გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002307797
N2-611/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ი---ა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე- ი---ა ბე----ე
წარმომადგენელი - პა---ა ბო-–---ძე
მოპასუხე- გი-----ი ვა--–----ე
წარმომადგენელი - ს--დ შა-----ე
დავის საგანი- ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გი-----ი ვა--–----ეზე, ი---ა ბე----ის სასარგებლოდ, შვილის - 2--- წლის 1----------რს დაბადებული ნ--–ა ვა--–----ის სარჩო ალიმენტის დაკისრება, 500 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად ნ--–ა ვა--–----ის სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. გი-----ი ვა--–----ეზე, ი---ა ბე----ის სასარგებლოდ ერთჯერადი თანხის 1 500 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის პოზიცია:
2--- წლის 24 თებერვალს, ი---ა ბე----ე რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა გი-----ი ვა--–----ეს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 1----------რს დაბადებული ნ--–ა ვა--–----ე. სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდა ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა, ხოლო ნ--–ა ვა--–----ე აღსაზრდელად დარჩა დედასთან. ი---ა ბე----ე მცირეწლოვან ნ--–ა ვა--–----ესთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, რომლებიც ეხმარებიან შვილის აღზრდაში, ხოლო რაც შეეხება გი-----ი ვა--–----ეს არავითარ დახმარებას არ უწევს მათ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რუსეთის ფედერაციაში შეძენილი აქვს უძრავ-მოძრავი ქონება და მუშაობს კომპანიაში, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სატრანზიტო გადაზიდვებთან, სადაც ღებულობს საკმაოდ სოლიდარულ ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე სარჩო ალიმენტს მოითხოვს არაგონივრულ ფარგლებში, რადგან 2017 წლის 1 ოქტომბრიდან უმუშევარია, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქ. ბრიანსკში გადის სტაციონალურ მკურნალობას. მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 80 ლარი. ამასთან, იგი არ ეთანხმება ერთჯერადი თანხის 1500 ლარის ოდენობით დაკისრებას, რადგან 500 ლარი ნ--–ა ვა--–----ის მკურნალობის ხარჯები თავად გაიღო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2--- წლის 24 თებერვალს ი---ა ბე----ე რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა გი-----ი ვა--–----ეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ 15);
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19);
3.1.2. ი---ა ბე----ეს და გი-----ი ვა--–----ეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 1----------რს დაბადებული ნ--–ა ვა--–----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნ--–ა ვა--–----ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ 20);
3.1.3. გი-----ი ვა--–----ემ 2--- წელს, რუსეთის ფედერაციაში, ბრიანსკის ოლქი, როგნედინსკის რაიონის, ს. ბოლშაია ლუტინაში შეიძინა 10 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ 53-56);
- საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 57-61);
- სახლის წიგნი. (ს.ფ 62-67);
3.1.4. გი-----ი ვა--–----ემ 2--- წელს, რუსეთის ფედერაციაში, ბრიანსკის ოლქი, როგნედინსკის რაიონი, ს. ბოლშაია ლუტინა, ზარეჩნაიას ქუჩა N1-ში შეიძინა 26,3 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა (ს. ფ 53-56);
- საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 57-61);
- სახლის წიგნი (ს.ფ 62-67).
3.1.5. გი-----ი ვა--–----ემ 2015 წელს შეიძინა სატრანსპორტო საშუალება ,,ვოლვო s 60“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება N15-16-1ა (ს.ფ 69-71);
3.1.6. გი-----ი ვა--–----ეს გააჩნია რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სავალდებულო საპენსიო დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N142-921-329 44 სადაზღვევო მოწმობის ასლი.(ს.ფ 73-75);
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 დეკემბრის N MIA 4 18 02907886 ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ გი-----ი ვა--–----ე სისტემატურად ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება რუსეთის ფედერაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შსს ამონაწერი საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ 195-215).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შემოსავალი და შეძლებს თვეში 500 ლარის გადახდას ალიმენტის სახით. მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოპასუხე 2017 წლის ოქტომბრიდან უმუშევარია, რის გამოც ყოველთვიურად 500 ლარის ალიმენტის სახით დაკისრება არაგონივრულად შეუსაბამოა. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ითხოვს სარჩო ალიმენტი 80 ლარის ოდენობით შემცირებას. მხარეები ახსნა-განმარტებებში აცხადებენ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შეფასება სასამართლომ უნდა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის განსაზღვრული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესის თანახმად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
3.2.2. მოპასუხე უთითებს, რომ არ გააჩნია არავითარი შემოსავალი და რუსეთის ფედერაციაში იმყოფება მშობლების და ახლობლების კმაყოფაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მტკიცებას და მიუთითებს საქმეში დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, განქორწინების შემდეგ მოპასუხე გი-----ი ვა--–----ემ რუსეთის ფედერაციაში შეიძინა უძრავი ქონება და ავტომანქანები, მათ შორის “ვოლვო s 60” , რომლის გასხვისების შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა და BAZ 21074. გი-----ი ვა--–----ე სისტემატურად, თითქმის ყოველთვიურად ჩამოდის საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან და ბრუნდება უკან.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი-----ი ვა--–----ეს გააჩნია პირადი შემოსავლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობები;
- საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებები;
-შსს ცნობა ამონაწერი საზღვრის კვეთის შესახებ
-სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ბარათი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, გი-----ი ვა--–----ეს არასრულწლოვანი შვილის ნ--–ა ვა--–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი 200 ლარის ოდენობით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გი-----ი ვა--–----ეზე აუცილებელი ხარჯების 1500 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198–ე,1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234–ე, 1215-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2)ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.
6.4. სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გი-----ი ვა--–----ეს არ გააჩნია შემოსავლები და მხოლოდ ახლობლების დახმარებით შეძლებს ალიმენტის სახით 80 ლარის გადახდას. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განქორწინების შემდეგ გი-----ი ვა--–----ემ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძინა და საკუთრებაში ფლობს უძრავ და მოძრავ ქონებას. სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი-----ი ვა--–----ე მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რაც სასამართლოს უქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მას გააჩნია შემოსავალი. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ გი-----ი ვა--–----ე სისტემატურად, წელიწადში რამდეჯერმე ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება რუსეთის ფედერაციაში, რაც ასევე დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი ამ ვიზიტების დასაფინანსებლად.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ გი-----ი ვა--–----ეს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა შეძლოს მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება გონივრულ ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარების, მისი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მოსარჩელე მოითხოვს გი-----ი ვა--–----ეს ალიმენტის სახით დაეკისროს 500 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ალიმენტი უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპტიმალური და არასრულწლოვანი ნ--–ა ვა--–----ის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფარვის საშუალება იქნება. მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ--–ა ვა--–----ე ხშირად საჭიროებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას. იგი 7 წლისაა, რაც მოსარჩელეს შვილის სახელოვნებო, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვისა და ამ მიმართულებებით მისი განვითარების მინიმალური საჭიროების დაფარვის შესაძლებლობას მისცემს.
სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარება ნებისმიერი მშობლის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ბავშვი მხოლოდ ერთ მშობელთან იზრდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით მშობლის ერთ-ერთ უპირობო ვალდებულებადაა აღიარებული.
6.5. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე გი-----ი ვა--–----ეს ი---ა ბე----ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი გადასახდელი თანხა 1500 ლარის ოდენობით. ამასთან, უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლზე, რომლის თანახმად მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს მოპასუხეზე დამატებითი ხარჯების დაკისრების აუცილებლობაში. მართალია სასამართლოში წარმოდგენილია ნ--–ა ვა--–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო კვლევის დოკუმენტაცია, თუმცა, არც ერთი მათგანი არ შეიცავს ინფორმაციას ბავშვის მძიმე ავადმყოფობის, გადაუდებელი მკურნალობის ან სხვა გადაუდებელი საჭიროების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლზე, რომლის თანახმად სწორედ ასეთი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში არის სასამართლო ვალდებული მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილს, დააკისროს დამატებითი ხარჯების გაღება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, რაც სარჩელის ამ ნაწილზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
7.2. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო მოპასუხე მხარეს დაეკისრება 72 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი---ა ბე----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გი-----ი ვა--–----ეს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 1----------რს დაბადებული ნ--–ა ვა--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
3. ი---ა ბე----ის სარჩელი მოპასუხე გი-----ი ვა--–----ეზე ერთჯერადი გადასახდელი თანხის 1500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. გი-----ი ვა--–----ეს დაეკისროს 72 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მის: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ი---ა ტოგონიძე