განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
080100118002785752
დავის ტიპი
151
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1115-18 (N041141118003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი---- ს-----–--ე

მამის სახელი: ა-------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ნ------------------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, ნ-----------------–---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების თანახმად:

ი---- ს-----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისში, ი---- ს-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს მ------ ს-----–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ი---- ს-----–--ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, შემდეგი გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ მ------ ს-----–--ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა მ------ ს-----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი)

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

ბრალდებულმა ი---- ს-----–--ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ი---- ს-----–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მ------ ს-----–--ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ი---- ს-----–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის მუქარას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ი---- ს-----–--ის ბრალეულობა მის მიერ მ------ ს-----–--ის მიმართ, რაიმე სახის მუქარის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისში, ი---- ს-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს მ------ ს-----–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი---- ს-----–--ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ი---- ს-----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ი---- ს-----–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, ი---- ს-----–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი---- ს-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ი---- ს-----–--ე მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ყადაღადადებულ მარინა ს-----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდენარე - ქუთაისი, ნ-------------------ში (საკადასტრო კოდი 0------------------).

 

3. გამართლებულ ი---- ს-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე, აუდიო ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე