განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ _ კ---- მ–------ის
ადვოკატ - კ------- მ----–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ კ---- თ------ის ძე მ–------ის, დაბადებულის 1--- წლის---------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ლ---------- რაიონის სოფელ ს------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისში, დ--------------–---–-- ქუჩა, კორპუსი #--- ბინა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- მ–------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- მ–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ს-------–---–-ს ქუჩა #--- ბინა #---ში კ---- მ–------ემ მეუღლეს - ხ------- ხ--------ს ძლიერად დაარტყა ხელები სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა და საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. კ---- მ–------ის ქმედებით ხ------- ხ--------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- მ–------ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს: მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შსს სსიპ „112“-დან გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინების დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, ამოღებულ სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ასევე მოისმინა მხარეთა შესავალი და დასკვნითი სიტყვები, დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- მ–------ემ ჩაიდინა არა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ, არამედ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ ცნობილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ კ---- მ–------ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით არასწორია, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება (მაგ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), რითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ კ---- მ–------ის ქმედებით ხ------- ხ--------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
მაშასადამე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- მ–------ემ ჩაიდინა მეუღლის - ხ------- ხ--------ის მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატა სახისა და თავის არეში ხელების დარტყმაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, კ---- მ–------ემ პასუხი უნდა აგოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ კ---- მ–------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და საქმის მასალების მიხედვით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, რის გამოც სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია კ---- მ–------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ, როგორც საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებითა და სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ გაკეთებული განმარტებით დგინდება, ამ უკანასკნელს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აქვს შემრიგებლური პოზიცია და სასამართლოსაგან ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რითაც შემცირებულია მეუღლეებს შორის ძალადობის რეციდივის რისკი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო ბრალდებულის პიროვნების, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - შინაპატიმრობას ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს მათი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე (მისი თქმით, არის საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი), ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა შინაპატიმრობის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს აღნიშნული საქმიანობის შესრულებას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ---- მ–------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-270-ე, 272-274-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---- მ–------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და კ---- მ–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ კ---- მ–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 7 დეკემბრიდან - 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. მსჯავრდებულ კ---- მ–------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. კ---- მ–------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი