გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-803-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - სალომე არევაძე
მოსარჩელე -ნა---------–---------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- რუ--------------–-–---–ი, ხა------------–---–ი
მოპასუხე - ეკ----------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი- მა--------ე, გი------------–---–ი
დავის საგანი- ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და აღდგენილი იქნეს პირვანდელი მდგომარეობა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ ლა-------------–---–ის შვილი გი--------------–---–ი 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ეკ----------------ესთან. 2014 წლის 10 ივნისს გი--------------–---–მა ავადმყოფობის გამო ეკ----------------ეზე და თავის დისშვილზე ხა------------–---–ზე გასცა მინდობილობები, ვინაიდან მის მაგივრად მოეგვარებინათ ყოფილ ცოლთან ქონებრივი დავა.
მოსარჩელის განმარტებით, ეკ----------------ე წავიდა იტალიაში, ხოლო 2016 წლის 15 მარტს გი--------------–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი იქნა საუნივერსიტეტო კლინიკაში, მიუხედავად ამისა, ეკ----------------ე საქართველოში მეუღლის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე- 2016 წლის 07 აპრილს ჩამოვიდა და იმავე დღეს მოახდინა 2014 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე გი--------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთარ სახელზე გადაფორმება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ეკ----------------ის სახელზე გადაფორმებით, ლა-------------–---–ს, როგორც გი--------------–---–ის ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრეს მიადგა ზიანი. 2016 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა ლა-------------–---–ი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ლა-------------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნა---------–---------–---–ი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნა---------–---------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და აღდგენილი იქნეს პირვანდელი მდგომარეობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეკ----------------ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მან გააფორმდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან 2014 წლის 10 ივნისს გი--------------–---–ის მიერ გაცემული მინდობილობით, მარწმუნებელმა გამოხატა ნება, რომ ეკ----------------ეს თავის სახელზე გადაეფორმება მის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გი--------------–---–ი არის ლა-------------–---–ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19 )
3.1.2. გი--------------–---–ი და ეკ----------------ე 2013 წლის 27 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 20)
3.1.3. გი--------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 10 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21-22)
3.1.4. გი--------------–---–მა 2014 წლის 10 ივნისს ეკ----------------ეს მიანიჭა უფლებამოსილება მართოს და განკარგოს მისი ქონება, მიიღოს საჩუქრად მის სახელზე არსებული ქონება და გადაიფორმოს თავის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
10.06.2014 წელს გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 24-25)
3.1.5. გი--------------–---–მა თავის ოჯახის წევრებზე გასცა მინდობილობები, რათა მოეგვარებინათ მის ყოფილ ცოლთან ქონებრივი საკითხები, თუმცა გარდაცვალებამდე ეკ----------------ის გარდა ოჯახის წევრებს გაუუქმა მინდობილობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.6. გი--------------–---–მა წარმომადგენლის- ეკ----------------ის მეშვეობით თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, დუმბაძის ქ. #9-1 უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა ეკ----------------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-30)
3.1.7. 2016 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა ლა-------------–---–ი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ლა-------------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნა---------–---------–---–ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობა, განჩინება (ს.ფ. 173, 187-188)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნა---------–---------–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 109-ე, 319-ე, 361-ე, 524-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. კერძო სამართლის სუბიექტების ავტონომია თავისუფლად დადონ გარიგებები ყოველთვის შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა კანონის მოთხოვნებიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივნისს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე გი--------------–---–მა ეკ----------------ეს მიანიჭა უფლებამოსილება განკარგოს მისი ქონება, გააჩუქოს, მისი სახელით შეისყიდოს, მიიღოს საჩუქრად, გადაიფორმოს თავის სახელზე, დადოს ნებისმიერი ხელშეკრულება და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულება საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
განსახილველი დავის საგანს მხარეთა შორის დადებული ჩუქებისხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს, შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოა იმ ნებისნამდვილობა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას და არა მინდობილობის გაცემას დაედო საფუძვლად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას სადაო გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მინდობილობა გაცემული იყო გარკვეული მიზნით, კერძოდ გი--------------–---–ის ყოფილ ცოლთან ქონებრივი დავის მოსაგვარებლად, ვინაიდან, სადავო აქტში გამოვლენილია მარწმუნებლის ნება მისივე ხელმოწერით, მინდობილობის იურიდიული შინაარსის სხვაგვარი კლასიფიკაცია ეწინააღმდეგება გარიგების შინაარსს, ნების გამოვლენის მიზანს. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სადაოდ არ ხდის მინდობილობის შინაარსს ან მასზე ხელმოწერის ნამდვილობას, იძულების, მუქარის, ძალადობის, მოტყუების ან/და გარიგების საცილოობის სხვა სამართლებრივ საფუძვლებს. ასეთ ვითარებაში უდაოა, რომ მინდობილობაში დათქმული სპეციალური უფლებამოსილებები, მათ შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გზით საკუთარ თავზე გადაფორმება, მარწმუნებლის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე მოხდა და ამ მიმართებით სადავო მინდობილობის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მინდობილობა გაცემული იყო არამარტო ეკ----------------ეზე, არამედ გი--------------–---–ის ოჯახის სხვა წევრებზეც, თუმცა მარწმუნებელმა სიცოცხლეშივე გამოხატა თავისი ნება და მათ გაუუქმა მინდობილობები, რაც შეეხება ეკ----------------ეს მისი მინდობილობა ძალაში დარჩა, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ გი--------------–---–ის ნება არ ყოფილა მხოლოდ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივი დავის მოგვარება, არამედ, მან ეკ----------------ეს სპეციალური მინდობილობის საფუძველზე მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით განეხორციელებინა მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, უფლება მართოს და განკარგოს მისი ქონება, მიიღოს საჩუქრად მის სახელზე არსებული ქონება და გადაიფორმოს თავის სახელზე, შესაბამისად, მარწმუნებელმა თავისივე სიცოცხლეში სპეციალური ნება გამოხატა, რათა ეკ----------------ეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე, აღნიშნული ნების ნადვილობა მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რაც შეეხება მინდობილობის გაცემის სხვა მიზანს, აღნიშნული არ დასტურდება, ვინაიდან გი--------------–---–ს შეეძლო ეკ----------------ისათვის, ისევე როგორც სხვა ოჯახის წევრებისათვის გაეუქმებინა მინიჭებული უფლებამოსილება, თუმცა მან გამოხატა ნება და მეუღლეს განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლება მისი სახელით განეხორციელებინა გარკვეული მოქმედებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის ,,დ'' ქვეპუნქტის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით.
მოსარჩელე მხარე აპელირებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ეკ----------------ის მიერ ქონების გადაფორმების მომენტში გი--------------–---–ი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, რის გამოც მისი ნების ნამდვილობის დადგენა ვერ მოხერხდებოდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ეკ----------------ის მიერ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2016 წლის 07 აპრილს, ხოლო გი--------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მარწმუნებელი ცოცხალი იყო და არ არსებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევა, რომ ნა---------–---------–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხე ეკ----------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ.რუსთავი, ქუჩა დუმბაძე № 9-1, საკადასტრო კოდი: 02.05.07.743.01/001 და მდებარე: ქ. რუსთავი, ქუჩა დუმბაძე №9-2, საკადასტრო კოდი: 02.05.07.385 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 199 1 -ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნა---------–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე ეკ----------------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინება, რომლითაც მოპასუხე ეკ----------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ.რუსთავი, ქუჩა დუმბაძე № 9-1, საკადასტრო კოდი: 02.05.07.743.01/001 და მდებარე: ქ. რუსთავი, ქუჩა დუმბაძე №9-2, საკადასტრო კოდი: 02.05.07.385 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3.მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი