გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
330310018002614172
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/5622-18

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - თ------------------–---–ი

წარმომადგენელი - ვალ----------–-----ნი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

წარმომადგენლები - ხ------–----–-ძე, ნ---------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს ვერ გადალახულად ჩაეთვალა საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა;

 

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცვლილება შეიტანოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მე-9 გრაფაში მითითებულ მონაცემში, კერძოდ, გრაფა - ,,შედეგში“, ნაცვლად სიტყვა ,,ვერ გადალახა" მიეთითოს სიტყვა ,,გადალახა";

 

1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თ-----------------–--ლს გადასცეს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. თ------------------–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2018 წლის 21----–--- მან გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78 ქულა, რის შემდგომაც იგი დაშვებული იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერითი გამოცდა. წერითი გამოცდა შედგა 2018 წლის 28----–--ს, რომელზეც თ------------------–---–მა დააგროვა 14 ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. თ------------------–---–მა წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 2018 წლის 31----–---, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ------------------–---–ის საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 ქულით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა თ------------------–---–ის შედეგი ,,ვერ გადალახა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 15);

-მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისი (ს.ფ. 37);

-საპრეტენზიო განაცხადების შეფასების უწყისი (ს.ფ. 38-39).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს: დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცვლილება შეიტანოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მე-9 გრაფაში მითითებულ მონაცემში, კერძოდ, გრაფა - ,,შედეგში“, ნაცვლად სიტყვა ,,ვერ გადალახა" მიეთითოს სიტყვა ,,გადალახა" და დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თ-----------------–--ლს გადასცეს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.

 

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში - საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მე-4 მუხლით დადგენილია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა (საერთო და/ან სპეციალიზაციის მიხედვით), თარიღი, აგრეთვე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ - წერითი გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტურ გამოცდას. ამასთან, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლი ადგენს, რომ გამოსაცდელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გადის შემდეგ ეტაპზე და მას უფლება აქვს ჩააბაროს წერითი გამოცდა, ხოლო მე-19 მუხლის შესაბამისად, წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 (თხუთმეტ) ქულას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------------------–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2018 წლის 21----–--- მან გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78 ქულა, რის შემდგომაც იგი დაშვებული იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერითი გამოცდა. წერითი გამოცდა შედგა 2018 წლის 28----–--ს, რომელზეც თ------------------–---–მა დააგროვა 14 ქულა.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. საპრეტენზიო ჯგუფის შემადგენლობას საგამოცდო კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება. ტესტური გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 70 (სამოცდაათი) ქულა. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 10 (ათი) ქულა. საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისგან და მისი შემადგენლობა ანონიმურია. საპრეტენზიო ჯგუფის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდებით. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.

 

დადგენილია, რომ თ------------------–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 2018 წლის 31----–--- საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

ასევე დადგენილია, რომ საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ------------------–---–ის საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 ქულით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა თ------------------–---–ის შედეგი - ,,ვერ გადალახა“.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტის მიერ შესრულებული წერითი დავალების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებს თ------------------–---–ის, როგორც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე აპლიკანტის მიმართ, წერითი გამოცდის ნაწილში, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებას/მისთვის დაწერილ ქულას. სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცდის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-797 (კ-18), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას. გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელის შეფასება ემყარება მეცნიერულ-პროფესიული მოსაზრებების ისეთ აშკარა და გონივრულ ზღვარს გადამცდარ არასწორ გააზრებასა და შეფასებას, რომლის შედეგი ყოვლად დაუსაბუთებელი, ირაციონალური და მიუღებელია სასამართლოსათვის.“ ამავე გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების, წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია. ამასთან, მითითებული წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა გამოცდების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგამოცდო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების მიერ, წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით საგამოცდო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგამოცდო კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აპლიკანტის მიერ შესრულებული წერითი დავალებების (კაზუსების) შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგამოცდო კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საგამოცდო კომისიის მიერ წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულის მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

6.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 22-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია წერითი გამოცდის შედეგად შესრულებული ნაშრომის გასწორების პროცედურა. მითითებული მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ნაშრომის წარდგენა ხდება ნაბეჭდი სახით. გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული გამოსაცდელი ნაშრომს აბარებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წარმომადგენელს. წერითი ნაშრომები დაიშიფრება ელექტრონული სისტემის მიერ მინიჭებული კოდების (ნომრების) მიხედვით. ნაშრომების იდენტიფიკაცია მოხდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის მიერ, წერითი ნაშრომების გასწორების შემდეგ. ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრისათვის წინასწარ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდით. თუ შეფასებები იდენტურია, შეფასების ნიშანი აისახება ელექტრონულ სისტემაში. თუ ნიშნებს შორის სხვაობა არ აღემატება ერთს, დავალების შეფასება ხორციელდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა შეთანხმებით, ხოლო თუ ნიშნებს შორის სხვაობა აღემატება ერთს, შეფასებისას გადამწყვეტია საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ნაშრომის გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ წერითი გამოცდის შედეგები შეიტანება საგამოცდო უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდისთვის შემუშავებული შეფასების სქემა, რომლის თანახმად, ნაშრომი 5 ქულით ფასდება იმ შემთხვევაში, როდესაც ,,მსჯელობა არის სრული და არგუმენტირებული. სწორი და ამომწურავი პასუხი აქვს გაცემული ყველა კითხვას“; 4 ქულით - ,,პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მთლიანობაში მსჯელობა სწორია, თუმცა არასრული“; 3 ქულით - ,,პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი ცოდნა. მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთზე მეტი კომპონენტი“; 2 ქულით - ,,მოცემულია მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა, აკლია დავალების პირობის უმეტესი კომპონენტები“; 1 ქულით - ,,დავალების პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული“; 0 ქულით - ,,პასუხი არაადეკვატურია, გამოსაცდელი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს“.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას წარმოდგენილი სქემის არასანდოობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების სქემის დამტკიცების სპეციალურ წესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში მხოლოდ მითითებულია, რომ ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ამდენად, წერითი ნაშრომის შეფასების სქემის შემუშავება საბჭოს მიერ ხდება წინასწარ, თუმცა მისი შემუშავების წესი და პროცედურები კანონმდებლობით გაწერილი არ არის. ამასთან, შეფასების სქემა საქმის მასალებში წარმოდგენილი იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სასამართლოს მიერ დავალებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ფარგლებში, იგი თან ერთვის შესაგებელს და დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სველი ბეჭდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია წარმოდგენილი შეფასების სქემის არასანდოობასთან დაკავშირებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი, ვინაიდან მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ უწყისში საბოლოო ქულის მითითებით და მისთვის უცნობია როგორც საგამოცდო კომისიის, ისე საპრეტენზიო ჯგუფის წევრების დასაბუთებული შეფასებები მის მიერ შესრულებულ წერილობით ნაშრომთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ განსაზღვრავს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პროცედურულ წესებს, მათ შორის, საგამოცდო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასახვის ფორმას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალური წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესით“ დადგენილ ნორმებთან შედარებით უპირატესობა ვერ მიენიჭება. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გამოცდაში მონაწილე პირთა საბოლოო ქულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემას და მით უფრო კომისიის წევრთა დასაბუთებელი შეფასებების გადაწყვეტილებაში ასახვას ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ არ ითვალისწინებს. მითითებული წესის 27-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდებით. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. ამასთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------------------–---–ის მიერ შესრულებული წერითი ნაშრომის შეფასება საგამოცდო კომისიის, ხოლო შემდგომ საპრეტენზიო ჯგუფის მიერ განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, შეფასების წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, როგორც საპრეტენზიო კომისიის, ისე საგამოცდო კომისიის მიერ შედგენილი იქნა საგამოცდო შეფასების უწყისები, რომელშიც ასახული იქნა საპრეტენზიო განაცხადის განხილვისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები. ამასთან, უწყისები დადასტურებული იქნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. ხელმოწერილი უწყისები კომისიის წევრთა ანონიმურობის პრინციპის დაცვის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურული წესების დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი, რის გამოც თ------------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი