გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210018002766094
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36289-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „სტ-------–----ი“

წარმომადგენლები ხა------------–---–----------------------–ი

მოპასუხე შპს „დ-----ი“ კა------ გრ----–-–---–ი

წარმომადგენელი ზა-----------ე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შპს „დ-----ს“ და კა------ გრ----–-–---–ს შპს „სტ-------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი - 8745.9 ლარი.

 

სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 13 მარტს შპს „სტ-------–----ს“ და შპს „დ-----ს“ შორის გაფორმდა მომსახურების და იპოთეკის ხელშეკრულებები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მიაწვდიდა საბურავებს მოპასუხე მხარეს, ხოლო მოპასუხემ თავის მხრივ აიღო საფასურის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. იმავე დღეს შპს „დ-----ის“ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კა------ გრ----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

მომსახურების ხელშეკრულება იყო სამ თვიანი და უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 13 ივნისის ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა ზიანის ანაზღაურება. იპოთეკის ხელშეკრულებით კი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

 

მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელემ 2015 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება. თუმცა კა------ გრ----–-–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და წარმოება შეაჩერა სასამართლო განჩინების საფუძველზე. მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბურავების შემოტანას აწარმოებს უცხოეთიდან და ანგარიშსწორებას ახორციელებს უცხოურ ვალუტაში. 2015 წლის ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე გაზრდიდა შემოსავლებს, თუმცა ნაცვლად მოგებისა მან განიცადა მატერიალური ზიანი.

 

აუდიტორული დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულების ნაწილის (18 085 ლარი) გადაუხდელობით ფულადი ინფლაციით გამოწვეულმა სხვაობამ (ზარალმა) შეადგინა 8745.9 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ერთობლივად წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათ ასევე მიუთითეს სარჩელის ხანდაზმულობაზეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 მარტს „სტ-------–----ს“ (მიმწოდებელი) და შპს „დ-----ს“ (მიმღები) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელი აწვდის, ხოლო მიმღები იღებს მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ საქონელს.

 

3.1.2. მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მეორადი საბურავები სპეციფიკით 1950 ცალი, ხოლო მიმღები ვალდებულია მიიღოს აღნიშნული საქონელი. (1.2. პუნქტი)

 

3.1.3. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 51 285 ლარით. დამკვეთი ვალდებულია სამი თვის ვადაში ანუ 2015 წლის 13 ივნისის ჩათვლით 51 285 ლარი გადაუხადოს მიმწოდებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 23-25)

 

3.1.4. მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველყოფად, იპოთეკით დაიტვირთა კა------ გრ----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქუჩა 7გ, ს/კ 01.19.36.001.176.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 18-22)

 

3.1.5. 2015 წლის 17 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული იქნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება და შპს „დ-----ს“ შპს „სტ-------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 54 405 ლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 41-45)

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კა------ გრ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა #1-------7 სააღსრულებო ფურცელში, შპს ,,დ-----ის" მიერ გადახდილი თანხის 33 200 ლარის ნაწილში და კა------ გრ----–-–---–ის ვალდებულება განისაზღვრა 18 085 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ 36-40)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „სტ-------–----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე, 389-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს შპს „დ-----ს“ და კა------ გრ----–-–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროთ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი - 8745.9 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა შედეგად კი მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ მას მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 9 დეკემბერს აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის ჩატარების მიზანსაც წარმოდგენდა ფულის ინფლაციის გაანგარიშება 2015 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში.

 

დასკვნის მიხედვით, მოსარჩელემ 2015 წლის 11 თებერვალს ნიდერლანდებიდან განახორციელა საქონლის იმპორტის ოპერაცია, კერძოდ შემოიტანა საბურავები 1950 ცალი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 13 802 50 ევროს. შემოტანის მომენტისათვის საქონლის ღირებულება შეადგენდა 31 821.66 ლარს, რომლის განბაჟებისთვის გადახდილია მომსახურების საფასური - 400 ლარი, ტრანსპორტირების საფასური ფოთიდან თბილისამდე - 7045 ლარი, ჯამში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 41 440.76 ლარი.

 

აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის კურისის შესაბამისად 1 ევროს მსყიდველობითუნარიანობა ტოლი იყო 2.3055 ლარის, ხოლო 2018 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით 3.03 ლარის.

 

2015 წლის 12 მარტს იმპორტირებული საქონელი 1950 ცალი მეორადი საბურავი გადასცა შპს „დ-----ს“ 51 285 ლარად. შპს „დ-----მა 2015 წლის 3 აპრილს გადაიხადა 10960 ლარი, ამავე წლის 28 აპრილს 10960 ლარი, ჯამში 2192 ლარი. ხოლო 5000 აშშ დოლარი, ლარში 18085 ლარის ოდენობით დარჩენილია გადასახდელად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სტ-------–----ის“ ძირითადი საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგების თანხით კვლავ საქონლის იმპორტირება ადგილობრივ ბაზარზე, მოპასუხეთა მიერ ვალის დაუბრუნებლობამ ზიანი მიაყენა შპს „სტ-------–----ის“ საქმიანობას, მათ შორის საქონლის იმპორტირებისათვის საჭირო უცხოური ვალუტის შესყიდვის ნაწილშიც, კერძოდ ეროვნული ვალუტის ევროსთან მიმართებაში გაუფასურების გამო.

 

დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ 2015 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში შპს „დ-----ის“ მიერ დასაბრუნებელი თანხის ძირითადი შეადგენს 18 085 ლარს, ხოლო ინფლაციით გამოწვეულმა სხვაობამ (ზარალმა) შეადგინა 8745.9 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ამდენად, მოცემული ნორმა ითვალისწინებს ნომინალიზმის პრინციპის დისპოზიციურობას, რომლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ‚ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტითაც და განსაზღვრონ მისი გადახდის წესი.

 

საგულისხმოა, რომ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის წესი მხარეებმა განსაზღვრეს ეროვნულ ვალუტაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს რომ ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას.

 

ჰიპერინფლაციას ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას.

 

ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.

 

ვინაიდან ქართულ ეროვნულ ვალუტის - ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება.

 

ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან როგორც ცნობილია, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.

 

ნორმის მიზანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

 

შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა.

 

„ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა.

 

მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა.

 

როგორც უკვე აღინიშნა ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსისნორმალური გაუარესების დროსაც, რადგანაც აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სარჩელის საფუძვლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი ეწინააღმდეგება მატერიალური ნორმის მიზნებს, რის გამოც შპს „სტ-------–----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოკვეთილია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის კვლევა არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის 1500 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „სტ-------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 8745,9 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ გადახდილია წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე