გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2019
საქმის ნომერი
330310018002791447
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/8174-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი

 

მოსარჩელე - ა-------------------–--–--------–-----

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ----------–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება ა-------------------–--–--------–-----ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-------------------–--–--------–-----ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ა-------------------–--–--------–----- (დაბადებული 2----–-–----------ს) არის ე-------- ა-----------------–---- მოქალაქე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 13);

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 34-37);

- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 38);

 

3.2. შპს ს----------–--------------------- 2018 წლის 19 ნოემბრის N0------- ცნობის თანახმად, ა-------------------–--–--------–----- არის ი-–-------------–----------------------–------------------------------- სტუდენტი და ს----------–-------------------–ი ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ს----------–--------------------- პრეზიდენტის 6----- ბრძანების საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 40-41);

 

3.3. სს „თ-----------“-ს 2018 წლის 20 ნოემბრის ცნობის თანახმად, ა-------------------–--–--------–-----ი არის ანგარიშ(ებ)ის მფლობელი სს „თ----------ში“ და ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 20.11.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 2---.00 ლარს და 3---.00 აშშ დოლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სს „თ-----------“-ს ცნობა (ს.ფ. 39);

 

3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ა-------------------–--–--------–-----ს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა სააგენტოში 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა 2018 წლის 27 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 50);

- სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N0------- წერილი (ს.ფ. 57);

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 22 ნოემბრის N1--------- განცხადება და ა-------------------–--–--------–-----ს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 49);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის ა-------------------–--–--------–-----ის 2018 წლის 22 ნოემბრის განცხადება №1--------- სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-------------------–--–--------–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.

 

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

როგორც უკვე აღინიშნა, უცხოელი ვალდებულია სასწავლო ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ა-------------------–--–--------–-----ს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა სააგენტოში 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა 2018 წლის 27 ნოემბერს.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეში დაცულია სამახსოვრო ბარათის ასლი, რომელიც ხელმოწერილია განმცხადებლის მიერ. აღნიშნული ბარათი შეიცავს განმცხადებლის ვალდებულებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაცია მხარეს უნდა მიეღო ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------------------–--–--------–-----ს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მის განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე დოკუმენტი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------------------–--–--------–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------------------–--–--------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე