განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002724514
N1/315-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
01 მაისი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი-–-----------–---–ი
ბრალდებული: ზ------- ბ-----–---–ი
მამის სახელი: ზ----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონის სოფელი კუ--------–-----ი მე-16 ქ. N11
მცხოვრები: თელავის რაიონის სოფელი კუ--------–-----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 28 სექტემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კუ--------–-----ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელის სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში, ზ------- ბ-----–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე ს------- ა--–------ზე. კერძოდ, ზ------- ბ-----–---–მა ცემა ს------- ა--–------ი, ხელით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც ს------- ა--–------ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და მიიღო სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედება დაკვალიფიცირებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამარლომ დაადგინა:
3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - ზ------- ბ-----–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. ზ------- ბ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა შემდეგი: მან მეუღლის, ს------- ა--–------ის ტელეფონში ნახა მესიჯები, რაზეც იეჭვიანა და ამის თაობაზე ჰკითხა მეუღლეს. მისი მეუღლე ჩავარდა ისტერიკაში, ჯერ საწოლზე დაწვა, მერე ძირს. მას მეუღლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოიძახეს სასწრაფო და სასწრაფოს ექიმმა ფიზიკური დაზიანება ვერ დააფიქსირა.
5. ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა ს------- ა--–------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
6. მოწმის ნ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ--–--------–------------------ის ექიმად. 2018 წლის 28 სექტემბერს, 15:14 წუთზე, 112-ის მეშვეობით სოფელ კუ--------–-----იდან მიიღეს გამოძახება. იგი ექთან თ---------–-–---–თან და მძღოლ ბ------------–---–თან ერთად მივიდა მისამართზე. მისვლისას დახვდათ ს------- ა--–------ი, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის კანკალი, ტიროდა და შფოთავდა, ჰქონდა ნერვული სტრესი. თუმცა მათ შეკითხვაზე რატომ ჰქონდა სტრესი, არ უპასუხა. იყო ძალიან მშვიდი სიტუაცია. ს------- ა--–------ს გაუწიეს დახმარება, გაუსინჯეს მუცელი, მოუსმინეს ფილტვებს, გაუსინჯეს თირკმელები და რაიმე სახის გარეგნული დაზიანება ვერ დააფიქსირეს. სახლში იმყოფებოდნენ ს-------ს მეუღლე და ასაკოვანი ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. ს------- ა--–------მა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, შემდეგ გაუწიეს დახმარება მედიკამენტების საშუალებით და პაციენტი დამშვიდდა.
7. მისივე განმარტებით, მათი იქ ყოფნის განმავლობაში სახლში იყო აფსოლიტური სიმშვიდე, ხმამაღალი საუბარიც კი არ ყოფილა.
8. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები, კერძოდ, ლ--–- ა--–------ის, ნ---- ა--–------ი-ა---------ის, მ-----–- ბ-----–---–ის, ნ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
11. ზ------- ბ-----–---–ის მიერ მეუღლე, ს------- ა--–------ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებული ს------- ა--–------ი, რომელმაც მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მოწმე სასწრაფო დახმარების ექიმი ნ-------------–-–---–ი. ნ-------------–-–---–მა დაადასტურა, რომ მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა ს------- ა--–------ს, რომელსაც ნერვული სტრესი ჰქონდა. ასევე დაზარალებულს გაუსინჯეს მუცელი, მოუსმინეს ფილტვებს, გაუსინჯეს თირკმელები და რაიმე სახის გარეგნული დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. მანვე დაადასტურა, რომ სახლში იყო აფსოლიტური სიმშვიდე, ხმამაღალი საუბარიც კი არ ყოფილა.
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია საპროცესო უფლებები, რომლის მე-11 ნაწილით დადგენილია, რომ „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.“
13. ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავების პირთა წრე განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
14. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია.
15. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
16. არასადავოდ მიჩნეული დაზარალებულის დედის მოწმის ლ--–- ა--–------ის ჩვენება (ს.ფ 26-27) ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას შვილმა ს------- ა--–------მა მოუყვა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლემ, ზ------- ბ-----–---–მა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
17. იგივე გარემოებებს ადასტურებს მოწმე, დაზარალებულის და ნ---- ა--–------ი. (ს.ფ. 28-30) მანაც ს------- ა--–------ის მონაყოლით იცის, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლემ ზ------- ბ-----–---–მა ცემა მისი და ს------- ა--–------ი. მანვე დაადასტურა, რომ ტელეფონით ესაუბრა ზ------- ბ-----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მან გაიგო ცოლის ღალატი, რის თაობაზეც ესაუბრა მეუღლეს ს------- ა--–------ს და ს-------ს დაემართა ნერვული სტრესი. ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე ზ.ბ-----–---–ს არ უსაუბრია.
18. მოწმეების ნ---- ა--–------ისა და ლ--–- ა--–------ის ჩვენებები ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
19. მოწმე მ-----–- ბ-----–---–ი (ს.ფ. 51-52) ადასტურებს, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს ის, შვილთან ზ------- ბ-----–---–თან და რძალთან ს------- ა--–------თან ერთად იმყოფებოდა სახლში. მას რაიმე ჩხუბის ხმა არ გაუგია და არც ჩხუბს არ შესწრებია.
20. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნით (ს.ფ. 10-22) დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, ს------- ა--–------ს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები. დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური (ან ტანჯვა) და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ზ------- ბ-----–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი მიაყენა ს------- ა--–------ს, ტანჯვის მიყენება მას ბრალად არ ერაცხება.
22. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.
23. ამდენად, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.
24. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ს------- ა--–------მა მეუღლე ზ------- ბ-----–---–ი არ ამხილა დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოში ჩვენების მიცემის გზით არ დაადასტურა, რომ მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სხვა მტკიცებილება, რაც დაადასტურებდა ზ------- ბ-----–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.
25. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილ გარემოებას, რომ ს------- ა--–------ს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები. თუმცა ხსენებული დაზიანებები, რატომ ვერ დააფიქსირა გამოძახებაზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა, ნ-------------–-–---–მა გაურკვეველია. ნ.რ-----–-–---–ი კატეგორიულად ადასტურებს, რომ მათ დაზარალებულს გაუსინჯეს მუცელი, მოუსმინეს ფილტვებს, გაუსინჯეს თირკმელები და რაიმე სახის გარეგნული დაზიანება ვერ დააფიქსირეს. ასეთ ვითარებაში ეჭვქვეშ დგება სასამართლო სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული დაზიანებების მიყენების მექანიზმი და ვითარება, რასაც სასამართლო ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებს. ყურადღებამისაქცევია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებიდან ხუთი დღის შემდეგ, 2018 წლის 4 ოქტომბერს.
26. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადექვატური სტანდარტების შესაბამისად.
28. მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
32. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------- ბ-----–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
34. გამართლებულ ზ------- ბ-----–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
35. ზ------- ბ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
36. ზ------- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებულია აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
37. ზ------- ბ-----–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
38. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
39. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური