-----–- ხ-------ანმა №1----- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და ფ-----ი №----ის ანაწერი №--ის და ფ-----ი №5---ის ანაწერების გაცნობა მოითხოვა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილით ი-----–- ხ-------ანს №1----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ფ-----ის №--- ანაწერი №- (საქართველოს სსრ პროკურატურა) და ფ-----ის №5-- ანაწერების (საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლო - სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები) უმეტესი ნაწილი შეიცავდა ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, მამის სახელი; ფ-----ის №5-- ანაწერები აგრეთვე შეიცავდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს), რომლითაც შესაძლებელია ფიზიკური პირების იდენტიფიცირება. შესაბამისად, მათზე დაშვება შეზღუდულია პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაშტრიხვის გარეშე.
ამავე წერილით სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ეროვნულ არქივს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია ი-----–- ხ----------ს მიერ მოთხოვნილ ანაწერებში მოხსენიებულ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების შესახებ.
6.4. სასამართლო მოიხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ - მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის პერსონალურ მონაცემად კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იდენტიფიკაციის საკითხს, იდენტობის დადგენას. პირის მონაცემი მისი იდენტობის მაჩვენებელია, მონაცემი დაცვას ექვემდებარება უკეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. პერსონალური მონაცემების მეშვეობით იდენტიფიკაციის დროს ხდება არა ადამიანის და მის შესახებ ინფორმაციის გაიგივება, არამედ ინფორმაციის მეშვეობით ადამიანის იდენტიფიკაცია, ანუ ინფორმაციული მონაცემების მეშვეობით მრავალი სუბიექტიდან იმ სუბიექტის გამორჩევა, რომელსაც განეკუთვნება (შეესაბამება) ეს ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ი-----–- ხ----------ს მიერ მოთხოვნილი ფ-----ი №----ის ანაწერი №- შეიცავს საქართველოს სსრ პროკურატურის მასალებს და მასში მითითებულია იმ პირთა მონაცემები, რომელთა მიმართაც წარმოებდა საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ფ-----ი №5---ის ანაწერები მოიცავს ინფორმაციას საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, კერძოდ, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები ჩადენილი დანაშაულის სახის მითითებით.
„ეროვნული საარქივო ფ-----ის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
„ეროვნული საარქივო ფ-----ისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ უფლება მონაცემთა დაცვაზე არ არის აბსოლუტური და სხვა უფლებებთან მიმართებაში კანონმდებელი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვაზე საგამონაკლისო შემთხვევებს. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობა წარმოადგენს. ამდენად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კვლევითი მიზნებისათვის შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნება, გარდაცვალების ფაქტი კი შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ი-----–- ხ-------ანს ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია იმ ფიზიკური პირების გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებასაც ითხოვდა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ი-----–- ხ----------ს მიერ მოთხოვნილი, პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტების გაცნობის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ ეროვნული არქივის მიერ ფ-----ი №----ის ანაწერი №--ში და №5---ის ანაწერებში მითითებულ პირთა გარდაცვალების ფაქტის დადგენა დაახლოებით 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) პირადი საქმის დამუშავებას საჭიროებს (იხ. 07.02.2018წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი), ხოლო მოსარჩელის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული აღნიშნული მოცულობით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მონაცემების დამუშავების ვალდებულება, ასევე აუცილებლობა.
ამასთან, სასამართლო მოიხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტს, რომლითაც კანონმდებელი განმარტავს ტერმინს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი“, კერძოდ, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
სასამართლო ასევე მიუთითებს „ეროვნული საარქივო ფ-----ისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, შეზღუდულია დაშვება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან - მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან ი-----–- ხ----------ს მიერ გასაცნობად მოთხოვნილი დოკუმენტაციის შინაარსის (სსრ პროკურატურის მასალები; ინფორმაცია საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე) გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები შეიცავდა კონკრეტული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 07 ნოემბრის №0--/1----- წერილი კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები. ამდენად, მოპასუხის უარი, მოთხოვილი ინფორმაციის მოთხოვილი სახით გაცნობის დავალების შესახებ, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამისად, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ხ----------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–- ხ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია