გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1060-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ნ------------–--------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლა------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება ნ------------–----------ს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებაზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი--------ის რესპუბლიკის მოქალაქე ნ------------–--------მა 2019 წლის 23 იანვარს №---------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. განმცხადებელმა ჩაიბარა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას გაცნობოდაინტერნეტ გვერდზე: და .
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნ------------–--------ის 2019 წლის 23 იანვრის განცხადება (ს.ფ. 52-55);
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 38-39).
3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის №----------/7 წერილით ნ------------–--------ს ეცნობა, რომ განაცხადს არ ერთვოდა: 1) საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასუირს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2) სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) საქართველოში ლეგალურად შემოსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები განმცხადებელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2019 წლის 1 ტებერვლამდე. განმცხადებელს, ასევე, განემარტა, რომ დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3.3. ნ------------–--------მა 2019 წლის 28 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს და მოითხოვა №---------- საქმის წარმოების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------------–--------ის 2019 წლის 28 იანვრის განცხადება (ს.ფ. 51).
3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნ------------–--------ის 2019 წლის 23 იანვრის განცხადებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------------–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.
6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელზე გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არასრულწლოვნის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოსარჩელის 2019 წლის 28 იანვრის განცხადების შესაბამისად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნ------------–--------ის 2019 წლის 23 იანვრის განცხადებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს.
ამავე წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ისარგებლა უფლებით მოეთხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელის განცხადების შესაბამისად სრულიად ლეგიტიმურად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ბათილობის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------------–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №---------- გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-55, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი