განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
240100118002790275
დავის ტიპი
126 1 , 116 1
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002790275 №1/129

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22.03.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ტ------–------ე

დაბადებული: 13.10.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

პირადი ნომერი: 2----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: მარტვილის რაიონი, სოფელი ნ---------, მე-11 ქუჩა №--

 

ადვოკატი - ზ--------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ტ------–------ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები.

 

სასამართლომ დაადგინა:

2. 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, ქ.სენაკში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ------–------ემ ხელი დაარტყა სახის არეში კ---------------ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაეცა და თავი დაარტყა ბეტონის ფილას. აღნიშნულის შედეგად მიღებული ქალა-ტვინის დაზიანების გამო კ--------------- 2018 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

3. ბრალდებულმა ტ------–------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

5. 2018 წლის 12 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.სენაკი, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მ----------–---–---მ მიუთითა ის ადგილი სადაც კ---------------ს სახის არეში მუშტი დაარტყა შუახნის მამაკაცმა, ტ------–------ემ, რაც ფოტოილუსტრირებულია.

 

6. 2018 წლის 18 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ კ---------------ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება დარბილებით, ლეპტომენინგოენცეფალიტის ჩამოყალიბებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით (შპს აკ.ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8674/18-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N579/9 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 28.10.18წ) მონაცემების თანახმად კ---------------ს ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 28.10.18 წ. 08:00 სთ-ზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. კ---------------ს გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტაციით სისხლჩაქცევა კეფის მიდამოში. ქალას სარქველის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა. სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მაგარ გარსზე, თავის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. თავი ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპება დარბილებით, ლეპტომენინგოენცეფალიტით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან -

სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გარდა აღნიშნულისა კ---------------ს გვამზე აღენიშნებოდა ქირურგიული ოპერაციის: მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელ-კეფის მიდამოს ტრეპანცია, ტრამვული სუბდურული ჰემატომის ევაკუაციის (12.09.18წ), ტრავმული ინტრაცერებრული ჰემატომის ევაკუაცია, მარჯვენამხრივი ვენტრიკულოსტომიის (17.09.18წ), მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელ-კეფის ეპიდურული ჰემატომის ევაკუაცია, თავის ტვინის დეკომპრესიის (19.09.18წ) მარცხენამხრივი ვენტრიკულოსტომიის (27.09.18) და ტრაქეოსტომიის (21.09.18წ)- შემდგომი მდგომარეობები. სამედიცინო მანიპულაციების მარცხენამხრივი ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაციის და ინექციების შემდგომი კვლები. კ---------------ს გვამზე ასევე აღენიშნებოდა ტროფიკული წყლულები - ე.წ ,,ნაწოლები’’ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ცენტრალურად შუა და ქვედა მესამედებში ხერხემლის ხაზზე და გავის მიდამოში ცენტრალურად.

მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა შ--------------ემ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.

 

7.მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ შ-------------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს დაურეკა მეუღლის მეგობარმა, გ-------–-----მ რომელიც არის მძღოლი და უთხრა რომ კახას ხელი დაარტყეს და დარტყმის შედეგად წაიქცაო, ის თვითონ იქ არ იმყოფებოდა ვიღაცას უთქვამს მისთვის და მან მერე მას დაურეკა. წაქცევის შედეგად ბეტონზე დაურტყია თავი, ყბის ძვალი ჰქონდა გატეხილი, სენაკის საავადმყოფოდან გადაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში და იქ გაუკეთეს ოპერაცია, მას სამჯერ დასჭირდა ოპერაცია, 45 დღის შემდეგ გარდაიცვალა კახა.

 

8. მოწმე მ----------–---–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 09:40 საათისთვის იმყოფებოდა ქ.სენაკის სადგურში, კახაბერ ჯ--------- კი დაახლოებით 11:20 საათისთვის მივიდა, მათთან მივიდა ტ------–------ე და იკითხა კ--------------- რომელიაო, კახა როგორც კი მიბრუნდა მისკენ და უთხრა მე ვარ კახაო ტ------–------ემ ეგრევე ხელი დაარტყა სახეში და დარტყმის შედეგად კახა წაიქცა, წაქცევის დროს კახამ თავი ბეტონის ფილას დაარტყა და შემზარავი ხმა ჰქონდა, ამ დროს თვითონ იჯდა, რადგან ფეხის ტკივილს უჩივის და უცებ ვერ წამოდგა, დაუყვირა რა ქენი ბიჭო კაცი მოკალიო? ამ დროს ტ------–------ე გაიქცა, მათთან ზ-------–---–--- იყო, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, რომელსაც უთხრა წადი გაეკიდე მაგას არ გაუშვაო, ის კი კახასთან მივიდა და უთხრა კარგი ბიჭო ნუ გეშინიაო, ენა უვარდებოდა და იქ ერთი ბიჭი იყო რომელიც მიეშველა მას და ამ დროს კახამ ცოტა ამოისუნთქა, შემდგომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ჩააწვინეს სასწრაფოს მანქანაში, ზური შულაია ჩაჯდა მასთან და ის კი მანქანით გაჰყვა უკან. შემდეგ საავადმყოფოში უთხრეს თავის ქალა აქვს გატეხილიო და სასწრაფოდ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ პოლიციაში დაიბარეს გამოკითხვაზე, სადაც ტ------–------ე ნახა და უთხრა რა ქენი რატო მოკალი ის კარგი კაციო, რაზედაც ტ------–------ემ უპასუხა: ჩემს მარჯვენას ვენაცვალე, წარსულის (ჟღამი) გესლი ამოვიღეო. შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა.

 

9. მოწმე პ----------–---–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, როდესაც მოდიოდა ფოთიდან, ქ.სენაკში სადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სახლში აპირებდა წასვლას, რა დროსაც დაინახა ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ერთმა ხელი დაარტყა მეორეს, რომელიც წაიქცა, წაქცევისას თავი დაარტყა და საშინელი ხმა გამოსცა, იქ ირგვლივ ხალხიც იყო, როდესაც გაქცევას ცდილობდა მისთვის უცნობი პიროვნება, ის გაეკიდა და დაიჭირა, როდესაც გამოკითხა პოლიციამ აღნიშნული პიროვნება, მაშინ გაიგო რომ ეს იყო ტ------–------ე. ადგილზე შედგა დაკავების ოქმი და ხელი მოაწერეს აღნიშნულ ოქმს. ტ------–------ე ამბობდა რომ ძველი ამბავია და ადრე უნდა მეცემა ეს კაციო. როდესაც მას ტ------–------ე ჰყავდა დაკავებული, ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვიდა და გადაიყვანეს კახაბერ ჯ---------, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო.

 

10. მოწმე ზ-------–---–---მ განმარტა, რომ კახაბერ ჯ--------- იყო მისი ნათლული, იცნობდა ბავშობიდან, მას არავისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. 2018 წლის 12 სექტემბერს, იჯდა მანქანის უკან და საუბრობდა ტელეფონზე, ხმა გაიგო რაღაც დავარდნის და რომ გამოვიდა დაინახა კახა ძირს ეგდო, რა მოუვიდაო იკითხა და მ----------–---–---მ უთხრა რომ იმ კაცმა დაარტყაო. ტ------–------ე გარბოდა და გამოეკიდა მას. ტ------–------ე მას არ უნახავს ადრე, უთხრეს რომ თავიდან კითხულობდა სოსოსო, კახა როდესაც იკითხა ესმოდა. კახაბერს გარეგნულად დაზიანება არ ეტყობოდა. როდესაც ექიმი ეკითხებოდა რა გქვია რა გვარი ხარო კახაბერი პასუხობდა.

 

11. მოწმე ნ----------–--მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.სენაკის არქიმედეს კლინიკაში რეანიმატოლოგად, 12 სექტემბერს იმყოფებოდა მორიგედ და შემოყვანილ იქნა პაციენტი კახაბერ ჯ---------, მას გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა გულისრევა, იტკიებდა თავს ძალიან ძლიერად, იყო დეზორიენტირებული, არაადეკვატური, შემოსვლისას იყო კონტაქტური, მის ჩივილებს თვითონ აღნიშნავდა, პირველ ეტაპზე ჩატარდა გამოკვლევები, გამოძახებულ იქნა ნევროლოგი, შეფასდა პაციენტი მძიმედ, მისი ცნობიერება იბინდებოდა, რაც გამოხატულია თავის მძიმე ტრამვით, კლინიკაში დაახლოებით დაჰყო მან 2 საათი, ამ 2 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა თანდათანობით მძიმდებოდა, ის ძილისკენ იყო მიდრეკილი, ოპერატიულად გამოძახეს კატასტროფის ბრიგადა და გადაიყვანეს ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში იმავე დღეს პაციენტის შემოსვლიდან 2 საათში. მას როდესაც შეეკითხეს რა მოუვიდა, ამაზე არ უპასუხია. დიაგნოზი იყო ინტაკრანიალური ტრამვა.

 

12. მოწმემ, უ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ნეიროქირუგად, 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 14:00-15:00 საათისთვის შეყვანილ იქნა პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მისი ნახვის პერიოდში იმყოფებოდა მართვით სუნთქვის ქვეშ, რის გამოც ცნობიერების შემოწმებას ვერ ახდენდნენ, იყო კომატოზურ მდგომარეობაში, რაც მიუთითებს რომ თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება მიმდინარეობს ამ დროს. საფეთქლის და თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ფიქსირდებოდა რადიოლოგიური კვლევით, მოტეხილი ხაზი ვრცელდებოდა მარცხენა თხემის ძვალზე, ეს იყო ორივე თხემის ძვალი და მარჯვენა საფეთქელი. ჩატარდა ოპერაციული ჩარევა. არ არის აუცილებელი ადამიანი დაეცეს კონკრეტულად თხემის ან საფეთქლის მიდამოთი ის შეიძლება განვითარდეს როგორც პროპორციული შუბლის, კეფის და უშუალოდ საფეთქლის ტრამვის შედეგად, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა კეფის ტრამვის შედეგად განვითარებულიყო. ამ ტრამვის შედეგად, რადგან ეს იყო შეუქცევადი დაზიანება, ღეროს დისლოკაცია, ორმხრივი მიდრიაზი, ასეთი პაციენტების სიკვდილი არის 96 %.

 

13. გამომძიებლებმა ვ-----------–--------–--–მა, გ-----------მ, რ------------–--მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ზ---------------მ, გ-----------–--მ, ი------------მ, დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

 

14. ბრალდებულმა ტ------–------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ოთხშაბათს ჩავიდა სენაკში, ბაზარში იყიდა ნაყინი, სანამ ნაყინზე წავიდა სადგურში მივიდა, იკითხა კ--------------- და უპასუხეს 12 საათისთვის მოვაო. საათი იკითხა რომელი საათიაო უპასუხეს 11:10 წუთიაო. იქ მარტვილის მძღოლი იდგა, სახელი და გვარი არ იცის, მათთან ახალგაზრდა ბიჭებიც იდგნენ, მივიდა მათთან და რა გქვია სახელიო ჰკითხა, ვინ ხარ შენ რა გაინტერესებსო უთხრეს, ნახა კ--------------- მან ხელი მოუქნია და მუშტი მიადო სახეზე და უკან გაიწია, ის გამოიწია მაგრამ ხელი არ დაარტყა, მერე გაბრუნდა ისე მარტვილის მძღოლმა დაუძახა რატომ დაარტყიო, მას არ უპასუხია, გაიარა ოცი მეტრი და ქალბატონის კივილი მოესმა სასწრაფოს დაურეკეთო, მან იფიქრა ალბათ ვიღაც მოხუცი ქალბატონია ცუდათო და წავიდა ბაზრისკენ. ვიღაც პირდაპირ მოდიოდა მისკენ შეეშინდა და რა გინდაო უთხრა მას, მიხვდა რომ მოსდევდა და დააკავა, მაშინ უთხრა მას მე ცამდე მართალი ვარო. შემდეგ პოლიციის მანქანაში ჩასვეს, პოლიციაში, როცა მივიდა მაშინ გაიგო რომ წაქცეულა კახაბერ ჯ---------. მას კახა ჯგერენაის მიმართ წყენა ახსოვდა 1993 წიდან, როდესაც ნაცნობი ქალების თანდასწრებით ავტობუსის მძროლმა კ---------------მ მას ფეხი დაარტყა. ამ დღიდან წყენა ვერ დაივიწყა.

 

სამართლებრივი შეფასება:

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ტ------–------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ტ------–------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ტ------–------ის მიერ დანაშაულის ჩად ენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

16. სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ტ------–------ის მიერ დანაშაული ჩადენილია დაუდევრობით. იგი არ ითვალისწინებდა კახა ჯგერენიას გარდაცვალების შესაძლებლობას, თუმცა კონკრეტული ვითარება, დანაშაულის ხერხი და ადგილი _ კახა ჯგერენაისთვის ხელის ძლიერად დარტყმა, დარტყმის მოულოდნელობა, მსხვერპლის მოუმზადებოლობა და მყარი ბეტონისა და ქვის ზედაპირი, ერთობლიობაში ტ------–------ეს აძლევდა შესაძლებლობას გაეთვალისწინებინა მისი მოქმედებით ადამიანის გარდაცვალების შესაძლებლობა.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ ტ------–------ეს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარდგენილი აქვს არასწორად და იგი უნდა ამოირიცხოს , როგორც ზედმეტად წარდგენილი. ტ------–------ის მიერ კასხა ჯ---------ს სიცოცხის მოსპობა გაუფრთხიულებლობით განხორციელდა მხოლოდ ერთი მოქმედებით. ხელის სახეში დარტყმით, რამაც გამოიწვია პირის დაცემა და სასიკვდილო დაზიანების მიყენება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქმედების აუცილებელი ელემენტის-დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენიული ქონდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ექიმ ნევროპათოლოგის, ვარლამ ნადარიას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ კ---------------ს ხელის დარტყმა მიაყენაბდა ტკივილს. ეს განმარტება, წარმოადგენს მხოლოდ მოსაზრებას. მისი ჭეშმარიტების შემთხვევაშიც კი, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით სს-კ 126-ე მუხლის წარდგენა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და იგი მოცულია სსსკ-ის 116-ე მუხლით, რადგან სწორედ ხელის დარტყმა გახდა პირის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ძირითრადი მიზეზი.

 

18. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ტ------–------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს. აბსოლუტურად არადამაჯერებელის ბრალდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მუშტი კ---------------ს მოუქნია, სახესთან მიუტანა და არ დაურტყამს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებული წლების მანძილზე აქტარებდა კახაჯ---------ს მიმართ წყენას და ცდილობდა ეპოვა ხელსაყრელი შემთხვევა მისთვის სამაგიეროს გადასახდელად და ეცემა იგი, დანაშაულის ჩადენის დღეს მივიდა ავტოსადგურში და იკითხა, სად იყო კ---------------, პირდაპირი მტკიცებულებეით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა რომ მან ძლიერად დაარტყა სახის არეში ხელი კ---------------ს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა და თავი დაარტყა ბეტონის საფარზე, დაცემისას გაისმა შემზარავი ხმა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო თავის ქალის მთლიანობის დარღვევით. შესაბამისად ბრალდებულის წინარე განწყობა, მისი მომზადება და მის მიერ განხორციელებული მოქმედებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დანაშაულის ჩადენას.

 

19. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ტ------–------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

ტ------–------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

20. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

21. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

22. ბრალდებულ ტ------–------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

23. დანაშაულის მოტივის, მისი ჩადენის ხერხისა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით,(მოწმის განმარტებით კ---------------სთვის ხელის დარტყმისა და მისი დაცემის შემდეგ, ბრალდებულმა ერთგვარი კმაყოფილება გამოხატა) ტ------–------ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ტ------–------ეს ამოერიცხოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ტ------–------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ტ------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.

 

3. მსჯავრდებულ ტ------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.2 პერანგი და შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე