განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3---19
№0-----------
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------–---–-, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ------------ნი, ს------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-----–---–----------–--–-----------------------ში.
ადვოკატი - ს-------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 1--------–ს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, მ-------------------------ს მიმდებარედ გ----------------–---–- მართავდა ავტომობილ „ტოიოტა პრიუსს“ სახელმწიფო ნომრით O--------. უკუსვლით მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას მძღოლი არ დარწმუნდა, რომ შეეძლო მანევრის ისე შესრულება, რომ საფრთხე არ შექმნოდა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ი---------–-–---–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ი---------–-–---–მა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა გ----------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ----------------–---–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ცნობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართული სქემას, დაზარალებულ ი---------–-–---–ისაგან მიღებულ ინფორმაციას, მოწმე რ---–----------------გან მიღებულ ინფორმაციას, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ----------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.
3.2 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ----------------–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ----------------–---–-- ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნა და ი---------–-–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გ----------------–---–-- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
5.6 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ გ----------------–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას უნდა შეფასდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ბრალდებულის პიროვნება, კერძოდ სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ----------------–---–- ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გ----------------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ შეზღუდულ შერაცხადობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ----------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ----------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი