გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7798-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.03.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე შ----------------ნ
წარმომადგენელი გ-----------–--–--ა
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი თ---------------–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება.
1.2.დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღადგინოს მოსარჩელე შ----------------ნის სახელზე გაცემული ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის მოქმედება (იხ. 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 09 იანვრის N1--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ----------------ნის განცხადება და მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 9 იანვრიდან 2016 წლის 09 იანვრამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილებით შ----------------ნს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 28 მაისამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის N1--------- გადაწყვეტილებით შ----------------ნს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 1 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 09 იანვრის N1--------- გადაწყვეტილება (სფ. 58-59).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება (სფ. 60-61).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის N1--------- გადაწყვეტილება (სფ. 62-63).
3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 20 აპრილის N1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა შ----------------ნისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 20 აპრილის N1---------/1 წერილი (ს.ფ. 57).
3.1.3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 05 მაისის MIA 8------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს შ----------------ნის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 05 მაისის MIA 8------------ წერილი (ს.ფ. 56).
3.1.4. შპს დ-----------–---------------–--------------------მა 2018 წლის 26 მარტს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურს და აცნობა, რომ შპს ,,დ-----------–---------------–----------------------’’ დ---–-----------–-----------ის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის - პრობლემაზე დაფუძნებული ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებით V----------- (III კურსი) სტუდენტს - ა-----------–-----ბ, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან. მოცემული წერილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 აპრილს გაუგზავნა შ----------------ნს წერილი მასზედ, რომ მას უფლება ჰქონდა, როგორ დაინტერესებულ მხარეს ჩართულიყო საქმისწარმოების პროცესში 2018 წლის 27 მაისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს დ-----------–---------------–---------------------- 2018 წლის 26 მარტის N01-783 წერილი (ს.ფ. 55).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0-------- წერილი (ს.ფ. 64).
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის N1--------- გადაწყვეტილება შ----------------ნის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნაბართვის გაცემის შესახებ; მოსარჩელის მიმართ გაცემული საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის 12 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 66-67).
3.1.6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 24 ოქტომბრის N3-- ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (ჯ-----–-----------–------) სწავლის უფლება მიენიჭა შ------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 24 ოქტომბრის N3-- ბრძანება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ----------------ნის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შ----------------ნის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; ამავე კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით, შ----------------ნის საქმისწარმოების პროცესში გამოვლინდა მისთვის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტი არ შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, მოცემული ნორმის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;
საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 24 ოქტომბრის N3-- ბრძანება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (ჯ-----–-----------–------) სწავლის უფლება მიენიჭა შ------------------ს. ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი, რამეთუ მოსარჩელეს საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე არ დაუსრულებია სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, კი სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღადგინოს მოსარჩელე შ----------------ნის სახელზე გაცემული ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის მოქმედება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება.
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღადგინოს მოსარჩელე შ----------------ნის სახელზე გაცემული ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის მოქმედება.
4. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის - შ----------------ნის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია