გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6821-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ნ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მოპასუხე - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
წარმომადგენლები - გ-------–----------ე, მ---------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება - სხდომის ოქმი №- - ნ-------------–---–ის პროექტის უარყოფის ნაწილში;
1.2. დაევალოს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის მეშვეობით, უზრუნველყოს კომისიაზე ნ-------------–---–ის უშუალო მონაწილეობით „თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“ ნ-------------–---–ის პროექტის საფუძვლიანი განხილვა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. 21.12.2018წ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადდა 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (შემდგომში - კონკურსი); ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი №--ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საპროექტო განაცხადის კონცეფციის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; დამტკიცდა გამოგონების გახსნის ფორმა ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად; დამტკიცდა კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ფორმა ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საპროექტო წინადადების ფორმა ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის განხორციელების ბიუჯეტის და ბიუჯეტის დასაბუთების ფორმა ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად; დამტკიცდა თანადაფინანსების შესახებ ცნობის ფორმა ამ ბრძანების დანართი №-0-ის შესაბამისად; დამტკიცდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ თანხმობის წერილის ფორმა ამ ბრძანების დანართი №-1-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა ამ ბრძანების დანართი №-2-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია ამ ბრძანების დანართი №-4-ის შესაბამისად.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის №-03, 2018 წლის 09 ოქტომბრის №-36 და 2018 წლის 11 ოქტომბრის №-47 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №-59 ბრძანებებით ცვლილებები შევიდა „2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებაში და ბრძანების დანართი ერთით დამტკიცებულ კონკურსის პირობებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 117-157);
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის №-03 ბრძანება (ს.ფ. 158);
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 09 ოქტომბრის №-36 ბრძანება (ს.ფ. 162);
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 11 ოქტომბრის №-47 ბრძანება (ს.ფ. 163);
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 26 ოქტომბრის №-59 ბრძანება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 164-171).
3.1.2. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №-34 ბრძანებით შეიქმნა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისია. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ კომისია აფასებს „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციას „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების დანართი №2 პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №-34 ბრძანება (ს.ფ. 173).
3.1.3. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში, ნ-------------–---–ის (პროექტის ხელმძღვანელი) მიერ წარდგენილ იქნა საპროექტო განაცხადის კონცეფცია და კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის შესახებ განცხადება, რომლის თანახმად, პროექტის სახელწოდებაა „თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“. აღნიშნულ პროექტს მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი - AR18-1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საპროექტო განაცხადის კონცეფცია (ს.ფ. 180-182);
- საკონკურსო განაცხადი (სარეგისტრაციო შიფრი - AR18-1--) (ს.ფ. 183).
3.1.4. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-) ნ-------------–---–ის პროექტის კონცეფციამ, სახელწოდებით „თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“ (სარეგისტრაციო შიფრი - AR18-1--), შეფასების ორივე კრიტერიუმში (1. მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი.) უარყოფითი შეფასება („არა“) მიიღო. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არის კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი, არ განეკუთვნება გამოყენებითი კვლევების კატეგორიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 184-185).
3.1.5. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 2018 წლის 17 სექტემბრის №3--/10 (AR18-1--) წინასწარი ძიების ანგარიშის თანახმად, ნ-------------–---–ის პროექტის ობიექტზე (დასახელება „საცეცხლე მოწყობილობა“) 2016 წლის 21 სექტემბერს წარდგენილი იყო განაცხადი გამოგონებაზე პატენტის მისაღებად, რომელზეც ჩატარდა კვლევა ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის და მიღებული შედეგების ანალიზი, რომელთა საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა საქართველოს პატენტი GE P 2018 6---. ამავე დასკვნის შესაბამისად, განაცხადის წარდგენის თარიღამდე ცნობილ დოკუმენტებში აღწერილი მოწყობილობები არ მოიცავდნენ კონსტრუქციული თუ არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას რითაც გამოხატული იყო მოცემული გამოგონების ობიექტი გამოგონების ფორმულაში გადმოცემული ნიშნების ერთობლიობით, შესაბამისად, ისინი ვერ უკარგავენ მას სიახლეს და საგამომგონებლო დონეს და აქედან გამომდინარე განსაზღვრავენ ტექნიკის ზოგად დონეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 2018 წლის 17 სექტემბრის №3--/10 (AR18-1--) წინასწარი ძიების ანგარიში (ს.ფ. 193-194);
- 2016 წლის 21 სექტემბრის P 6--- პატენტი (ს.ფ. 83).
3.1.6. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MES 1------------ წერილით ნ-------------–---–ს ეცნობა, რომ „კომისია შეფასებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის კონცეფციის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MES 1------------ წერილი (ს.ფ. 196).
3.1.7. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 21 დეკემბრის №MES 2------------ წერილით ნ-------------–---–ს ეცნობა, რომ ფონდს არ მოეპოვება ინფორმაცია კონკურსში მონაწილე პროექტი ფლობს თუ არა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს. ამავე წერილის თანახმად, კონკურსის პროგრამისა და პირობების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპისათვის პროექტის ხელმძღვანელს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უნდა გაეკეთებინა წინასწარი ძიების განაცხადი საქპატენტში, რათა შეფასებულიყო პროექტით გათვალისწინებული კვლევის კონცეფციის საგამომგონებლო დონე და პატენტუნარიანობა, რაც აისახა კონკურსის პირველი ეტაპის შეფასებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 21 დეკემბრის №MES 2------------ წერილი (ს.ფ. 230).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62 ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულება „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდის მიზანია საქართველოში მეცნიერებისა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საგრანტო და მინისტრის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით, აგრეთვე ბილატერალური საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით. ამავე წესდების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი მიზნების მისაღწევად ფონდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას.
სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას „გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში - პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში - გრანტი) მიზანია ხელი შეუწყოს ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას.
მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კომისიისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადდა 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (შემდგომში - კონკურსი); ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი №--ის შესაბამისად.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №-34 ბრძანებით შეიქმნა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისია. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ კომისია აფასებს „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციას „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების დანართი №2 პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
„გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის თანახმად, კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის ფონდში წარდგენა; გ) კომისიის მიერ ფონდში წარდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასება; დ) კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეული პროექტის კონცეფციების ავტორთა მიერ სრული პროექტების წარდგენა ფონდში; ე) მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; ვ) კონკურსის მე-3 ეტაპზე გადასული პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე და გამარჯვებულების გამოვლენა; ზ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიების დამტკიცება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მითითებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად: ა) პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება კომისიის მიერ, რომელიც შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან; კომისია შეფასებას ახორციელებს ამ დადგენილების დანართ №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში, ნ-------------–---–ის (პროექტის ხელმძღვანელი) მიერ წარდგენილ იქნა საპროექტო განაცხადის კონცეფცია და კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის შესახებ განცხადება, რომლის თანახმად, პროექტის სახელწოდებაა „თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“. აღნიშნულ პროექტს მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი - AR18-1--.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-) ნ-------------–---–ის პროექტის კონცეფციამ, სახელწოდებით „თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“ (სარეგისტრაციო შიფრი - AR18-1--), შეფასების ორივე კრიტერიუმში (1. მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი.) უარყოფითი შეფასება („არა“) მიიღო. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არის კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი, არ განეკუთვნება გამოყენებითი კვლევების კატეგორიას.
6.3. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების“ (დანართი №-) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს: ა) პირველი ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა; ბ) მეორე ეტაპი - პროექტის წარდგენა; გ) მესამე ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია კომისიის წინაშე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველ ეტაპზე მონაწილეობისათვის საჭიროა: ა) პროექტის ხელმძღვანელმა კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე ar@rustaveli.org.ge გამოაგზავნოს საპროექტო განაცხადის კონცეფცია (დანართი 2), რომელსაც მიენიჭება შიფრი; ბ) წინასწარი ძიების განაცხადის შევსება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ელექტრონულ სისტემაში (ბმული: ) გამოგონების გახსნის ფორმა (დანართი 3); გ) ფონდის კანცელარიაში წარმოადგინოს განცხადება საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ შიფრის მითითებით (დანართი 4).
„გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საგრანტო პროექტები შეფასდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების მე-9 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესებითა და ამავე დადგენილების დანართ 2-ით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებას (სხდომის ოქმი №-) ნ-------------–---–ის პროექტის უარყოფის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ნ-------------–---–ის პროექტის ობიექტზე (დასახელება „საცეცხლე მოწყობილობა“) 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემულია საქართველოს პატენტი (GE P 2018 6---), რაც ადასტურებს საკონკურსო კომისიისთვის წარდგენილი პროექტის კონცეფციის პატენტუნარიანობას, ინოვაციურობას და კომერციალიზაციის პოტენციალს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პროექტების შეფასების პირველ ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მიერ მისი პროექტის კონცეფციის შეფასება „საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების“ შესაბამისად არ განხორციელებულა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც კანონმდებელი განმარტავს დისკრეციული უფლებამოსილების ცნებას, კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანია თითოეულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და არა ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის დაშვება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები. ერთი მხრივ, დაცული უნდა იქნეს იმ ნორმის ფარგლები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ დაცული უნდა იქნეს ზოგადად კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №-) ნ-------------–---–ის პროექტის უარყოფის ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო მოიხმობს „გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლს, რომელითაც დადგენილია კონკურსის ძირითადი მოთხოვნები. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა პროექტის განხორციელების შედეგად პროტოტიპის, ნიმუშის, პროგრამული უზრუნველყოფის (software) ან ტექნოლოგიის შექმნა. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციისა და ა. შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა პროექტი შეფასდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით და მხოლოდ დადებითი პერსპექტივის მქონე პროექტები გადავა შეფასების მეორე ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ 2018 წლის 17 სექტემბრის №3--/10 (AR18-1--) წინასწარი ძიების ანგარიშით ირკვევა, ნ-------------–---–ის პროექტის ობიექტზე (დასახელება „საცეცხლე მოწყობილობა“) ჩატარდა კვლევა ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის და მიღებული შედეგების ანალიზი, რომელთა საფუძველზე გაიცა საქართველოს პატენტი GE P 2018 6---, რაც ასევე წარმოდგენილია მოსარჩელე მხარის მიერ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული ანგარიშის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, „განაცხადის წარდგენის თარიღამდე ცნობილ დოკუმენტებში აღწერილი მოწყობილობები არ მოიცავდნენ კონსტრუქციული თუ არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას რითაც გამოხატული იყო მოცემული გამოგონების ობიექტი გამოგონების ფორმულაში გადმოცემული ნიშნების ერთობლიობით, შესაბამისად, ისინი ვერ უკარგავენ მას სიახლეს და საგამომგონებლო დონეს და აქედან გამომდინარე განსაზღვრავენ ტექნიკის ზოგად დონეს“.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს კანონს „საქართველოს საპატენტო კანონი“, რომელიც აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, პატენტი არის ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-6 პუნქტებით კანონმდებელი ადგენს გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს, კერძოდ, გამოგონება პატენტუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას; გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით; გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის პრიორიტეტის თარიღისთვის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან; გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში გამოყენება; ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით; სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულის გარდა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის სიახლეც დგინდება, და ისინი გამოქვეყნდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კანონის „საქართველოს საპატენტო კანონი“ 32-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას. ამავე კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა. განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენისას არსობრივად მოწმდება გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და გამოგონების ერთიანობა, ასევე დარღვეულია თუ არა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები. ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან, საქპატენტი ექსპერტის წინადადების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე, რის საფუძველზედაც საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკონკურსო კომისიის მიერ პროექტის შეფასება ხორციელდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ნ-------------–---–ის მიერ წარდგენილ პროექტს მიღებული ჰქონდა პატენტი, რაც მიუთითებს გამოგონების სიახლეზე, საგამომგონებლო დონეზე და სამრეწველო გამოყენებადობაზე და ამასთან, კომისიისთვის ცნობილი იყო „საქპატენტის“ 2018 წლის 17 სექტემბრის №3--/10 (AR18-1--) წინასწარი ძიების ანგარიშის შინაარსი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა გარემოება და პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასების თითოეული კრიტერიუმი თვისებრივად არ შეფასებულა. შესაბამისად, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა საქმის ხელახალი განხილვისას ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით და კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა განახორციელოს ნ-------------–---–ის საგრანტო პროექტის („თბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“) შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება - სხდომის ოქმი №- - ნ-------------–---–ის პროექტის უარყოფის ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 3---ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება - სხდომის ოქმი №- - ნ-------------–---–ის პროექტის უარყოფის ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. მოპასუხე სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს დაეკისროს მოსარჩელე ნ-------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია