გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.03.2019
საქმის ნომერი
330310019002814584
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/442-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.03.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ზ--------------ი

წარმომადგენელი მ--–--------–-----ი

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი ლ-------------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება ზ--------------ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე (იხ. 2019 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 24 დეკემბერს ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ზ--------------იმ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ზ-------------- გაფრთხილებულ იქნა მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზისა და მისი არ აღმოფხვრის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ზ--------------ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ამავე ბარათით განმცხადებელს ეცნობა, რომ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღია 23.1.2019 წელი.

 

მტკიცებულება, რომ.ელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პასპორტის ასლი (71-73).

- ზ--------------ის 2018 წლის 24 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 82-85).

- განცხადება (ს.ფ. 86).

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 87-88).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 დეკემბრის N1---------/7 წერილით ზ--------------ის აცნობა რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ მის მიერ წარსადგენია: 1. საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისიწნებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. შემფასებლის დასკვნა. მოსარჩელეს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 10 იანვრამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 დეკემბრის N1---------/7 წერილი (ს.ფ. 69-70).

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 დეკემბრის N1---------/7 წერილით ზ--------------ის ასევე აცნობა, რომ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლისა და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ი----------–------- რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის წარდგენა 2019 წლის 10 იანვრამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 დეკემბრის N1---------/7 წერილი (ს.ფ. 67-68).

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №1--------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 24 დეკემბრის №1--------- განცხადება, ზ--------------ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64-65).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

5.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

5.3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ზ--------------ის განცხადება, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

სასამართლო მიუთითებს, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

 

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა კი მოცემულია ამავე დადგენილების მე-122 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმადაც, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება); ვ) ფოტოსურათი, ზომით ¾; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

6.3. დადგენილია, 2018 წლის 24 დეკემბერს ზ--------------იმ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ზ--------------ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: . ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 დეკემბერს ზ--------------ის დაუდგინა ხარვეზი და მოსთხოვა ხარვეზით დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 10 იანვრამდე წარდგენა. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელში მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოსარჩელისათვის უცნობი იყო ხარვეზის შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ ზ--------------ის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ N1--------- საქმეზე ხარვეზის დადგენის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში აიტვირთვა და ვებგვერდზე www.sda.gov.ge განთავსდა 2018 წლის 30 დეკემბერს, ხოლო განუხილველად დატოვების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 10 იანვარს. ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ზ--------------ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge. ამავე ბარათით განმცხადებელს ეცნობა, რომ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღია 23.01.2019 წელი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მითითებულ ვადაში მოთხოვილი დოკუმენტები არ წარუდგენია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო აქტი გამოცემულია განსაზღვრული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ასევე ახალი აქტის გამოცემის დავალები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია