განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
170100119002845708
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/9-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ------------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი ნომერი - 6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ხ---–--- რაიონი სოფელი მ---------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: წ--–--- რაიონი სოფელი კ------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - რ------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ კ------ში მდებარე ჯ------------------ და ფ---------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ჯ----------------- ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ფეხის გვერდში ერთჯერადი დარტყმისა და ხელების სახისა და ტანის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ---------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ ჯ----------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ბრალდებულმა და ადვოკატმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საკუთარი ინიციატივით, სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადეს უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ----------------- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში, კერძოდ: ჯ----------------- საქმის არსებით განხილვაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა ფ---------------- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი; დაზარალებულ ფ---------------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბერს დაახლოებით 23:30 საათამდე იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად მეზობელთან მ---–-------–-----------, სადაც ჯ----------------- მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სახლში მისვლისას კონფლიქტი წამოიწყო მასთან ბრალდებულმა ტიუნერთან დააკავშირებით, რის გამოც სახლში შესვლისთანავე ფეხი დაარტყა მარცხენა გვერდში, რაც ძალიან ეტკინა და დაჯდა დივანზე, რის შემდეგაც ჯ-------- მასთან მივიდა და ურტყამდა ხელებს სახესა და ტანზე, რის გამოც ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხეში სისხლი წასკდა და ძალიან ეტკინა, შემდეგ კი ტანზე ურტყა ხელებით, რის გამოც ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარსა და მკლავზე; დაზარალებულმა აღნიშნული დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტისასაც. #1--- შეტყობინებით ირკვევა, რომ ფ--------------- 2019 წლის 1 იანვარს გამოცხადდა წ--–--- რაიონულ სამმართველოში და განაცხადა მისი მეუღლის ჯ----------------- მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ; ვიზუალური დათვალიერების (ჩატარდა 2019 წლის 1 იანვარს) ოქმის მიხედვით, ფ---------------ს აღენიშნება ქვედა ტუჩის მარჯვენა კიდეზე ნაჭდევი ახალი იარა, რომელზეც წასმულია ბრილიანტის მწვანე, ხოლო მარცხენა მხრის ზედა მხარეს ჰემატომა 1სმ. X 2სმ-ზე. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ფ---------------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა ზედა კიდურზე და ნასკდომი ჭრილობა ტუჩის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ-----–----------- (დაზარალებულის დედა) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2 იანვარს ფ------- მოსწერა უფროს დას ე-----, რომ მოუხდა კონფლიქტი და წამოსულა სახლიდან. იმავე დღეს მასთან მივიდა და ნახა, რომ ჰქონდა ფ---------------ს ზემოაღნშნული დაზიანებები. მოწმე მ---------------- განცხადებით, 2019 წლის 1 იანვარს იმყოფებოდა წ--–--–- ბიძასთან ჯ----–-------------- ერთად, რა დროსაც დაურეკა მისმა მამიდაშვილმა ზ------------------ და უთხრა, რომ მისი ძმისშვილი ფ--------------- უცემია მის მეუღლეს და სთხოვა გაერკვიათ სიტუაცია, ხოლო ფ------ დედამისთან წაეყვანათ. ამ სიტუაციაში ნახა ჯ----------------, რომელმაც უთხრა, რომ გაბრაზდა, რადგან ფ------ მისი ძმის ოჯახს ვერ იტანს და ხელი გაარტყა. ბოლო ნაწილის გარდა იგივე დაადასტურა მოწმე ჯ----–----------, რომელმაც იპოვა ფ--------------- მარშუტკით მიმავალი, რომლის მძღოლმაც უთხრა, რომ ფეხშიშველი ქალი იდგა ქუჩაში და ჩაისვა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.

 

5. დასტურდება, რომ ჯ----------------- ფეხის გვერდში ერთჯერადი დარტყმისა და ხელების სახისა და ტანის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ---------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ----------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჯ----------------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ჯ----------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6. ჯ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას.

 

7. ჯ----------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან ფ---------------- მიმართ ძალადობა ალკოჰოლური თრობის პირობებში განახორციელა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

10. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის, რაც მრავალჯერად დარტყმაში გამოიხატა, რაც განხორციელდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, სასამართლო გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, ვინაიდან მისი გავლენა ჯ----------------ზე სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება, რის გამოც ჯ----------------- მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

12. ჯ----------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, არც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან, ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული პერიოდი სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ჯ----------------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა არ იქნეს მიჩნეული საჭიროდ ჯ----------------- მიერ დანიშნული სასჯელის სრულად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჯ---------------- ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----------------ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი, რაც სასამართლოს შეფასებით, განგრძობითი ზეგავლენის ინსტრუმენტი იქნება სასჯელის მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

2. ჯ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 2 იანვრიდან.

 

3. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

4. ჯ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი