გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - გ------------------ი
მოპასუხე - რ-------ი ნ--------–---–ი
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ-------ი ნ--------–---–ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 31555.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 3819.81 ლარი, პროცენტი - 2237.84 ლარი და პირგასამტეხლო - 25498.23 ლარის ოდენობით.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
2013 წლის 17 ოქტომბერს რ-------ი ნ--------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 15.3%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რასაც შედეგი არ მოჰყვა. ამავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შეწყდებოდა საკრედიტო ხელშეკრულება და ბანკი მოითხოვდა კრედიტის სრულად დაფარვას.
დავალიანება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ სრულდებოდა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზეც მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა საერთოდ არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 17 ოქტომბერს რ-------ი ნ--------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 15.3%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება N-------
3.1.2. მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცა გაფრთხილება, 14 დღის ვადაში დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რასაც შედეგი არ მოჰყვა.
ამავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ბანკი მოითხოვდა კრედიტის სრულად დაფარვას.
დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს ,,ს----------–--------მა“ სასამართლოში 2018 წლის 26 ნოემბერს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- გაფრთხილების წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე რ-------ი ნ--------–---–ის გადასახდელი დავალიანება შეადგენს - 31555.88 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 3819.81 ლარი, პროცენტი - 2237.84 ლარი და პირგასამტეხლო - 25498.23 ლარი;
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოთხოვნილი თანხიდან მოპასუხემ დავალიანება საერთოდ არ ცნო, მისი განმარტებით მოთხოვნა ხანდაზმულია. თუმცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულება, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.11.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკები;
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ.
მართალია მოპასუხე რ-------ი ნ--------–---–ის მიერ სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 30 იანვარს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 26 ნოემბერს და ბოლო გადახდიდან გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაზედაც აპელირებს მოპასუხე, მაგრამ ვინაიდან კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შესაბამისად სარჩელის შემოტანის დღიდან 2018 წლის 26 ნოემბრიდან უკან სამი წელი ე.ი. გადახდის გრაფიკით შეთანხმებული მორიგი გადასახდელი დღიდან 2015 წლის 15 დეკემბრიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 316.1).
6.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
6.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.6. დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ოქტომბერს რ-------ი ნ--------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 15.3%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
6.8. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
6.9. სადავო არარის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება. მოპასუხე რ-------ი ნ--------–---–ს სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობა და სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა, ხოლო მან წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო, მაგრამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირება. ამიტომ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის შემოტანის დღიდან 2018 წლის 26 ნოემბრიდან უკან სამი წელზე გადაანგარიშებით სარჩელი ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
6.10. მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
6.11. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.12. სასამართლო ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც ითხოვს შემცირებას გონივრულ ოდენობამდე. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.13. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.14. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 182.5%-ს, რაც შეუსაბამოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან.
6.15. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტორების და მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანის დღიდან 2018 წლის 26 ნოემბრიდან უკან სამ წელზე გადათვლით გადასახდელი დღიდან 2015 წლის 15 დეკემბრიდან, რა დროსაც სესხის ძირითადი თანხა იყო 2121.30 ლარი, ე.ი. 2121.30X0.5%=10.60 ლარს ერთ დღეზე, 10.60 ლარიX1061დღეზე (35 თვე და 11 დღე) =11246 ლარს, რაც უნდა შემცირდეს 15-ჯერ. შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რ-------ი ნ--------–---–ს გადასახდელად უნდა დაეკისროს 11246:15=749.70 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს რ-------ი ნ--------–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 3827.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2121.30 ლარი, სარგებელი - 956.30 ლარი (2121.30 ლარის წლიური 15.3%=324.55 ლარი, თვეში გამოდის 27.04 ლარიX35 თვეზე=946.40 ლარი+11დღის პროცენტი 9.90 ლარი და საბოლოოდ არის 956.30 ლარი) და პირგასამტეხლო - 749.70 ლარი. (სარჩელის შემოტანის დღიდან 2018 წლის 26 ნოემბრიდან უკან სამ წელზე გადათვლით გადასახდელი დღიდან 2015 წლის 15 დეკემბრიდან);
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. დავის საგნის ღირებულება 31555.88 ლარია, რის გამოც, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა.ბ) პუნქტის შესაბამისად გადახდილი აქვს 946.68 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი საერთოდ არ ცნო და ვინაიდან სესხის ძირი თანხის, პირგასამტეხლოსა და პროცენტის ნაწილში სარჩელი კმაყოფილდება 3827.30 ლარის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 114.81 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილებული ნაწილის 27728.58 ლარის პროპორციულად გადახდილი სახ. ბაჟი 831.87 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).
9.2. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეათანხმეს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე რ-------ი ნ--------–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3827.30 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2121.30 ლარი, სარგებელი - 956.30 ლარი, პირგასამტეხლო - 749.70 ლარი.
3. მოპასუხე რ-------ი ნ--------–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 114.81 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 831.87 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-5 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე