განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------– ნ-–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ფ-----–-- ო--- ა------ა, - ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, (პასპორტის #A--------), დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- 4---------- ქუჩა #-, ბინა #2---–-
ადვოკატი - რ----- კ------–---–-
თარჯიმანი - მ----------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----სის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ფ-----–-- ო--- ა------ამ 2018 წლის 12 ოქტომბერს, ორსულ მეუღლეს ე-- თ--------–---–ს სახის არეში დაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად ე-- თ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 9 იანვრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრამდე დროის პერიოდში ფ-----–-- ო--- ა------ამ მეუღლის ე-- თ--------–---–ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ე-- თ--------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და
არაერთგზის
2.1. 2018 წლის 13 ოქტომბერს თბილისის ვ--------------–--- სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში ე-- თ--------–---–ის წერილობითი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების დღესვე 13.10.2018 წ.გამოიკითხა შეტყობინების ინიციატორი ე-- თ--------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მეუღლის ფ-----–-- ო--- ა------ას მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის და სისტემატური სიტყვიერი შეურახყოფის მიყენების ფაქტები. შეტყობინების ინიციატორმა ე-- თ--------–---–მა გამოძიებას წარუდგინა პაციენტის #3-- სამედიცინო ბარათი (გაცემული 13.10.2018წ). ბარათის ჩანაწერის მიხედვით - პაციენტის ე. თ--------–---–ის გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - გაარტყა სახეში ხელი.
2.2. 13.10.2018 წ. ე-- თ--------–---–ის გამოკითხვის შემდეგ მოხდა ფ-----–-- ო--- ა------ას დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით.
2.3.18.10.2018 წელს დაზარალებული გამოიკითხა დამატებით. დამატებითი გამოკითხვის დროს, ე. თ--------–---–მა შეცვალა პირველადი გამოკითხვის ოქმში მის მიერ მითითებული ინფორმაცია და უარყო ფ-----–-- ო--- ა------ას მხრიდან მასზე ფიზიკური და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენების ფაქტები.
2.4.13.11.2018 წლის გამოკითხვის ოქმებში ე-- თ--------–---–მა კვლავ შეცვალა პოზიცია, მხარი დაუჭირა პირველად გამოკითხვის ოქმს და ძალადობაში ამხილა ფ-----–-- ო--- ა------ა.
2.5.დაზარალებულმა ე-- თ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი თ----- ხ----ე. მოწმის ჩვენებით 2018 წლის 13 ოქტომბერს, პოლიციაში დაიწყო გამოძიება ე-- თ--------–---–ის წერილობითი განცხადების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. განმცხადებელი, როგორც განცხადებაში, ასევე გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, მეუღლემ საცხოვრებელ ბინაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსხვერპლი დაჟინებით მოითხოვდა მყისიერ რეაგირებას და მეუღლის ფ-----–-- ო--- ა------ას დაკავებას. გამომძიებლის ჩვენებით, დაზარალებულს სახის არეში - ლოყაზე სიწითლე აღენიშნებოდა. ე-- თ--------–---–ი გამოკითხვისას აღნიშნავდა, რომ იყო ორსულად.
2.7.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ე-- თ--------–---–ს სხეულზე /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
2.8.ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ე-- ჩ---–--–---–მა და განმარტა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელმა პირმა - ე-- თ--------–---–მა ტანსაცმელი არ გაიხადა, აცხადებდა, რომ დაზიანებები არ ჰქონდა, ხოლო ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტის ჩვენებით, შესამოწმებელი პირი ექსპერტიზის დროს ასევე აცხადებდა, რომ მეუღლეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, საუბრობდა მხოლოდ ყოველდღიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
2.9.ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით არ დადგინდა ფსიქოლოგიური ტანჯვის მატერიალური ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ე-- თ--------–---–ის მიერ გამოკითხვის ოქმებში მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირშია და შინაარსობრივად არ ეთმხვევა ერთმანეთს, ხოლო მის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის ოჯახში წარმოშობილი უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ, ფრაგმენტულ და ზედაპირულ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე ე-- თ--------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ----- ბ------ემ დაასკვნა, რომ ე-- თ--------–---–ის მიმართ ფ-----–-- ო--- ა------ას მიერ განხორციელებული ქმედებები ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
2.10. ფ-----–-- ო--- ა------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის - გამომძიებლის თ----- ხ----ის ჩვენების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე ვერ დადგინდა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მატერიალური ფაქტი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ფსიქოლოგიური ტანჯვის შემადგენლობა.
2.12. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა გამოძიებაში რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია, საწყის ეტაპზე ფ. ა------ა ამხილა ოჯახურ ძალადობაში, შემდეგ მამხილებელი ინფორმაცია შეცვალა და დამატებით გამოკითხვაში მიუთითა, რომ მეუღლე ცრუდ დაადანაშაულა ეჭვიანობის ნიადაგზე, მე-3-4 გამოკითხვის ოქმებში დაადასტურა მამხილებელი ინფორმაცია, მე-5 ეტაპზე - სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. დაზარალებულის მიერ სასამართლოში გამოყენებულმა იმუნიტეტმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას გაერკვია საკითხი, დაზარალებულის რომელი ინფორმაცია იყო სანდო და სარწმუნო, ან რითი იყო განპირობებული მისი მხრიდან პოზიციების ხშირი ცვალებადობა. დაზარალებულის ცვალებადი პოზიციების კვალდაკვალ ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით არ დადგინდა ძალადობის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მატერიალური ფაქტი. საქმეში ობიექტურად არ არსებობს შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პოლიციელები, რომელთა ჩვენებებიც აღნიშნული კატეგორიიის საქმეებში წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ მტკიცებულებებს, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მიღებული ინფორმაციის და ადგილზე არსებული ვითარების ანალიზის კუთხით. ირიბი მოწმის გამომძიებელის თ----- ხ----ის ჩვენების შეფასების ჭრილში, სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ძალადობის მატერიალური ფაქტის მსგავსად, გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, 2018 წლის 12 ოქტომბრის პერიოდისთვის ე-- თ--------–---–ის ფიზიოლოგიური მდგომარეობა - ორსულობა.
2.13. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს პირის მსჯავრდებისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ფ-----–-- ო--- ა------ას ბრალეულობაში.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფ-----–-- ო--- ა------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-----–-- ო--- ა------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ფ-----–-- ო--- ა------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. ფ-----–-- ო--- ა------ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა