განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
110100119002967261
დავის ტიპი
126 1
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119002967261

№1/98-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რო-------------ა, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ----------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------–ი, შელაპარაკებისას, რო--------------ამ, ძმასთან - თო-----------------სთან ერთად, ჯგუფურად, ხელ-ფეხის გამოყენებით ცემა ირ-------–-----ეს და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. რო-------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ ირ-------–-----ეს ცემა მარტომ და მისი ძმა, თო----------------- აშველებდა მათ და თ--------ს ი--------თვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ - ირ-------–-----ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - თე---–----ის, თა--------------ას, მი----–------–--ის, რა-------–----ის, მა-----------–---–ის და და-------------–--ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულ - რო-------------ას გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დაზარალებულ - ირ-------–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია რო-------------ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ჯგუფურად. ამ პუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს მაინც აღასრულებდეს სულ მცირე ორი პირი. ამდენად, ორივე უნდა იყოს ამსრულებელი. თანაც, არაა სავალდებულო, ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.

 

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ ირ-------–-----ე ცემა მხოლოდ მან და მის ძმას, თო-----------------ს არ უცემია, ის მხოლოდ აშველებდა მათ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთბლიობით, რომელიც ბრალდებულს, სადავოდ არ გაუხდია. საქმეზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხული ირ-------–-----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც მოძრაობდა სოფელ ქ-------–ი, საავტომობილო გზაზე და მიდიოდა სახლში, მას, ქუჩაში დახვდნენ ცოლის ძმები რ----- და თ-------- ჭ--------ები, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოდა, ცემეს, კერძოდ: რო-------------ამ მარჯვენა მუჭი დაარტყა სახის არეში ორჯერ, რა დროსაც წაიქცა. რ----- და თ-------- ჭ--------ებმა, წაქცეულს დაუწყეს ცემა ხელებითა და ფეხებით სხეულის სხავადასხა არეში.

 

11. მოწმე თე---–----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც იმყოფებოდა სოფელ ქ-------–ი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაინახა, რომ ირ-------–-----ე მიუახლოვდა ქუჩაში მდგარ ავტომანქანას. იქიდან გადმოსული ორი ახალგაზრდა მამაკაცი ესაუბრებოდა ი--------, ხოლო მესამე, იჯდა მანქანაში, საჭესთან. რამდენიმე ხანში დაინახა, რომ ორმა მამაკაცმა ცემა ირ-----, წააქციეს ძირს და ურტყამდნენ.

 

12. მოწმე და-------------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, სოფელ ქ-------–ი. დაახლოებით 17:00 საათზე გაიგონა ყვირილის და შველის ხმა. ხმაზე იცნო, რომ მეზოდელი ირ-------–-----ე ითხოვდა შველას. გავიდა ეზოდან ქუჩაში და დაინახა, რომ დაახლოებით ოც მეტრში, იდგა ვერცხლისფერი მანქანა, რომლის გვერდზეც, ძირს წაქცეული იყო ირ----- და ორი ახალგაზრდა ცემდა ხელებითა და ფეხებით. გაიქცა მათი მიმართლებით და როდესაც მიუახლოვდა, დაახლოებით ათი მეტრიდან იცნო, რომ ი-------- ცემდნენ მისი მეუღლის ძმები რ----- და თ-------- ჭ--------ები. მისი მიახლოვებისთანავე, რ-----ი და თ-------- ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ.

 

13. მოწმე რ----- ლ-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, სოფელ ქ-------–ი. როდესაც იმყოფებოდა ეზოში, გაიგონა მისი შვილი თე---–----ის ყვირილი, რომელმაც მას დაუძახა, რომ ცემდნენ ირ-------–-----ეს. აღნიშნულზე გაიქცა ჭიშკრის მიმართულებით, გავიდა ეზოდან და დაიანახა, რომ ირ-------–-----ე წაქცეული იყო მიწაზე და მას ცემდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გაიქცა მათ მიმართლებით. როდესაც მიუახლოვდა, ახალგაზრდები ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. მივიდა ი--------თან, იქ, ასევე, იყო მეზობელი და-------------–--ე. ირ-----მ უთხრა, რომ ცემა ცოლის ძმებმა რ----- და თ-------- ჭ--------ებმა.

 

14. მოწმე მი----–------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, სოფელ ქ-------–ი. დაახლოებით 17:00 საათზე, უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც გარედან შემოესმა დედამისის ყვირილის ხმა. როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო, რომ დედამისი და-------------–--ე ითხოვდა შველას. გაიქცა გზის მიმართულებით. გავიდა გარეთ და დაინახა მისკენ სწრაფად მიმავალი ოპელის მარკის ავტომობილი. როდესაც ავტომობილმა ჩაუარა, დაინახა, რომ წინ, მძღოლის გვერდზე იჯდა ირ-------–-----ის მეუღლის, თა--------------ას ძმა - რო-------------ა, ხოლო უკანა სავარძელზე, მეორე ძმა - თო-----------------. როდესაც ადგილზე მივიდა, ნახა ნაცემი ირ-------–-----ე, რომელმაც უთხრა, რომ ის ცემა რ----- და თ-------- ჭ--------ებმა. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა დედამისი - და-------------–--ე.

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია.

 

16. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები) ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე.

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს რო-------------ამ ფაქტობრივად თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია რო-------------ას დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება ბრალდებულ რო-------------ას, მოწმეეების - თო-----------------ს, თა--------------ას, მა-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით, ვინაიდან, ამ განმარტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მათ სხდომაზე არ წარმოუდგენიათ და არც გამოუკვლევიათ. რაც შეეხება მოწმეებს თა--------------ას და მა-----------–---–ს, ისინი წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს და გამოკიხვის ოქმებში გადმოსცემენ ინფორმაციას, მიწოდებულს თავად რო-------------ას მიერ.

 

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ რო-------------ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რო-------------ას ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრი-–-- ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ რო-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

19. რო-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

21. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რო-------------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ რო-------------ა არ არის ნასამართლევი და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარი. ასევე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რო-------------ას მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 200 (ორასი) საათის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, შეძლებს დააფიქროს რო-------------ა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რო-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე რო-------------ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

რო-------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე