გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002766368
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------------ე

მოპასუხე - ნ-----------------ი

წარმომადგენელი - მ--------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-----------------ს დაეკისროს 2013 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის და პროცენტის 990 აშშ დოლარის გ--------------ის სასარგებლოდ გადახდა;

1.2. მოპასუხე ნ-----------------ს დაეკისროს 2013 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით სესხის ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის და პროცენტის 900 აშშ დოლარის გ--------------ის სასარგებლოდ გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2013 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელემ ქ------- და გ--- მ--------–---–ებთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაასესხა 3000 აშშ დოლარი, 1 წლის ვადით და გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 990 აშშ დოლარს. გარდა ამისა, 2013 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ დ--------------–-–---–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მის მიერ გასესხებული თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, რაც მსესხებელს 6 თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა დარიცხულ სარგებელთან - 900 აშშ დოლართან ერთად.

აღნიშნულ თანხებს მოსარჩელის ნაცვლად იღებდა მოპასუხე ნ-----------------ი, მხარეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მოპასუხე ნ-----------------თან გ--------------ეს ჰქონდა ახლო ურთიერთობა, იყო მისი მეგობარი და ვინაიდან იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ნ-----------------ი, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი, მიდიოდა მოვალეებთან საცხოვრებელ მისამართებზე და იღებდა თანხებს. მოპასუხემ აიღო სესხის ძირითადი თანხებიც, რაც შეთანხმებისამებრ უნდა გადაეცა გ--------------ისთვის, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებისა, იგი თავს არიდებს თანხების დაბრუნებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩლი არა ცნო, საერთოდ გამორიცხა მსგავსი ურთიერთობის არსებობა და მიუთითა, რომ ორივე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება სანოტარო წესით განხორციელდა 2016 წელს, სადაც ნოტარიუსის შეკითხვაზე, გ--------------ემ დაადასტურა ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოტარიუსი ხელშეკრულებებს არ გააუქმებდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--------------ეს და ქ------- და გ--- მ--------–---–ებს შორის 2013 წლის 28 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ--------------ემ ქ------- მ--------–---–ს ასესხა 3000 აშშ დოლარი, 1 წლის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. ერთი თვის სარგებელი გ--------------ემ წინასწარ მიიღო. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ------- და გ--- მ--------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, პ----------------------------------------------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 28.10.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------;

 

3.1.2. მოსარჩელე გ--------------ეს და დ--------------–-–---–ს შორის 2013 წლის 10 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ--------------ემ დ--------------–-–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ქ----------------------------------------------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 10.12.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------;

 

3.1.3. მსესხებელ დ--------------–-–---–თან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით გაუქმდა 2016 წლის 19 ნოემბერს. სანოტარო აქტში აღნიშნულია შემდეგი: „მხარეთა განცხადებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წყდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულების საფუძველზე - მსესხებელმა მხარემ გამსესხებელს დაუბრუნა ძირითადი თანხა სრულად, ასევე სარგებლის სახით დარიცხული ორი თვის პროცენტი. მხარეთა განცხადებით, მათ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში არც ახლა და არც მომავალში ერთმანეთთან პრეტენზია არ ექნებათ, რასაც ადასტურებენ“.

 

ასევე შეწყვეტილია ქ------- და გ--- მ--------–---–ებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხისა და იპოთეკის გაუქმების სანოტარო აქტი N---------;

- 30.12.2016 წლის და 19.11.2016 წლის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ გ--------------ესა და ნ-----------------ს შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს და ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, არამედ, სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სწორედ ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები).

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება შეიძლება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით დაიდოს და მისი არსებობის მტკიცება, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ევალება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს). წერილობითი ფორმა, ბუნებრივია, ამარტივებს მტკიცების ტვირთს, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსესხებლებთან 2013 წლის 28 ოქტომბერს და 10 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების უფლება მან მოპასუხე ნოდარ ხადურს მიანიჭა, ხოლო თავად მოპასუხე კი უარყოფს მოსარჩელესთან მსგავსი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. ასეთ ვითარებაში მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, რომ არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა საკმარისი არ არის.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალების ხელშეკრულების დასადებად კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს, ის შეიძლება, დაიდოს ზეპირადაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამდენად, ამ გარემოებების დადგენისათვის მოწმის ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას, თუმცა მოწმეთა დაკითხვის შესახებ სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მათი სასამართლოში წარმოდგენა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისთვის კანონით დავალებით მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მსესხებლების მხრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი და 2013 წლის 10 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა მსესხებლის - დ--------------–-–---–ის ვალდებულების ნაწილში სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ 2016 წლის 19 ნოემბრის სანოტარო აქტი, ხოლო ქ------- და გ--- მ--------–---–ების ნაწილში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით უძრავ ქონებაზე აღარ ფიქსირდება გ--------------ის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა. უფრო მეტიც, სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტში სასესხო ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლად მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შესრულებაა დასახელებული. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- სესხისა და იპოთეკის გაუქმების 19.11.2016 წლის სანოტარო აქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მსესხებლების მიერ შესრულებულია, თუმცა მოსარჩელე გამორიცხავს შესრულების პირადად მის მიმართ განხორციელებას და განმარტავს, რომ შესრულება მისი დავალებით მოპასუხე ნ-----------------ის წინაშე განხორციელდა. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით მოსარჩელემ იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვა, რასაც თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა უნდა დაედასტურებინა. სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლოა მოწმეთა ჩვენება საკმარისი იყოს დავალების ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, მაგრამ არ არის საკმარისი სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისთვის, იგი განხილული უნდა იქნეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში, რაც განპირობებულია სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესრულების წესი კონკრეტულ შემთხვევაში ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელი წესების დაცვით, სადაც მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვალდებულების შესრულებას არ ადასტურებს. ამდენად, ადგილი რომც ჰქონოდა მოწმეების მხრიდან იმის მითითებას, რომ გ--------------ის მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებას ისინი მოპასუხე ნ-----------------ის წინაშე ახორციელებდნენ, საკმარისი არ იქნებოდა ამ გარემოების დასადასტურებლად, თუკი მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ იქნებოდა შესრულების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებაც. გარდა ამისა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ნ-----------------ი წარმოადგენდა შესრულებაზე უფლებამოსილ პირს და იგი დავალების ფარგლებში მოქმედებდა. უფრო მეტიც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებლების მიერ შესრულებულია, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ შესრულება კრედიტორის - გ--------------ის წინაშე განხორციელდა.

 

ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 790,50 ლარი რჩება ბიუჯეში გადახდილად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 790.50 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე