გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310019002799473
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/124-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

1- მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - გ---------------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ-----------ა

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 1-.03.2019 წ. სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება გ---------------–---–ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტი გ---------------–---–ის მიერ ს-----------------– ს-------–------------------------ „მ-----------–ში“ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 თებერვლის №M---------------- წერილით დგინდება, რომ გ---------------–---–მა 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა. მან მიიღო შეფასებები:

 

ქართული ენა - 1------–- (მინ. კომპ. ზღვარი -1-); მათემატიკა - 1------–- (სკალირებული ქულა - 1--.9); ზოგადი უნარები - 1------–- (სკალირებული ქულა - 1---1); ინგლისური ენა - 1------–- (მინ. კომპეტენციის ზღვარი -1-).

 

სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 19 თებერვლის №M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, გ---------------–---–ი ფიქსირდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში შპს თ---–------------ისა და მ----------ის აკადემიაში, როგორც 2008 წლის 26 სექტემბერს ჩარიცხული პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 თებერვლის №M---------------- წერილი (ს.ფ. 117);

- სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 19 თებერვლის №M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 118-119);

 

3.2. ს-----------------–ი ს-------–------------------------ის „მ-----------–ის“ მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული პასუხით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილზე, დგინდება, რომ გ---------------–---–ს, ხსენებულ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე 2010 წელს თბილისის ეკონომიკისა და იურისპრუდენციის აკადემია ჰქონდა დამთავრებული და იურისპრუდენციის სპეციალობით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ს-----------------– უნივერსიტეტში მ-----------–ში სწავლისას (4-5 კურსი) გ---------------–---–ი პროფესორ-მასწავლებლებთან საკონტაქტო საათების ფარგლებში შესაბამის კრედიტებს აგროვებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-----------------–ი ს-------–------------------------ის „მ-----------–ის“ მიერ 2018 წლის 30 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 98-102);

 

3.3. ს-----------------–ი ს-------–------------------------ის „მ-----------–ის“ მიერ გ---------------–---–ზე 2018 წლის 20 ივნისს გაიცაAB №2----- დიპლომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- AB №2----- დიპლომი (ს.ფ. 64-70);

 

3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით გ---------------–---–ს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე;

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მიიჩნია, რომ გ---------------–---–ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას. აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა გ---------------–---–ისათვის ს-----------------– საერთშორისო უნივერსიტეტ „მ-----------–ის“ მიერ 2018 წელს AB №2----- დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-109);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 თებერვლის №M---------------- წერილით დგინდება, რომ გ---------------–---–მა 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა. მან მიიღო შეფასებები: ქართული ენა - 1------–- (მინ. კომპ. ზღვარი -1-); მათემატიკა - 1------–- (სკალირებული ქულა - 1--.9); ზოგადი უნარები - 1------–- (სკალირებული ქულა - 1---1); ინგლისური ენა - 1------–- (მინ. კომპეტენციის ზღვარი -1-).

 

სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 19 თებერვლის №M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, გ---------------–---–ი ფიქსირდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში შპს თ---–------------ისა და მ----------ის აკადემიაში, როგორც 2008 წლის 26 სექტემბერს ჩარიცხული პირი.

 

ს-----------------–ი ს-------–------------------------ის „მ-----------–ის“ მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული პასუხით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილზე, დგინდება, რომ გ---------------–---–ს, ხსენებულ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე 2010 წელს თბილისის ეკონომიკისა და იურისპრუდენციის აკადემია ჰქონდა დამთავრებული და იურისპრუდენციის სპეციალობით ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ს-----------------– უნივერსიტეტში „მ-----------–ში“ სწავლისას (4-5 კურსი) გ---------------–---–ი პროფესორ-მასწავლებლებთან საკონტაქტო საათების ფარგლებში შესაბამის კრედიტებს აგროვებდა.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს N3 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღწერას სწავლის შედეგების საფუძველზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გ---------------–---–ის ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ გ---------------–---–ი შპს თ---–------------ისა და მ----------ის აკადემიაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამასთან, ს-----------------– ს-------–------------------------ში „მ-----------–ში“ მიღებული განათლების ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები ეფუძნება საქართველოში ლიცენზირებულ სასწავლებელში, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამის გავლას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ გ---------------–---–ის მიერ საქართველოში მიღებული არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას, რაც შეუძლებელს ხდის გ---------------–---–ისათვის ს-----------------– ს-------–------------------------ „მ-----------–ის მიერ 2018 წელს AB N2----- დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით გ---------------–---–ს მის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე უარი მართებულად უთხრა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე