განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორ - თ---------------–---–--,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–-------–---ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ-----------–---–--------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ტ--------------------.
ადვოკატი - დ-----------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ლ-–-------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ბ--–----------ე დაახლოებით 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-–-------–---თან, რომელთანაც ჰყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2 წლის გ-------–------–---ი. თანაცხოვრების განმავლობაში ლ-–-------–---ი სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს ბ--–----------ეს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ლ-–-------–---მა მეუღლეს, ბ--–----------ეს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და სახის არეში დაარტყა ხელი, რამაც ბ--–----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება მან განახორციელა არასრულწლოვანი შვილის გ-------–------–---ის თანდასწრებით.
ე.ი. ლ-–-------–---მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
GAGAGGA
2.1. დაზარალებულმა ბ--–----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 25 მარტიდან ლ-–-------–---ი ცხოვრობდა მასთან, ქ. თბილისში, ტ---------------------ში. დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ, 2016 წელს მათ შეეძინათ შვილი - გ-------–------–---ი. ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადა, ბ--–----------ესა და ლ-–-------–---ს დაუმძიმდათ ურთიერთობა. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, ზოგჯერ მიზეზის გარეშეც. კონფლიქტის დროს ლ-–-------–---ი ბ--–----------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო უმძიმესი. მისი ტანჯვა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ყოველი ძალადობრივი აქტი ხდებოდა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, რომელიც ამ ყველაფერს განიცდიდა. იგი სასამართლოს ლ-–-------–---ის წინააღმდეგ ჩვენებას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აძლევს, რადგან ძირითადად მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა აღელვებს. მან ზუსტად არ იცის რა პერიოდულობით ხდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, თუმცა ეს ხშირად იყო, თითქმის ყოველდღე.
ბოლო კონფლიქტის დროს, როდესაც ლ-–-------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას ბავშვი ეკავა ხელში. დარტყმის შედეგად იგი საწოლზე დაეცა. ფიზიკური შეურაცხყოფებს ადრეც ჰქონდა ადგილი, როდესაც მათი შვილი 1 წლის გახდა. ამ დღეს მათ სტუმრები ჰყავდათ და აღნიშნავდნენ ბავშვის დაბადების დღეს, ლ-–-------–---მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა, სტუმრების წასვლის შემდეგ კი მან უმიზეზოდ დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბ--–----------ეს გაარტყა ხელი. ამის შემდეგ ლ-–-------–---ი სახლიდან გავარდა, 5-10 წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა, მძინარე ბავშვი აიტაცა ხელში და წაიყვანა სახლიდან. მას ბავშვი მეორე დღის საღამოს 8 საათამდე ჰყავდა წაყვანილი. ეს ფაქტი გასახსენებლად მისთვის დღესაც მძიმეა.
ასევე 2018 წლის 22 იანვარს, ლ-–-------–---ი სახლში გვიან დაბრუნდა ნასვამი. მან გამთენიისას უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და ლანძღვა ბ--–----------ეს, რის შემდეგაც სახლიდან გააგდო, ხოლო ბავშვი დაიტოვა. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ორი დღის განმავლობაში.
2018 წლის 10, ან 11 ივლისს, დილის 6-7 საათზე ლ-–-------–---მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ბ--–----------ეს, კერძოდ, მან რამდენჯერმე დაარტყა თავისა და თვალის მიდამოში, რის შედეგადაც ჰქონდა დალურჯებები. იგი ლ-–-------–---თან და ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა ქირით, მათთან ერთად არ ცხოვრობდნენ ოჯახის სხვა წევრები, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეზობლებს ყოველთვის ესმოდათ მათი ოჯახიდან კონფლიქტის ხმა.
2018 წლის 21 აგვისტოს მას და ლ-–-------–---ს კვლავ მოუვიდათ შელაპარაკება, რაც დაკავშირებული იყო ლ-–-------–---ის მიერ მარიხუანას მოხმარებასთან. 2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში ლ-–-------–---ი ფხიზელი იყო და მან წინა დღის კონფლიქტის თემაზე გაბრაზებულმა კვლავ დაუწყო კამათი ბ--–----------ეს, თუ რით იყო იგი მარიხუანას მომხმარებლებზე უკეთესი?! ბ--–----------ე ამ დროს სამზარეულოში იმყოფებოდა. ლ-–-------–---მა სამზარეულოს კარი მიხურა, რომ ყვირილის ხმა არ გასულიყო გარეთ. ლ-–-------–---ის ყვირილზე 2 წლის გ-------–მა ტირილი დაიწყო, მას სამზარეულოდან გარეთ გასვლა უნდოდა. ლ-–-------–---მა კარი გამოაღო, რა დროსაც კარში ჩასმული შუშა ჩაიმტვრა. ბ--–----------ეს ბავშვი ხელში ეჭირა. დიდ ოთახში გასვლისას ლ-–-------–---მა მას ხელი ჩაარტყა თავის არეში, მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც მხრებზე დაეჯაჯგურა. ბ--–----------ემ დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და დახმარების თხოვნა. ამ ძალადობის შედეგად მას წარბი ჰქონდა გატეხილი და დღესაც ემჩნევა შრამი, ხოლო ტანზე ეტყობოდა სილურჯეები. დარტყმის შედეგად მან განიცადა ძლიერი ტკივილი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან ყვირილით შველა ითხოვა. ამ დროს ბავშვი ტიროდა. ყვირილის შედეგად სავარაუდოდ რომელიმე მეზობელმა დარეკა 112-ში და გამოიძახა პატრული. პოლიციის მოსვლისას ორივენი ეზოში იყვნენ, ხოლო ბავშვი კისერზე ჰყავდა შემოსმული ლ-–-------–---ს. პოლიციელებმა მას ჰკითხეს, მან გამოიძახა თუ არა პოლიცია, რაზეც უპასუხა, რომ მას არ გამოუძახია, მაგრამ სჭირდებოდა მათი დახმარება. ამ დროს მას სისხლი მოსდიოდა დაზიანებიდან, რის გამოც პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა სასწრაფომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა მას, ხოლო ლ-–-------–---ი გამომძიებლებმა დააკავეს და მანქანით წაიყვანეს. ბ--–----------ემ როგორც სასწრაფოს, ასევე გამომძიებელს მოახსენა დაზიანების რეალური მიზეზი, რომ ლ-–-------–---მა ჩაარტყა ხელი. ხსენებული ინციდენტიდან 2-3 კვირის განმავლობაში, როდესაც იგი იმ საწოლთან ჩამოჯდებოდა, სადაც დარტყმის შედეგად შვილთან ერთად წაიქცა, მისი შვილი ეუბნებოდა, რომ არ დამჯდარიყო იქ, რადგან მამა ისევ დაარტყამდა. შემდეგ იძულებული გახდა სახლის ინტერიერი შეეცვალა, რომ გ-------–ს ეს ფაქტი დავიწყებოდა. ასევე გარკვეული პერიოდი, გ-------–ი მასთან მიდიოდა და ურტყამდა, შეკითხვაზე თუ რატომ ურტყამდა, პასუხობდა, რომ მამამ დაარტყა და ასე უნდოდა. ბავშვს მოგვიანებით ჯანმრთელობის პრობლემებიც დაეწყო, თუმცა არ შეუძლია ბავშვის ეს მგდომარეობა დადასტურებულად მომხდარ ფაქტს დაუკავშიროს.
სასჯელთან დაკავშირებით, მსხვერპლის პოზიციით, ლ-–-------–---ი ამ ეტაპზე უნდა იყოს იზოლირებული.
2.2. მოწმე ბ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შ--------------–-------–-–-------------------ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე, იგი თავის მეწყვილესთან - გ------------–----–-–---–თან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ ორი ახალგაზრდა: ქალბატონი ბ--–----------ე და ბატონი ლ-–-------–---ი, რომლებიც ერთმანეთში ხმამაღლა კამათობდნენ. მამაკაცს პატარა ბავშვი ჰყავდა კისერზე შემოსმული, რომელიც იყო ცრემლიანი და ნამტირალევი. ბ--–----------ემ პოლიციელებს განუმარტა, რომ იგი ლ-–-------–---თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო ამ უკანასკნელის კისერზე მჯდარი ბავშვი იყო მათი შვილი. ბ--–----------ის თქმით, ლ-–-------–---მა სახლში ურთიერთშელაპარაკებისას მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გალანძღა უშვერი სიტყვებით. ბ--–----------ეს სახის მარცხენა მხარეს, თვალის არეში, წარბთან ჭრილობა ეტყობოდა. იგი იყო ძალიან გაღიზიანებული და ტიროდა. მისი განმარტებით, ლ-–-------–---ი ახალი გამოსული იყო ციხიდან და იგი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა, რის გამოც პოლიციელებს სთხოვა მიეღოთ სათანადო ზომები მისი იზოლაციის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას მოკლავდა. ლ-–-------–---ი საპირისპიროს არ ამტკიცებდა, იგი დუმილს ინარჩუნებდა და უბრალოდ ადასტურებდა მეუღლესთან კონფლიქტის ფაქტს. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, მათ დააკავეს ლ-–-------–---ი და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მისი დაკავება მოხდა ეზოში. ლ-–-------–---ს ასევე განუმარტეს ბრალდებულის უფლებები. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლ-–-------–---ს ნეკა თითზე აღენიშნებოდა მცირე ჭრილობა, რაც მან ახსნა მეუღლესთან ჩხუბით. პოლიციელებმა ასევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბ--–----------ის დასახმარებლად. სასწრაფოს ექიმებმა დაზარალებულს ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ადგილზე ასევე მივიდნენ გამომძიებლებიც.
2.3. მოწმე ა-–-------------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შ--------------–-------–-–-------------------ის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- გამომძიებელი. 2018 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში მათ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ. აღნიშნულ ფაქტზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და გამომძიებელ დ---------------ის მიერ დაიწყო გამოძიება. დაახლოებით 22:00-22:30 საათების პერიოდში საგამოძიებო ჯგუფი მისი მონაწილეობით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ. თბილისში, ტ---------------------ში, სადაც დახვდათ ქალბატონი ბ--–----------ე, რომელმაც სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ლ-–-------–---მა მასზე ფიზიკურად იძალადა. ბ--–----------ეს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ წარბთან ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, რაზეც მან განმარტა, რომ ლ-–-------–---მა მიაყენა მუშტის ჩარტყმით. ბინის დათვალიერებისას მან შენიშნა, რომ სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დამაკავშირებელი კარის შუშა იყო ჩამტვრეული და მინის ნამსხვრევები ძირს ეყარა, რაზეც ბ--–----------ემ განმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტთან არ იყო დაკავშირებული. ასევე არც სისხლის კვალი შეინიშნებოდა იმ ტერიტორიაზე. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რომელმაც ბ--–----------ეს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებსაც დაკავებული ჰყავდათ ლ-–-------–---ი. იქვე ასევე იყო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მისი ასაკიდან გამომდინარე ძალიან აღელვებული იყო. ამის შემდეგ ბ--–----------ე გადაყვანილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც იგი გამოიკითხა. გამოკითხვისას ბ--–----------ემ აღნიშნა, რომ ლ-–-------–---ის მხრიდან მასზე ადრე არაერთხელ ყოფილა ძალადობა განხორციელებული. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და ავთენტურობა.
2.4. მოწმე ო-–----------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი. 2018 წლის 22 აგვისტოს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ტ---------------------ში, სადაც გამოძახება იყო ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე დახვდათ პოლიციის მანქანა და ქალბატონი ბ--–----------ე, რომელმაც მას განუცხადა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან. დათვალიერებისას მას აღენიშნებოდა მარცხენა თვალ-ბუდის არეში გემატომა და პატარა ნაკაწრი, რომელიც დაამუშავეს ადგილზევე. სტაციონარში გადაყვანაზე პაციენტმა უარი განაცხადა. სამედიცინო მანიპულაცია აისახა სამედიცინო ბარათში, რომლის სისწორეს და ავთენტურობას ადასტურებს.
2.5. მოწმე ლ--–------–-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ფსიქოლოგი და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მან ჩაატარა არასრულწლოვან გ-------–------–---თან გასაუბრება და მისი შეფასება. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა გ-------–------–---ის ვიზიტი დედასთან - ბ--–----------ესთან ერთად. პირველ რიგში გასაუბრება დედასთან შედგა, რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. დაკვირვება მოხდა ბავშვზე. ბავშვის გამოკითხვა არ მომხდარა, რადგან გ-------–ი იყო 3 წლამდე ასაკის და ამ ასაკში ასეთ თემაზე გამოკითხვა არ ხდება, მითუმეტეს, შემთხვევიდან ხანგრძლივი პერიოდი იყო გასული და შეიძლება ბავშვს ბევრი რამე მოეყოლა, მაგრამ მონაყოლის სანდოობის ხარისხი არ იქნებოდა მაღალი. ბავშვზე დაკვირვების პროცესი გაგრძელდა 1 საათამდე. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელი იყო, არ იყო გამოხატული რაიმე შფოთვა ან უარყოფითი მდგომარეობა. ერთადერთი გამოხატული ნიშანი იყო ის, რომ ბავშვი უცხო ხმის გაგონებაზე კრთებოდა, თამაშს წყვეტდა და კითხულობდა თუ რა ხმა იყო. მას საფრთხის შეგრძნება უჩნდებოდა უცხო, უცნაურ ხმებზე, თუმცა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვერ ისაუბრებს თუ საიდან გამომდინარეობდა მისი ეს რეაქცია. ბ--–----------ემ ისაუბრა, რომ ბავშვის ძილი იყო დარღვეული, მას ხშირად ეღვიძებოდა და ტიროდა. იმ დროისთვის სხვა ნიშნები გ-------–------–---თან არ იყო გამოხატული.
საქართველოში მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, ბავშვის გამოკითხვა ხდება 3 წლის ასაკის ზემოთ და რაც მეტია ბავშვის ასაკი, მით მეტია მისი სანდოობის ხარისხი და შეფასების შესაძლებლობა. გამოკითხვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ რამდენად სანდოა ინფორმაცია. გ-------–------–---ის ფსიქიკური განვითარების დონე სრულად შეესაბამებოდა მის ასაკს, ამ ასაკისთვის იგი გონიერი, ჭკვიანი ბავშვია, მეტყველებაც საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ არა ამ თემაზე სასაუბროდ. მის ასაკში ბავშვმა შეიძლება ტერმინი გამოიყენოს იმ გაგებით, რომელიც არ შეესაბამება სიტყვის სტანდარტულ გაგებას, ამან შეიძლება წარმოშვას დიდი გაუგებრობა. გ-------–------–---ი საუბრობდა თავისუფლად, თავიდან გასაუბრება იყო გაცნობითი ხასიათის, შემდგომ შეთავაზებული იქნა სხვადასხვა აქტივობები, ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი. მომხდარზე ბავშვს თვითონ არ დაუწყია საუბარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, თუნდაც გამოკითხვის მეთოდისთვის. პროტოკოლის მიხედვით, გამომკითხველი (ფსიქოლოგი იქნება თუ სხვა სპეციალისტი), არ სვამს შეკითხვებს, იგი სვამს მხოლოდ ზოგად შეკითხვებს, მაგალითად ,,მომიყევი მომხდარის შესახებ“, დანარჩენი ინფორმაცია უნდა წამოვიდეს ბავშვისაგან. სწორედ ეს უზრუნველყოფს ამ გამოკითხვის მიხედვით სანდო ინფორმაციის მიღებას. ამ შემთხვევაშიც მართალია პროტოკოლით არ მომხდარა გამოკითხვა, მაგრამ ბავშვს რომ თავისი ინიციატივით დაეწყო საუბარი და რამე მოეყოლა მომხდარის შესახებ, ამას აუცილებლად აღნიშნავდა, თუმცა თავად არ დაუწყია ამაზე საუბარი და არც მას დაუსვამს შეკითხვა, იმიტომ რომ თავიდანვე იყო გარკვეული, რომ გამოკითხვის მეთოდს არ გამოიყენებდა ბავშვთან. ბ--–----------ემაც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბავშვი რაიმე ხმის გაგონებაზე სახლშიც ხშირად ჩერდებოდა და შემკრთალი კითხულობდა, რა ხმა არისო. მეტი ინფორმაცია არც დედას მოუწოდებია. გამოკითხვისას ხმები ძირითადად გარედან შემოდიოდა, კერძოდ, ხმამაღალი საუბარი და მშენებლობიდან წამოსული ხმა.
2.6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, 21:20 საათზე, ქ. თბილისში, ტ---------------------ში, მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა ლ-–-------–---ი (ტომი I, ს.ფ. 4-10).
2.7. პაციენტის #9-- სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, 22:15 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოცხადდა ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც პაციენტ ბ--–----------ეს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვა. მათ ადგილზე დახვდათ პოლიციის ეკიპაჟი. ბ--–----------ის განცხადებით, მას ქმარმა დაარტყა მუშტი მარცხენა თვალბუდის არეში. პაციენტს აღენიშნება ნაკაწრი ჭრილობა და გემატომა (ტომი I, ს.ფ. 28).
2.8. 2018 წლის 24 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, ბ--–----------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე და მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და მარცხენა წარბის გარეთა კიდესთან ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტომი I, ს.ფ. 103-104).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ პირადი გასაუბრებისას ბ--–----------ემ მას განუცხადა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ თავის მიდამოში. შემოწმების პროცესში იგი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში, ხოლო მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1X1 სანტიმეტრზე. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, მარცხენა გარეთა კიდეზე აღენიშნებოდა ზედაპირული უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით 2X0.2 სანტიმეტრზე, ჭრილობის სანათურში ალაგ აღენიშნებოდა მოწითალო ფერის შემხმარი სისხლის კვალი, ირგვლივ მიდამო იყო შეწითლებული. იმ მოტივით, რომ სხვა მიდამოებში არ ჰქონდა დაზიანებები მან ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი.
2.9. ბრალდებულმა ლ-–-------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან და ბ--–----------ემ ერთმანეთი გაიცნეს 2001 წელს. იგი ციხიდან 2015 წელს გათავისუფლდა და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად. შემთხვევის მომენტისთვის ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ტ---------------------ში. 2016 წლის 12 ივლისს მათ შეეძინათ შვილი - გ-------–------–---ი. 2018 წლის 22 აგვისტოს კონფლიქტი ფაქტობრივად არ ყოფილა, რადგან შესაძლებელი იყო კამათის უფრო ცივილიზებული ფორმებით მოგვარება. 2018 წლის 21 ივლისს მას სახლში სტუმრად ჰყავდა მეგობრები, რომლებსაც ბ--–----------ე უზრდელურად მოექცა. ამის გამო იგი გაღიზიანდა. მეორე დღეს, საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე სწორედ ამ თემაზე დაიწყო შელაპარაკება მათ შორის. ბ--–----------ე მას და მის მეგობრებს ,,კანაფზე დამოკიდებულებს“ და ,,დაშტერებულებს“ ეძახდა, ხოლო მან ბ--–- შეიყვანა სამზარეულოში სალაპარაკოდ და ეკითხებოდა თუ რით იყო იგი კანაფის მწეველებზე უკეთესი?! როდესაც ბ--–----------ემ ჩათვალა, რომ მათი საუბარი დასრულებული იყო, სამზარეულოს კარი გააღო, რა დროსაც კარის მინა ჩაიმსხვრა და შუშის ნაწილი მოხვდა შუბლზე, რის შედეგადაც მიიღო ჭრილობა. ჭრილობა უშუალოდ არ უნახავს, რადგან მასზე სველი ტილო დაიდო ბ--–----------ემ, თუმცა მოგვიანებით პატრულმა ანახა მისი სისხლი. შუშის აღებისას მანაც მიიღო მცირე დაზიანება, მაგრამ არ შეუმჩნევია. ძირს დაყრილი შუშის ნამსხვრევები ბ--–----------ემ აკრიფა და გადაყარა. იგი აგრძელებდა მის ლანძღვა-გინებას. ბრალდებულმა აიყვანა ბავშვი და ეზოში გამოვიდა, ბ--–----------ე კი ეზოში გამოჰყვა მას და იქ აგრძელებდა ჩხუბს. ამ დროს ეზოში მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და იკითხეს, პატრული მათ გამოიძახეს თუ არა. მისთვის უცნობი იყო თუ ვინ გამოიძახა პოლიცია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ 112-ში მეზობელმა დარეკა, რომელმაც მათი ხმამაღალი საუბარი გაიგონა. პოლიციის მოსვლისას მას ბავშვი მხრებზე ჰყავდა შემოსმული. მათ დანახვაზე ბ--–----------ემ პოლიციელებს უთხრა, რომ მას არ გამოუძახია, თუმცა მათი დახმარება სჭირდებოდა, რის გამოც პოლიციელები იტალიურ ეზოში შევიდნენ. ბ--–----------ემ პოლიციელებს ასევე უთხრა, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აგრძელებდა მის ლანძღვას. ადგილზე ასევე მივიდნენ გამომძიებლებიც, რომლებმაც ბ--–----------ეს შესთავაზეს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა მისი დაკავება. დაკავების შემდეგ კი ბ--–----------ე პოლიციის ეზოში დადიოდა და თავში ხელებს იშენდა ,,ეს რა გავაკეთეო“, რის გამოც პოლიციელმა მას ჰკითხა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხომ არ იყო, რაზეც უპასუხა, რომ ბ--–----------ე ალკოჰოლს საერთოდ არ სვამდა. ამ ინციდენტის დროს ბავშვს დედის დაზიანების ფაქტი არ დაუნახავს, რადგან მას ორი კარი აშორებდა. გარდა ამისა, მაგ დროს გ-------–ი 2 წლის და 5 თვის იყო და ვერ აღიქვამდა სიტუაციას და იგი ტიროდა დედამისის ჩხუბის გამო.
მას ბ--–----------ისთვის სილა არ გაურტყამს, სილის გარტყმით ისეთი ჭრილობა არ დარჩებოდა, რაც მას ჰქონდა და რაც ექსპერტმა დაადგინა. მსგავსი კონფლიქტი 2018 წლის 22 აგვისტომდე მათ შორის არ ყოფილა და რომ ყოფილიყო, ბ--–----------ე თავისუფლად მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს.
2.10. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ლ-–-------–---ის მიერ ბ--–----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.13. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.14. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
2.15. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბ--–----------ე დაახლოებით 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-–-------–---თან, რომელთანაც ჰყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2 წლის გ-------–------–---ი.
2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ბ--–----------ემ სასამართლოს დამაჯერებლად, ცალსახად და მკაფიოდ მოახსენა ლ-–-------–---ის მხრიდან მასზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. მისი განმარტებით, ლ-–-------–---ი ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბავშვი შეეძინათ, მის მიმართ გახდა აგრესიული და თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 22 აგვისტოს საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების დროს სახეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო მათი 2 წლის შვილი გ-------–------–---იც. 2018 წლის 24 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, ბ--–----------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე და მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და მარცხენა წარბის გარეთა კიდესთან ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს; პაციენტის #9-- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ,,2018 წლის 22 აგვისტოს, 22:15 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოცხადდა ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც პაციენტ ბ--–----------ეს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვა. მათ ადგილზე დახვდათ პოლიციის ეკიპაჟი. ბ--–----------ის განცხადებით, მას ქმარმა დაარტყა მუშტი მარცხენა თვალბუდის არეში. პაციენტს აღენიშნება ნაკაწრი ჭრილობა და გემატომა“.
2.17. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების - პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–ის, გამომძიებელ ა-–-------------------–---–ის და უფროსი ექიმის ო-–----------–--–---–ის ჩვენებებს, რომლებმაც ნახეს დაზარალებული ბ--–----------ე ინციდენტიდან მყისიერად, როდესაც ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე ძალადობის კვალი, იყო აღელვებული, ტიროდა და დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან. დაზარალებული მათთან საუბრისას აცხადებდა, რომ დაზიანება ლ-–-------–---მა მიაყენა დარტყმის შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებანი და ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.
სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ---–--------------–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - ბ--–----------ემ პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - ლ-–-------–---მა მიაყენა, ასევე ექსპერტის პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: - შემოწმების მომენტში ბ--–----------ე უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში. სასამართლოსთვის საინტერესოა დაზარალებულის მოქმედებები გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც პოლიციელებს განუცხადა, რომ მართალია თავად არ ჰქონდა დარეკილი 112-ში, მაგრამ ნამდვილად საჭიროებდა პოლიციის დახმარებას. მას შემდეგ ბ--–----------ეს გამოძიების არც ერთ ეტაპზე და არც სასამართლოში, არ შეუცვლია პოზიცია და განმარტა, რომ ლ-–-------–---ის წინააღმდეგ ჩვენებას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აძლევდა, რომლის თანდასწრებითაც ძალადობდა იგი მასზე. 2018 წლის 22 აგვისტოს ბ--–----------ესთან ყვირილისა და ხმამაღალი საუბრის ფაქტი არ უარყო თავად ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი ურთიერთშელაპარაკება გაიგონა მეზობელმა, რომელმაც გამოიძახა პოლიცია.
2.18. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბ--–----------ე დაახლოებით 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-–-------–---თან, რომელთანაც ჰყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2 წლის გ-------–------–---ი. თანაცხოვრების განმავლობაში ლ-–-------–---ი სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს ბ--–----------ეს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ლ-–-------–---მა მეუღლეს, ბ--–----------ეს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და სახის არეში დაარტყა ხელი, რამაც ბ--–----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება მან განახორციელა არასრულწლოვანი შვილის გ-------–------–---ის თანდასწრებით.
2.19. ბ--–----------ეზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების - პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–ის, გამომძიებელ ა-–-------------------–---–ის და უფროსი ექიმის ო-–----------–--–---–ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს შემთხვევის ადგილზე თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე დაზიანება. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმავე მოწმეების ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ბ--–----------ე შემთხვევის ადგილზე იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ--–----------ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი ბ--–----------ე უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში.
2.20. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-–-------–---მა ბ--–----------ის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა მათივე არასრულწლოვანი შვილის - გ-------–------–---ის თანდასწრებით, შემდეგ გარემოებათა გამო: ლ-–-------–---ის და ბ--–----------ის ვაჟი - გ-------–------–---ი დაბადებულია 2016 წლის 12 ივლისს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 22 აგვისტოს იგი იყო 2 წლის (მცირეწლოვანი) და ასევე დადასტურებულია, რომ იგი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მოწმეების პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–ის და გამომძიებელ ა-–-------------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენისთანავე, როდესაც პოლიციელები და გამომძიებელი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ბავშვი იმყოფებოდა მშობლებთან, კერძოდ ლ-–-------–---ს კისერზე ჰყავდა შემოსმული, რომელიც ბ--–----------ეს ეკამათებოდა. ასევე ლ-–-------–---ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი არასრულწლოვანის თანადასწრებით დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებითაც, სადაც იგი განმარტავს, რომ - ,,ლ-–-------–---ის ყვირილზე გ-------–მა ტირილი დაიწყო, მას სამზარეულოდან გარეთ გასვლა უნდოდა. ლ-–-------–---მა კარი გამოაღო, რა დროსაც კარში ჩასმული შუშა ჩაიმტვრა. მას ამ დროს ბავშვი ხელში ეჭირა. დიდ ოთახში გასვლისას ლ-–-- ხელი ჩაარტყა თავის არეში, მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც მხრებზე დაეჯაჯგურა. მან დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და დახმარების თხოვნა. ამ დროს ბავშვი ტიროდა“. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ გ-------–------–---ი, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო 2 წლის, როდესაც ბავშვი, არ არის დამოუკიდებელი (უჭირს სიარული, ლაპარაკი) და მეტწილად დამოკიდებულია დედაზე, რომელთან ერთადაც ატარებს ძირითად დროს. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა ლ-–-------–---ის და ბ--–----------ის მცირეწლოვანი შვილი - გ-------–------–---ი.
2.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.22. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულის და ირიბ, მათ შორის ძირითადად საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, ბავშვი, რომლის თანდასწრებითაც ძალადობის ჩადენას ედავება ბრალდების მხარე ლ-–-------–---ს, შემთხვევის დროს იყო 2 წლის, რის გამოც იგი ვერ გააცნობიერებდა მომხდარს, რის გამოც ლ-–-------–---ს ბრალდებად არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
2.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–ის ჩვენებას ვერ განვიხილავთ როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან იგი ადასტურებს, რომ დაზარალებული მისგან და მისი მეწყვილისგან ითხოვდა დახმარებას, იგი იყო აღელვებული, ტიროდა და მას სახეზე ეტყობოდა დაზიანება.
2018 წლის 22 აგვისტოს, ბ--–----------ეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლომ უტყუარად დაადგინა ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მითითებულ ინფორმაციასთან და უტყუარად ადგენს, რომ ბ--–----------ემ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ბრალდებულის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რითაც უტყუარად დადასტურდა ბ--–----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ფიზიკური ძალადობის კვალი), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა პაციენტის #9-- სამედიცინო ბარათი, სადაც დაზარალებული ზედმიწევნით უთითებდა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა მას ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება.
2.24. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით - სასამართლოს სურს განავითაროს მსჯელობა, მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა არასრულწლოვნის თანდასწრებით, კერძოდ დაცვის მხარის მითითება, რომ 2 წლის გ-------–ი ვერ აღიქვამდა მოვლენებს და უნდა ჩაითვალოს რომ დანაშაული ბავშვის თანდასწრებით არ განხორციელებულა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და არ ეთანხმება დაცვას ამგვარ მსჯელობაში, რადგან შესაძლოა 2 წლის ბავშვმა ვერ გადმოსცეს და გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ვერ გაიხსენოს მოვლენები, თუმცა ყურადღებამისაქცევია ბავშვის იმწუთიერი ემოცია, როცა ისმენს და ხედავს მშობლების ხმამაღალ საუბარს, ატირებულ დედას, რაზეც ბავშვს უჩნდება დაუცველობის განცდა, შიში და ბავშვის ემოციური მდგომარეობა გამოიხატება მის ტირილში. სწორედ ის, რომ ვერ მოხდა გ-------–ის გამოკითხვა ფსიქოლოგის მიერ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს იმ წუთას არ აქვს განცდილი შიში და არ იმყოფებოდა ემოციებში. აღნიშნულ მსჯელობას სასამართლო ამყარებს დაზარალებულ ბ--–----------ის ჩვენებაზე, სადაც იგი აღწერს, რომ - ,,ხსენებული ინციდენტიდან 2-3 კვირის განმავლობაში, როდესაც იგი იმ საწოლთან ჩამოჯდებოდა, სადაც დარტყმის შედეგად შვილთან ერთად წაიქცა, მისი შვილი ეუბნებოდა, რომ არ დამჯდარიყო იქ, რადგან მამა ისევ დაარტყამდა. შემდეგ იძულებული გახდა სახლის ინტერიერი შეეცვალა, რომ გ-------–ს ეს ფაქტი დავიწყებოდა. ასევე გარკვეული პერიოდი, გ-------–ი მასთან მიდიოდა და ურტყამდა, შეკითხვაზე თუ რატომ ურტყამდა, პასუხობდა, რომ მამამ დაარტყა და ასე უნდოდა“.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–მა, რომელმაც გ-------–------–---ზე ჩაატარა დაკვირვება, განმარტა, რომ ,,ბავშვი უცხო ხმის გაგონებაზე კრთებოდა, თამაშს წყვეტდა და კითხულობდა თუ რა ხმა იყო. შესაბამისად მას საფრთხის შეგრძნება უჩნდებოდა უცხო, უცნაურ ხმებზე, თუმცა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვერ ისაუბრებდა თუ საიდან გამომდინარეობდა მისი ეს რეაქცია“. ზემოაღნიშნული ფაქტებიც ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ 2 წლის გ-------–------–---ისთვის ჩვეულებრივად აღქმადი იქნებოდა მის მშობლებს შორის მომხდარი შემთხვევაც.
თუმცაღა სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ბავშვის ემოციები და აღქმადობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ქმედების ამგვარად დაკვალიფიცირებისთვის, რადგან თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა, რომ იგი ჩადის ძალადობრივ ქმედებას ბავშვის თანდასწრებით, ეს უკვე შესაძლოა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად ამგვარი დანაშაულისთვის. ასევე ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ თავად დამნაშავის პიროვნულ მახასიათებლებზეც, ის, რომ იგი ძალადობს საკუთარი ოჯახის წევრზე - მეუღლეზე, ამასთან ამას ახორციელებს და საკუთარ რისხვას ვერ იკავებს მისივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, დამნაშავისთვის შემაკავებელი ვერ ხდება მისივე შვილის დანაშაულის ადგილზე ყოფნა, დამნაშავესათვის ასევე არ არის შემაკავებელი მისი მცირეწლოვანი შვილის ემოციები, ტირილი და განცდები. ასევე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ამ შემთხვევაში მსხვერპლის გაორმაგებული განცდა - პირველი ის, რომ მის მიმართ მისივე ოჯახის წევრის მხრიდან ხორციელდება ძალადობა და მეორე ამას ხედავს, მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ტირის და ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა, მეტ შიშსა და დათრგუნულობას აღძრავს მსხვერპლში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც არასრულწლოვანის (მცირეწლოვანის) აღქმადობა ძალადობის მიმართ, თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით და მსხვერპლის გაორმაგებული განცდები, დამამძიმებელ ფონად მიყვება მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ამგვარ ძალადობრივ ქმედებებს.
2.25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთ თავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.5. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის (პირის, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი) თანდასწრებით. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
3.6. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლ-–-------–---ი და ბ--–----------ე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების განმავლობაში ლ-–-------–---ი სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს ბ--–----------ეს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ტ---------------------ში, ლ-–-------–---მა მეუღლეს, ბ--–----------ეს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და სახის არეში დაარტყა ხელი, რამაც ბ--–----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება მან განახორციელა არასრულწლოვანი შვილის გ-------–------–---ის თანდასწრებით.
3.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) შემადგენლობის ყველა ნიშანი. ამასთან, ლ-–-------–---ის მიერ ოჯახური ძალადობა ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თანდასწრებით, - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ლ-–-------–---ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
5.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ლ-–-------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მის ნასამართლობას, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ-–-------–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
5.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
5.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ლ-–-------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ბ--–----------ეს, რომელიც განიცდიდა ტანჯვას, ასევე 2 წლის შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მასზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ლ-–-------–---ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ლ-–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 9 (ცხრა) პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ერთი პაკეტი წამალი და თანხა 45 (ორმოცდახუთი) თეთრის ოდენობით, მობილური ტელეფონი ,,NOKIA” და სამაჯურები დალუქული ერთ პაკეტად (რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში), - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე