განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/38-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
26 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ-------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი - არ აქვს მინიჭებული, განათლების არ მქონე, ცოლ-შვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. წ--–-----------–-- ქუჩა #6.
ადვოკატი - ზ-----------–---–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თარჯიმნები - ე-–-------------, ე-–---------------, ვ-----–--------------, ლ--------–-------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდება:
1. 2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. წ--–--–----------–-- ქუჩა #4-ში მდებარე ც---–------------–----- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტ--------------------, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ იმყოფებოდა დაზარალებული მეზობელთან ქმრის დაუკითხავად, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ორჯერადი დარტყმისა და მუშტის კისრის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ს-------------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი ა-----------------
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. წ--–--–----------–-- ქუჩა #4-ში მდებარე ც---–------------–----- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტ-------------------- მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ორჯერადი დარტყმისა და მუშტის კისრის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ს-------------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:
3. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, შვილიშვილი. ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.
4. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ს-------------–---- ტ-------------------ს მეუღლეა, ამაზე მიუთითებს, როგორც ბრალდბულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები.
5. დაზარალებულ ს-------------–----- განმარტებით, 20 აგვისტოს მისი მეუღლე ტ------------------- სახლში იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, დღესასწაულების გამო. ც---–------------–----- სახლთან რომ იყო მისკენ გამოიქცა, თვითონაც გაიქცა და შევიდა ამ უკანასკნელის სახლში, ტ-------– სწრაფად მივიდა მასთან და ორჯერ დაარტყა ძლიერად თავში, ორჯერვე ძალიან ეტკინა თავი, თვალები დაუბნელდა, ერთხელ კისერში დაარტყა და მაშინ ცუდად გახდა; ანალოგიური დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც; ანალოგიური დაადასტურა მოწმე ც---–------------–----- და ასევე ბრალდებულმა ტ-------------------- საქმის არსებითი განხილვისას; ო----–-------------- (ბრალდებულის შვილი) უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ს-------------–----- ვიზუალური დათვალიერების ოქმისა და სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ამ უკანასკნელს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.
6. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ტ-------------------- განახორციელა ძალადობა მეუღლის მიმართ, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმის არსებით განხილვაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ დასკვნაში რაიმე ეჭვს გააჩენდა. ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ მიუღია დაზიანებები, ძალადობის ხერხიდან გამომდინარე არ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ დაზარალებულმა არ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამასთან, დაზარალებულის განცხადებით, თვალებიც კი დაუბნელდა ბოლო დარტყმისას.
ძალადობა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით:
7. სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებათა გამოკვლევით არ დგინდება, რომ ტ-------------------ს მიერ მეუღლეზე ძალადობა განხორციელდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ იმყოფებოდა დაზარალებული მეზობელთან ქმრის დაუკითხავად. აღნიშნულთან მიმართებით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ ბრალდებულის, დაზარალებულისა და ძალადობის შემსწრე პირების ჩვენებები, რომელთაგან არცერთმა მიუთითა ამაზე. დაზარალებულმა გამორიცხა აღნიშნული და განმარტა, რომ არ იცის, თუ რამ გამოიწვია მომხდარი, ამაზე არც ც---–------------–----- უთქვამს რაიმე, ხოლო ბრალდებულის განმარტებით, ეს გამოწვეული იყო მისი შვილის ო----–--------------- და მის მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტით, რაც ბუნებრივია ვერ შეფასდება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივად.
ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
8. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული ძალადობის ფაქტისას ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილიშვილი ა---------------- იმავე ოთახში იმყოფებოდა.
9. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც არა მხოლოდ ამ უკანასკნელის ფორმალურად ყოფნას, არამედ მის მიერ ამ ფაქტის გარკვეულ დონეზე გაცნობიერებას მაინც უკავშირდება. აღნიშნული ნორმის მიზანია დაიცვას არასრულწლოვანი ამგვარი ფაქტებისგან. ის მავნე ზეგავლენა, რაც შეიძლება ძალადობის ფაქტის შესწრებით არასრულწლოვანმა მიიღოს და რამაც შესაძლოა არასრულწლოვნის ფსიქიკურ მდგომარეობასა და განვითარებაზე იმოქმედოს, საყურადღებო და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაა არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩანდენა მაკვალიფიცირებელი გარემოება. სასამართლოს შეფასებით, არ შეიძლება „არასრულწლოვნის თანდასწრებით“ პირდაპირი მნიშვნელობით განიმარტოს და მხოლოდ ფიზიკური დასწრებით შემოიფარგლოს, ვინაიდან ამ ლოგიკით მძინარე არასრულწლოვანიც შეიძლება ესწრებოდეს დანაშაულს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანი იყო არასრულწლოვნზე ამ ძალადობის ზეგავლენის ინტერესი, რაც ბუნებრივია აღნიშნული ფაქტის გაცნობიერების გარეშე წარმოუდგენელია. სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია აღნიშნული საკითხის შეფასება მხოლოდ არასრულწლოვნის კონკრეტული ასაკით განისაზღვროს და იგი შეფასებულ უნდა იქნეს ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით.
10. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ა---------------- ს-------------–-----ა და ტ-------------------ს არასრულწლოვანი შვილიშვილია და იგი ძალადობის მომენტში იყო 1 წლის და 7 თვის. ამაზე მიუთითებს, როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულის და მოწმის ჩვენებები.
11. მოცემულ საქმეში ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ ორი მტკიცებულების შეფასებაა შესაძლებელი, ხოლო ბრალდებულმა ამ ნაწილში არ ცნო თავი დამნაშავედ. ს-------------–----- განმარტებით, ძალადობის მომენტში ბავშვმა ტირილი დაიწყო. ძლიერად რომ იყვირა ბავშვს შეეშინდა. მეუღლემ ღუმელთან დაარტყა, ც---–- საწოლზე იჯდა, შვილი კი იატაკზე, ბავშვი დედასთან იყო. ქალიშვილი უცბად ადგა ფეხზე რომ შევიდნენ ოთახში, უყვირა მამას თუ რატომ იქცეოდაა ასე, დარტყმის შემდეგ. ბავშვი იატაკზე იყო ამ დროს. ახალი დაწყებული ჰქონდა სიარული ბავშვს, კარგად ვერ საუბრობს, დედა-მამას იძახის, ბავშვი სიტყვა დარტყმას ვერ იტყოდა, უბრალოდ მის ყვირილზე იყვირა. დაზარალებულის აზრით, მან რომ იყვირა ბავშვმა მაშინ იყვირა, ხოლო მერე დაიწყო ტირილი, თვითონ რომ არ ეყვირა ბავშვი არ იყვირებდა. მოწმე ც---–------------–----- განმარტა, რომ შემთხვევის მომენტში ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი და შვილიშვილი მასთან იყვნენ. ტ------- უცბად შევიდა ოთახში და უცბად გავიდა. ბავშვს საწოლზე ეძინა. როცა დაზარალებულმა დაიყვირა, ბავშვს შეეშენდა და დაიყვირა. არ იცის ძალადობის დროს ო----–-- და ა------------------ საითკენ იხედებოდნენ. ყვირილი, რაზეც ბავშვს გაეღვიძა იყო ძალადობის შემდეგ. როცა დაზარალებულმა დაიყვირა, მან ხელში აიყვანა ბავშვი, რომელსაც ეძინა ლოგინზე. უცბად აიყვანა ბავშვი, მან ტირილი დაიწყო, იგი ამშვიდებდა. მოწმემ რამდენჯერმე კატეგორიულად განაცხადა, რომ ბავშვს არ დაუნახავს ძალადობის მომენტი, მან ყვირილისგან გაიღვიძა, სანამ თვალები გაახილა ტ------- უკვე არ იყო ოთახში. ბავშვი შეშინდა დაზარალებულის ყვირილზე.
12. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-------------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში მისი შვილიშვილის - 1 წლისა 7 თვის ა----------------ს მითითება იმ კონტექსტში, რომ ს-------------–----ზე მისი თანდასწრებით განხორციელდა ძალადობა, გადაჭარბებულია. ობიექტურად შეუძლებელია, აღწერილ ვითარებაში მომხდარ ძალადობას ის ზიანი მოეტანა ა----------------სთვის, რისგანაც იცავს მას კანონმდებელი. ერთი რამ ფაქტია, ძალადობის ორივე შემსწრე პირი გამორიცხავს არასრულწლოვნის მიერ ძალადობის ფაქტის დანახვასა და გაცნობიერებას. თუმცა მოცემულ პირთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო გვერდს ვერ აუვლის მოწმეთა განცხადებებს ძალადობის მომენტში არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის თაობაზე. კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ ა---------------- კონკრეტულ მომენტში იყო დედასთან, რომელიც იატაკზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, ხოლო ც---–------------–----- განმარტებით კონკრეტულ მომენტში ა---------------- ეძინა ლოგინზე. ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია სასამართლომ ისეთი სიზუსტით ისაუბროს ა----------------ს მიერ ძალადობის აღქმაზე, როგორ ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს. მტკიცებულებათა გამოკვლევამ არათუ წარმოშვა გონივრული ეჭვები, არამედ გამორიცხა კიდეც ამგვარი სიტუაციის არსებობა. სასამართლომ თუნდაც გაიზიაროს ც---–------------–----- ჩვენება ამ კონკრეტულ მომენტთან მიმართებით და არა დაზარალებულის, რომელიც ძალადობის მომენტში შესაძლოა რთულ ვითარებაში ყოფილიყო და ყველა ფაქტი თანმიმდევრულად ვერ აღექვა და აღედგინა, ვინაიდან როგორც ტ-------------------, ისე ისიც სწრაფად შევიდა ოთახში, რასაც მოჰყვა ძალადობა, იმის უტყუარად დადასტურება, რომ ა---------------- იმ მდგომარეობაში იყო, რომ აღექვა მომხდარი ძალადობის ფაქტი წარმოუდგენელია. თავად ც---–- ა---------–----– კი კატეგორიულად გამორიცხავს ამას. პროკურორის მითითება, რომ ც---–------------–----- განცხადებით ბავშვი მაშინაც და ერთი კვირის მერეც იძახდა, რომ დაარტყა, მხოლოდ იმიტომაც კია დაუჯერებელი, რომ თავად ც---–------------–----- განმარტებით, მას ამ ინციდენტის შემდეგ ბავშვი აღარ უნახავს, ასე რომ ერთი კვირის შემდეგ მით უმეტეს ვერ მოუსმენდა ბავშვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში მოწმეს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია და არც მხარეებს გაურკვევიათ დეტალურად, თუ რას გულისხმობდა მოწმე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტ-------------------ს მიერ იმ ქმედების განხორციელებას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 პუნქტში.
სამართლებრივი შეფასება:
14. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-------------------ს მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე, აგრეთვე ბრალდებაში დანაშაულის მოტივად არ უნდა მიეთითოს გენდერული შეუწყნარებლობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში, არ ხდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა არც ფაქტის თვალსაზრისით და ამით არც ბრალდებულის პასუხისმგებლობა მძიმდება. კვალიფიკაცია შეიცვალა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაში ისედაც აღწერილია და იგი არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისთვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად. დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ სწორედ იმის ჩადენას აღიარებდა, რაც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეცვლილი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ტ-------------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic, პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ტ-------------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შეცვლილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
17. ტ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური სიმთვრალისას.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
19. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
20. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
21. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა, რაიმე განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზის გარეშე, ასევე ძალადობის ფორმისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, სასამართლო გამორიცხავს ტ-------------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გამორიცხულია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ტ-------------------ს მიმართ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას, რადგან ამისათვის არავითარი სათანადო მიზეზი არ არსებობს.
22. ტ-------------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების განხორციელების ხასიათსა და ძალადობის ხარისხს, რაც გამოიხატა ხელის სამჯერ ჩარტყმაში, აგრეთვე დაზარალებულის პოზიციას, რომ თანახმაა ბრალდებულს გაეწიოს შეღავათი, ტ-------------------ს აღიარებასა და სინანულს მომხდარის გამო, იმ გარემოებას, რომ მისი წარსული არ არის შებღალული რაიმე კანონდარღვევებით (არ არის ნასამართლევი, აგრეთვე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული), ასევე დამამძიმებელ გარემოებას და მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ადეკვატურია ყველა გარემოების გათვალისწინებით, ხოლო ვინაიდან მისი დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნა იმავე პერიოდს ემთხვევა, ტ------------------- უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ-------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ტ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2018 წლის 20 აგვისტოს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ტ------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით და ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
4. ტ-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი