გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2019
საქმის ნომერი
330310019002848906
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1050-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - ტ--–----------ა;

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ი------- №1--------- გადაწყვეტილება ტ--–----------ას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ი---------- რესპუბლიკის მოქალაქე ტ--–----------ამ 2018 წლის 14 დ--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ტ--–----------ას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ 2018 წლის 14 დ--------- განცხადება (ს.ფ. 51-54);

-ტ--–------------------------ ასლი (ს.ფ. 55-58);

-სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 43-44);

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 დ--------- N1---------/7 წერილით ტ--–----------ას ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ: 1. არ არის გადახდილი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისთვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასური; 2. დამატებით წარმოსადგენია საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. ტ--–---------- ვერ აკმაყოფილებს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე; 4. დადგენილი ფორმის განცხადებაზე არ ფიქსირდება განმცხადებლის ხელმოწერა; 5. დამატებით წარმოსადგენია საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 28 დ--------- ჩათვლით. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 დ--------- N1---------/7 წერილი (ს.ფ. 39);

 

3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2019 წლის 13 მ------- N-------- წერილით ამავე სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2019 წლის 13 მ------- მდგომარეობით, ტ--–----------ას N1--------- საქმეზე (შრომითი ბინადრობის ნებართვა) ,,სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 2018 წლის 25 დ--------- 09:35:00 საათი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2019 წლის 13 მ------- N-------- წერილი (ს.ფ. 38);

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ი------- №1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ტ--–----------ას 2018 წლის 14 დ--------- №1--------- განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ი------- №1--------- გადაწყვეტილება ტ--–----------ას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ს.ფ. 14-15).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ--–----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ტ--–----------ას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 23 ი------- №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის 2018 წლის 14 დ--------- N1--------- განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ტ--–----------ას უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი---------- რესპუბლიკის მოქალაქე ტ--–----------ამ 2018 წლის 14 დ--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ტ--–----------ას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე წესის მე-5 მუხლში, რომლის ,,ა“, ,,გ’’, ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში ასევე უნდა წარადგინოს: დადგენილი ფორმის განცხადება; საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 დ--------- N1---------/7 წერილით ტ--–----------ას ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ: 1. არ არის გადახდილი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისთვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასური; 2. დამატებით წარმოსადგენია საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. ტ--–---------- ვერ აკმაყოფილებს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე; 4. დადგენილი ფორმის განცხადებაზე არ ფიქსირდება განმცხადებლის ხელმოწერა; 5. დამატებით წარმოსადგენია საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 28 დ--------- ჩათვლით. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2019 წლის 13 მ------- N-------- წერილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2019 წლის 13 მ------- მდგომარეობით, ტ--–----------ას N1--------- საქმეზე (შრომითი ბინადრობის ნებართვა) ,,სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 2018 წლის 25 დ--------- 09:35:00 საათი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილ მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი უცხოელს ავალდებულებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე წესის მე-5 მუხლის ,,ა“, ,,გ’’, ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში ასევე უნდა წარადგინოს: დადგენილი ფორმის განცხადება; საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინაიდან ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 დ--------- N1---------/7 წერილით ტ--–----------ას ეცნობა მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის თაობაზე და განმცხადებელს ხარვეზით დადგენილი დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 28 დ--------- ჩათვლით, თუმცა ტ--–----------ას მითითებულ ვადაში, დამატებითი დოკუმენტები სააგენტოსთვის არ წარუდგენია.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ტ--–----------ამ სააგენტოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 23 ი-------- კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო N1--------- გადაწყვეტილება ტ--–----------ას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ი------- №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ტ--–----------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი