გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2019
საქმის ნომერი
160310018002678557
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002678557

N3/129-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე: ად--–---------–---ი;

მოსარჩელის წარმომადგენელი: ჯე--------------ვი;

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხის წარმომადგენელი: კა----------------–-ძე;

მესამე პირი: მახ-–----------–--ვა;

წარმომადგენელი: ნა----------–---–ი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისრტაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N892018420351-09 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 აგვისტოს N892018420351-11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N399152 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4 ად--–---------–---ის განცხადებაზე N892018420351 სარეგისტრაციო წარმოების დასრულება-საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე დედასთან - მახ-–----------–--ვან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ფლობდა და სარგებლობდა მა-------–-ს რაიონის სოფელ ყი----–----–--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2310 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებულ 193 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად, ს.კ. 83.01.------.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენდა მახ-–----------–--ვას კომლის წევრს, N892018420351-09 გადაწყვეტილებით - შეაჩერა, შემდეგ კი N892018420351-11 გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა მის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული N892018420351-09 და N892018420351-11 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა კომლის წევრს, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა ს.კ. 83.01.------ უძრავი ნივთი და მას, როგორც კომლის წევრს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის სადაო ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის შედეგად არ დადასტურდა ად--–---------–---ის თანასაკუთრების უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე, რაც გახდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2001 წლის 15 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის N1229 საფუძველზე მა-------–-ს რაიონის სოფელ ყი----–----–--ში მდებარე 0.231 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა აგაქიშიევა მა--–---------------ს საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი 83.01.02.8--, შედგა სააღრიცხვო ბარათი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი 15.12.2001;

- საკადასტრო რუკა 15.12 2001;

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 23 იანვარს საჯარო რეესტრის რეგისტრატორს განცხადებით მიმართა მახ-–----------–--ვმა (წარმომადგენელი კა----------------ი) და მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი 83.01.02.8-- რეგისტრაციის დაზუსტება მოითხოვა, რაც რეგისტრატორის მიერ განხორციელდა, მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი 83.01.------ შედგა საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კა----------------ის განცხადება 23.01.2008;

- ცნობა N15;

- მინდობილობა N1-2979;

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილი 26.12.2007 წ.

- საკადასტრო გეგმა 23.01.2008;

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ად--–---------–---მა (წარმომადგენელი ჯე--------------ვი) და უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ ად--–---------–---ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო საარქივო ცნობა (გაცემული 14.05.2018) რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ას---------–---ის კომლის შესახებ 1971-1975 წლების მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ად--–---------–---ის განცხადება 17.05.2018 თანდართული მასალები;

 

4.1.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ად--–---------–---ის განცხადებასთან დაკავშირებით 2018 წლის 23 მაისს მიიღო N892018420351-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია ას---------–---ის კომლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიიღო N892018420351-03 გადაწყვეტილება;

 

4.1.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმ საფუძვლით, რომ ად--–---------–---ი არ წარმოადგენდა ას---------–---ის კომლის წევრს N892018420351-09 გადაწყვეტილებით - შეაჩერა, შემდეგ კი N892018420351-11 გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N892018420351-09 გადაწყვეტილება;

- N892018420351-11 გადაწყვეტილება;

 

4.1.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 სექტემბერს N399152 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ად--–---------–---ის განცხადება N892018420351-11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N399152 გადაწყვეტილება;

 

4.1.7. დადგენილია, რომ ად--–---------–---ი წარმოადგენს ას---------–---ის კომლის წევრს და ას---------–---ის გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა N15/77698;

 

4.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

4.2.1. დადგენილია, რომ ად--–---------–---ი რეგისტრირებულია ცალკე კომლად იგი არ ირცხება ას---------–---ის კომლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა N15/77698;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ად--–---------–----ს სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N892018420351-09 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2018 წლის 22 აგვისტოს N892018420351-11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2018 წლის 18 სექტემბრის N399152 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შინაარსის მქონე აქტებს, შესაბამისად, სასამართლო შეამოწმებს მათ კანონთან შესაბამისობას.

 

7.2. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება განმარტებულია როგორც სააგენტოს საქმიანობა რეგისტაციის მიზნით, ხოლო ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტად მიიჩნევა სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

მიწის ნაკვეთების სრულყოფილ უფლებრივ და საკადასტრო მონაცემების შექმნას, საჯარო რეესტრის შესახებ კანონთან ერთად, უზრუნველყოფს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ად--–---------–---მა და უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ რეგისტრირებულ მონაცემებში მისი, როგორც კომლის წევრის, თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. თანასაკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად საარქივო ცნობა წარადგინა, რომელიც მოიცავდა ას---------------–-------–----ს კომლის შესახებ ინფორმაციას 1971-1973წწ, 1973-1975წწ, 1976-1979წწ, 1980-1982 წლების მონაცემებს. ამდენად, ირკვევა, რომ ად--–---------–---ს სურდა უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.------ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა, მისი, როგორც კომლის წევრის თანასაკუთრების უფლების აღრიცხვა საკომლო ჩანაწერების შესაბამისად, რომელიც მოიცავდა 1971-1982 წლების პერიოდს.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის მე-11 მუხლი ადგენს კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი), ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

ამდენად, იმისათვის, რომ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდეს კომლის წევრის საკუთრების უფლება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მისი კომლის წევრობა და ეს მონაცემი უდა ემყარებოდეს საკომლო წიგნიდან ამონაწერს, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).

 

დადგენილია, რომ ად--–---------–---ის მიერ წარდგენილი საარქივო ცნობა არ მოიცავდა კომლის შესახებ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვეოდა, რომ ად--–---------–---ი 1986-1996 წლების (ბოლო მონაცემებით) არ წარმოადგენდა ასად მუსა ოგლის კომლის წევრს. მისი წევრობა გადახაზულია და გაკეთებულია ჩანაწერი მისი კომლიდან მუდმივად გასვლის შესახებ.

 

სასამართლო მოსარჩელეს მიუთითებს, რომ კომლი იყო აღრიცხული სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე რეგისტრირებულ ე.წ. ზონარგაყრილ, საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრისა და ოჯახზე რიცხული ქონების აღნიშვნით, რაც საშუალებას იძლეოდა ყოფილიყო სრული მონაცემები ამა თუ იმ სოფლის შესახებ.

 

სოფლად მცხოვრები ოჯახის ანუ კომლის ორი სახე გამოიკვეთა. კომლი თავისი ზოგადი გაგებით და საკოლმეურნეო კომლი. აღნიშნულმა დაყოფამ თავისი სამართლებრივი ასახვა პოვა კანონმდებლობაშიც (1971 წლის მიწის კოდექსი, 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, კოლმეურნეობის სანიმუშო წესდება და სხვა). აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებდა კომლის სამართლებრივ ბუნებას, კომლის ქონებას და მის წევრთა საქმიანობის რეგულირების სამართლებრივ რეჟიმს, თუმცა მასში არ იყო მოცემული კომლის განმარტება - ცნება. კომლი არ ყოფილა და არც არის რაღაც განსაკუთრებული წესით შექმნილი იურიდიული სტატუსის მქონე დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი. კომლი წარმოადგენს ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნია ერთიანი ქონება, როგორც პირადი, ისე საერთო ინტერესები, გარკვეული უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე პირთა მიმართ. მიწისა და საერთოდ, სოფლის მეურნეობების სისტემაში რეფორმის განხორციელებამდე, სოფლად ფუნქციონირებდნენ საბჭოთა მეურნეობები და კოლმეურნეობები, რაც განაპირობებდა კომლთა სხვადასხვაობას. სოფელში, სადაც სასოფლო-სამეურნეო საწარმო ფუნქციონირებდა საბჭოთა მეურნეობის სახით, ოჯახები არსებობდა ზოგადი, ჩვეულებრივი კომლის სახლით, ხოლო საკოლმეურნეო სოფლებში, იქ სადაც სასოფლო- სამეურნეო საწარმოები იქმნებოდა კოლმეურნეობების სახით, ოჯახები ითვლებოდა საკოლმეურნეო კომლებად, თუმცა, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბერის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობებისა და მეურნეობების გაუქმებით კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 129-ე მუხლის თანახმად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება №ას-988-1242-05).

 

ამდენად, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბერის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან აღარ არსებობს კომლი, ხოლო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით.

 

იმ პიორბებში, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ 1982 წლის შემდეგ ად--–---------–---ი არ ირიცხება ას---------–---ის კომლის წევრად (შემდგომში კომლის უფროსი მახლუბა აგაქიშეივეა), ხოლო აღნიშნულის გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი ას---------–---ის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისრტაციო სამსახურში, საჩივრის განხილვისას - ზემდგომ ადმინისრტაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არც საქმის განხილვისას - სასამართლოში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ აქტებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე17-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. იქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ამ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ად--–---------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ად--–---------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ად--–---------–---ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე