გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.05.2019
საქმის ნომერი
130310519002794068
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-2-2019

(130310519002794068)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მაისი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - გ------- ა-------ე

წარმომადგენელი - გ---- ღ-------–---–ი

მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ------- ძ-------ე, თ----- გ-----–--ე, ო----- მ------–---–ი

მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - ნ---- ღ-------ე

კანონიერი წარმომადგენელი - თ----- ც----------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ნოემბრის N19 დადგენილება გ------- ა-------ის 20000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.

 

მოსარჩელე თავდაპირველად ითხოვდა, ასევე, დემონტაჟის დავალების ნაწილში დადგენილების ბათილად ცნობას, თუმცა 2019 წლის 6 მაისის სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და სასამართლოს განჩინებით ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. 2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი 12:19:13-12:21:24).

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ნოემბრის N19 დადგენილებით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 20000 ლარით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 19 მარტს წერილით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა 69.08.60.2--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონით შესყიდვის პირობებში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, პირობიანი აუქციონის მიხედვით, გ------- ა-------ეს შეძენილი მიწის ნაკვეთის 75%-ზე უნდა მოეწყო ავტოსადგომი. გ------- ა-------ის უძრავი ქონების მიმდებარედ მდებარეობს 69.08.60.2--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 424კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს დ-------- ნ------ის საკუთრებას და რომელთანაც მიღწეულია შეთანხმება ავტოსადგომის მოწყობის შესახებ. გ------- ა-------ე სთავაზობდა მერიას ავტოსადგომის ნაწილი მოწყობილიყო დ-------- ნ------ის კუთვნილ მიწის ფართზე, ხოლო თავისი კუთვნილი მიწის ფართიდან ავტოსადგომისთვის განკუთვნილი ფართის ნაწილს - 350კვ.მ-ს გამოიყენებდა დამატებითი შენობა-ნაგეობის ასაშენებლად. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არ უცნობებია პასუხი შეთავაზებულ წინადადებაზე. დღეის მდგომარეობით შენობა გაქირავებულია. მოწყობილია სავაჭრო ობიექტი, სადაც დასაქმებულია 20 პირი. დ-------- ნ------ის მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს ავტო-სადგომის სამშენებლო სამუშაოები, სადაც, ასევე, დასაქმდება 12 პირი.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დადგენილებით ირღვევა გ------- ა-------ის პირადი ინტერესები და ხელი ეშლება მას მცირე ბიზნესის განვითარებაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გ------- ა-------ემ 2018 წლის 21 თებერვალს მიმართა მერიას და ითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაზეც ეთქვა უარი. 2018 წლის 26 აპრილს მან კვლავ მიმართა მერიას და ითხოვა დამატებითი კომერციული ფართის აშენება, ხოლო ავტოსადგომს მოაწყობდა მისი ნაკვეთის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე. გ------- ა-------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეძენილი იყო პირობებიანი აუქციონის ფორმით. მერიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად პირობების ცვლილება.

 

2018 წლის 28 ივნისს გამოვლენილ იქნა უნებართვო მშენებლობის ფაქტი მოცემულ მიწის ნაკვეთზე, რის გამოც გ------- ა-------ეს მიეცა მითითება და განესაზღვრა 15 დღის ვადა მშენებლობის ნებართვის წარმოსადგენად. მითითება არ შესრულდა და 2018 წლის 17 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტი. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა N19 დადგენილება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის (სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქცია) გ------- ა-------ის დაჯარიმების და შენობის დემონტაჟის შესახებ.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

 

3.1. მესამე პირის ნ---- ღ-------ის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სარჩელთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება ქალაქ ხაშურში, ბ---------ის ქუჩა N1-ში მდებარე 1462კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 69.08.60.2-- (იხ. შესაგებლის მე-11-12 ფურცლები).

 

4.2. აღნიშნული ქონება 2016 წლის 11 მარტს შეიძინა დ----- ლ------მ პირობებიანი აუქციონის მეშვეობით. ხელშეკრულების მიხედვით, სხვა პირობებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში შესყიდულ მიწის ნაკვეთის 75%-ზე განახორციელოს ავტოსადგომის მშენებლობა, რომლის ფუნქციონირებაც უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 წლისა. ხელშეკრულების თანახმად, ყოველ ახალ შემძენზე ვალდებულებები გადადის უცვლელად. 2016 წლის 25 მარტს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (იხ. შესაგებლის მე-13-20 ფურცლები).

 

4.3. მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 3 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასა და დ----- ლ------ს წარმომადგენელს ნ-------- ც----------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგომის მშენებლობა ნაცვლად საკუთრების უფლების მოწმობის გაცემიდან 6 თვის ვადისა, უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის პირველ სექტემბრამდე (იხ. შესაგებლის 21-28-ე ფურცლები).

 

4.4. 2017 წლის 6 თებერვალს დ----- ლ------მ ქალაქ ხაშურში, ბ---------ის ქუჩა N1-ში მდებარე, საკადასტრო კოდით 69.08.60.2--. რეგისტრირებული უძრავი ქონება მიყიდა გ------- ა-------ეს (იხ. შესაგებლის 29-32-ე ფურცლები).

 

4.5. 2017 წლის 1 სექტემბერს შედგა აქტი შემსყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. 2018 წლის 8 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანება N403 გ------- ა-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებლობადასტულებული სავაჭრო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. შენობის პარამეტრებია: განაშენიანების ფართი 337,5კვ.მ. სასარგებლო ფართი 624,05კვ.მ. სამშენებლო მოცულობა 1856,25კვ.მ. (იხ. შესაგებლის 32-ე და 57-57-ე ფურცლები).

 

4.6. 2018 წლის 21 თებერვალს გ------- ა-------ემ მიმართა განცხადებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა ქალაქ ხაშურში, ბ---------ის ქუჩა N1-ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე სავაჭრო ობიექტის უკან ერთსართულიანი სავაჭრო-სასაწყობე შენობის აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 მარტის მიმართვით, გ------- ა-------ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი შეძენილია პირობებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე, რომლის 75%-ზე უნდა მოწყობილიყო ავტოსადგომი არანაკლებ 3-წლიანი ფუნქციონირების ვადით. 2018 წლის 26 აპრილს გ------- ა-------ემ კვლავ მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დამატებითი კომერციული ფართის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კვლავ ეთქვა უარი, რადგან აუქციონის პირობების ცვლილება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად (იხ. შესაგებლის 34-53-ე ფურცლები).

 

4.7. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა აქტი, რომ გ------- ა-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 69.08.60.2--) ნაწარმოებია უნებართო მშენებლობა - სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქცია (III კლასი). უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის პარამეტრებია: სიგრძე 12 მეტრი, სიგანე 24 მეტრი, სიმაღლე 5,7 მეტრი. იმავე დღეს გამოცემულ იქნა N10 მითითება, რომლითაც გ------- ა-------ეს დაევალა 15 დღის ვადაში წარედგინა მერიაში მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი პროექტი. მითითება გაეგზავნა გ------- ა-------ეს მისივე განცხადებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა. მცდელობის მიუხედავად, მერიის თანამშრომლების მიერ ვერ იქნა მოძიებული მისი ადგილსამყოფელი, რის გამოც მითითება 2018 წლის 22 აგვისტოს გამოკრულ იქნა მშენებაზე ობიექტზე (იხ. შესაგებლის 63-74-ე ფურცლები).

 

4.8. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, რომ 2018 წლის 28 ივნისს გამოცემული მითითება არ შესრულდა. შემოწმების აქტი გაეგზავნა გ------- ა-------ეს და ჩაბარდა მის ოჯახის წევრს 24 სექტემბერს (იხ. შესაგებლის 75-77-ე ფურცლები).

 

4.9. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ნოემბრის N19 დადგენილებით, გ------- ა-------ე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 20000 ლარით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი (ს.ფ 13-18).

 

4.10. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ გ------- ა-------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად მიმდინარეობდა მშენებლობა ნებართვის გარეშე. ამასთან, ნებართვის გარეშე აშენებული შენობა მიბმულია ძველ, ადრე აშენებულ შენობაზე და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას და არა ცალკე მდგომ შენობას. ეს მშენებლობა მდებარეობს ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზიდან არაუმეტეს 50 მეტრის მანძილზე და საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან შენებლობაზე თანხმობა არ გაცემულა (იხ. 2019 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი 12:36:09-12:39:58).

 

4.11. 2019 წლის 10 აპრილს ნ---- ღ-------ესა და გ------- ა-------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ---- ღ-------ემ შეიძინა ქალაქ ხაშურში, ბ---------ის ქუჩა N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1462კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 69.08.60.2--. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება და 2019 წლის 16 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება; „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ნებართვების ერთერთი სახეა მშენებლობის ნებართვა. იმავე კანონის 264-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

 

7.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

 

7.3. დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. დადგენილების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს: ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას; სამშენებლო საქმიანობაში კანონმდებლობის დაცვის კონტროლს.

 

7.4. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეა რეკონსტრუქცია. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.

 

7.5. ამავე დადგენილების 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, III კლასს განეკუთვნება განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-დან 6000 მ2-მდე ფართობის), 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა.

 

7.6. დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.

 

7.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- ა-------ის კუთვნილ ნაკვეთზე არსებული ექსპლუატაციაში მიღებული სავაჭრო ობიექტი წარმოადგენდა მე-3 კლასის შენობას (მერის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, მისი განაშენიანების ჯამური ფართობი 300მ2-ზე მეტია). ასევე, დადგენილია, რომ არ მომხდარა დამოუკიდებელი ობიექტის მშებნებლობა, არამედ უნებართვოდ აშენებული შენობა წარმოადგენს ძირითადი შენობის ნაწილს. შესაბამისად, ითვლება, რომ ნაწარმოებია რეკონსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს, რომ უნებართვო მშენებლობაც მიეკუთვნება მე-3 კლასს.

 

7.8. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართადარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითების ვადის გასვლის შემდეგ ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი, სადაც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

 

იმავე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტების თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი. დადგენილია, რომ გ------- ა-------ისათვის, მის მიერვე მითითებულ მისამართზე, ზედამხდველობის სამსახურის N10 მითითების ჩაუბარებლობის გამო, მისი განთავსება მოხდა მშენებარე ობიექტის ფასადზე, ე.ი. თვალსაჩინო ადგილას. შეაბამისად, დაცულია კანონმდებლობის ეს მოთხოვნა.

 

7.9. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარით.

7.10. იმავე კოდექსის მე-15 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები.

 

7.11. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილების თანახმად, წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა.

 

7.12. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები.

 

7.13. ამდენად, გ------- ა-------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონას, რადგან ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გასაცემად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, აუცილებელია დამატებითი სპეციალური პირობა, კერძოდ, გზის მფლობელის - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

7.14. დადგენილია, რომ სამშენებლო ობიექტი მდენარეობს ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის ღერძიდან არაუმეტეს 50 მეტრში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა მოსარჩელე მხარეს არ ჰქონია, ასევე, არ ჰქონია მშენებლობის ნებართვა და ისე აწარმოა მესამე კლასის შენობის რეკონსტრუქცია. აქედან გამომდინარე, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სანქციაც შესაბამისადაა განსაზღვრული.

 

7.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

7.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

7.17. ვინაიდან, არ დადგინდა გ------- ა-------ის დაჯარიმების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ნოემბრის N19 დადგენილების კანონთან წინააღმდეგობა, ამიტომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მოცემული კატეგორიის საქმეზე სახლემიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლო ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, გ------- ა-------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ------- ა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------- ა-------ეს დაეკისროს ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი