განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
020100119002830738
დავის ტიპი
151
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100119002830738 (1/50-2019)

განაჩენი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზ--------ი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- ა------------

ადვოკატ - მ------------

ბრალდებული-რ-------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: რ------------- მიმართ

მამის სახელი: ვ--–-----

დაბადებული: 0-----------–--–-

პირადი ნომერი: 1----------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზ----------------------------–---------

რეგისტრირებული: ზ----------------------------–---------

აღკვეთის ღონისძიების სახით შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2019 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, ქ. ზ--------ში, რ------------ სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა მ----------–---–ს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ რ------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ რ------------- აღიარებით.

 

დაზარალებულ მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმეების მ---------------ს, ე-----------------ს და ნ----------–--------ს, გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

რ------------- ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

რ------------ და მ----------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, მ----------–---–ის სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარაში, რა დროსაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულის სიმშვიდე დაარღვია და მისი აფორიაქება გამოიწვია.

 

მუქარა განზრახი დანაშაულია, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწი- ნააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, რ------------- შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი რ------------- ქმედებას- დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარასა და დამდგარ შედეგს, დაზარალებულის საფუძვლიან შიშს შორის.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, ბრალდებულ რ------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

რ------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი- ნააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

რ------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ემსახურე- ბოდეს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სამართლიანობის პრინციპის დაცვით და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ------------ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ადრე არ არის შემჩნეული რაიმე სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება პროპორციული და გამართლებულია, რაც შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ რ------------ (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 20 იანვრიდან -2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს და საბოლოოდ რ------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2.რ------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 26 თ-------–-------------------.

 

3. რ------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზ--------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია