გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002540600
N2/829-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი გ----------–--–---
მოპასუხე დ--------------ა
წარმომადგენელი ჯ---–-------–----ია
მესამე პირი მ----------------
დავის საგანი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.აღიკვეთოს ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე 0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში დ--------------ა ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ, დოკუმენტის გარეშე.
დ--------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილით, ადგილზე არსებული სიტუაციის და გარემოებების შესწავლის შედეგად, უარი ეთქვა ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც დ--------------ას მიერ არ შესრულებულა, ამასთან ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
2018 წლის 06 ივნისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს შესასრულებად დაეწერა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უ-------ის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების თავითნებურად დაკავების საკითხს.
დ--------------ას 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილის თანახმად, მიეცა გონივრული ვადა, რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას დღემდე არ აქვს განხორციელებული. სამსახურს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება. მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი დ------- ჩ----ას მიმართ გაატაროს რაიმე სახის ქმედება თვითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულ იქნა ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე შენობაში მცხოვრები პირების არაერთი განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი შენობის (საკადასტრო კოდი: N0-.--.--.5--) მიმდებარედ არსებულ N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შედეგად ეზოში მიმოფანტულია ნახერხი, ტრიალებს მტვერი, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე, საწარმოს პროცესის შედეგად მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის ხმაური, ეზოში არის ანტისანიტარია, დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ზომები და ითხოვენ N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებში მიმდინარე საწარმოო პროცესის შეჩერებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უ-------ის მოვალეობის შემსრულებლის დ---------------იას მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმდინარე წლის 6 ივნისს სამსახურს შესასრულებლად დაეწერა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უ-------ის ნ-------------იას მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეხება ქ. ფოთში, თ-------------------ში მდებარე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.--.--.6--) განთავსებულ შენობა-ნაგებობების თვითნებურად დაკავების საკითხს. დ--------------ას მიმდინარე წლის 07 მაისს N1-08/1264 წერილის შესაბამისად მიეცა გონივრული ვადა (2018 წლის 01 ივნისი) რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას არ განუხორციელებია, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება. მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი დ--------------ას მიმართ გაატაროს რაიმე სახის ქმედება თავითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედების გატარება სცდება სამსახურის კომპეტენციას. ამ კუთხით მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კანონპროექტს, რომელსაც იხილავს საქართველოს პარლამენტი, უკვე გათვალისწინებულია მსგავს ფაქტებზე სანქციების გატარება.
3.2.2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უ-------ის ნ-------------იას მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მოქალაქე დ--------------ა ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ, დოკუმენტის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქე დ--------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 მაისის N1-08/1264 წერილით ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც დ--------------ას მიერ არ შესრულებულა.
3.2.3. 2016 წლის 29 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, თ-------------------ში, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 800 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-.--.--.6--, მესაკუთრე არის სსიპ თვითმმართველი ქალაქი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი.
3.2.4.2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, განცხადების ნომერია 882016817537, ნაკვეთის დანიშნულება: არასაოფლო სამეურნეო, ფართობი: 801 კვ.მ (W------------------), 800 კვ.მ (W------------------).
3.2.5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აპრილის N1-08/1021 წერილის თანახმად, ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე (საკადასტრო კოდი: N0-.--.--.6--) ორი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე არის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული შენობა-ნაგებობების განკარგვის საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.2.6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-08/1268 წერილის თანახმად, ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე, N0-.--.--6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპლაიტეტის საკუთრებას.
3.2.7.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის N1-08/1680 წერილის მიხედვით, ქ. ფოთში, თ-------------------ში მდებარე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N0-.--.--.6-- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მოქალაქე დ--------------ას 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილის შესაბამისად ეთქვა უარი და მის მიმართ შესაბამისი სამსახურის მიერ ტარდება სამართლებრივი ღონისძიებები, თვითნებურად დაკავებული მუნიციპალური ქონების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გარკვეულ პროცედურებს.
3.2.8.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 სექტემბრის N1-08/2643 წერილის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ. ფოთში, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში მოქალაქე დ--------------ა ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ხსენებულ შენობაში განთავსებულია უნებართვოდ. დ--------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილით, ადგილზე არსებული სიტუაციის და გარემოებების შესწავლის შედეგად, უარი ეთქვა ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთაავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და დაევალა მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც დ--------------ას მიერ არ შესრულებულა. ამასთან, ეცნობა მას რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დ--------------ას 2018 წლის 7 მაისის N1-08/1264 წერილის შესაბამისად მიეცა გონივრული ვადა რათა გამოეთავისუფლებინა შენობა-ნაგებობები, რაც დღემდე არა აქვს განხორციელებული.
3.2.9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 სექტემბრის წერილის თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სარჩელი დ--------------ას მიმართ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობის აღკვეთისა და აღნიშნული ფართის გამოთავისუფლების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
უნდა აღიკვეთოს ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს უნდა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2016 წლის 29 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სადაც მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს მოსარჩელის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მოპასუხე დ--------------ა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს უნებართვოდ.
დ--------------ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილით, უარი ეთქვა ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე, შემდგომი სადურგლო სამუშაოების საწარმოებლად და ეთხოვა მიმდინარე წლის 01 ივნისამდე გამოეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული, ხსენებული შენობა-ნაგებობები, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, ამასთან ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებდა მის მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მას 2018 წლის 07 მაისის N1-08/1264 წერილის შესაბამისად, მიეცა გონივრული ვადა, რათა გამოეთავისუფლებინა შენობა, რაც მას არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა აღიკვეთოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს უნდა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
მოპასუხე დ--------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიკვეთოს ქ. ფოთი, თ-------------------ში მდებარე N0-.--.--.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო სარგებლობა და აღნიშნული ფართი მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. მოპასუხე დ--------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 100 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე