გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7987-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - თ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ME- 4------------ გადაწყვეტილება თ--------–-–---–ი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ის მიერ, 2010 წელს თ--------–-–---–ის სახელზე გაცემული, ბაკალავრის G------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 15 მარტს შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის მიერ თ--------–-–---–ის მიმართ, გაიცა დიპლომი G------------ (რეგისტრაციის №0--) მასზედ, რომ შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის 2009 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ--------–-–---–ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2010 წლის 15 მარტის დიპლომი G------------ - ს/ფ 12.
3.1.2. 2018 წლის 1- ნოემბერს თ--------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ის მიერ მასზე გაცემული G------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თ--------–-–---–ის 2018 წლის 1- ნოემბრის განცხადება - ს/ფ 43-44.
3.1.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 ნოემბრის ME- 1------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 04 ნოემბერს შპს „თ---–--------------------–----------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0------------ ლიცენზია.
საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ---–--------------------–----------------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2----2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2--- წლის 04 თებერვლის N2------- გადაწყვეტილებით, შპს „წ---------------–----------------–-----------–--------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N6--- გადაწყვეტილებით, შპს „წ---------------–----------------–-----------–--------------------ს“ 0- წლის ვადით მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია.
სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის N0--- გადაწყვეტილებით, შპს „წ---------------–----------------–-----------–--------------------ს“ გაუუქმდა ინსტიტუციური აკრედიტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის N4-- ბრძანებით, 2010 წლის 02 ივნისიდან, შპს „წ---------------–----------------–-----------–--------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „წ---------------–----------------–--------–---–------------------ი“.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 19 მაისის N1- გადაწყვეტილებით, შპს „წ---------------–----------------–--------–---–------------------ს“ 0- წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი).
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N0- გადაწყვეტილებით, შპს „წ---------------–----------------–--------–---–------------------ს“ გაუუქმდა ავტორიზაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 ნოემბრის ME- 1------------ სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 51-52.
3.1.4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 22 იანვრის ME- 5------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კორესპონდენციით, ცენტრში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში თ--------–-–---–ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით თ--------–-–---–ი ფიქსირდება 2--- წელს ჩარიცხულ პირად.
თ--------–-–---–ი 2--- წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის ME- 5------------ სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 73-74.
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ME- 4------------ გადაწყვეტილებით, თ--------–-–---–ს უარი ეთქვა მასზე გაცემული ბაკალავრის G------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ME- 4------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 53-57.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ME- 4------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
2--- წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 15 მარტს შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის მიერ გაცემული G------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ თ--------–-–---–ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, ამიტომ მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის G------------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ 2--- წელს, თ--------–-–---–ი შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ--------–-–---–მა 2--- წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმდი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელის ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 22 იანვრის ME- 5------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კორესპონდენციით, ცენტრში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში თ--------–-–---–ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით თ--------–-–---–ი ფიქსირდება 2--- წელს ჩარიცხულ პირად. თ--------–-–---–ი 2--- წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2010 წლის 15 მარტს შპს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის მიერ გაცემული G------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” შესაბამის ნორმებთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის ME- 4------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი