განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
010100119002933379
დავის ტიპი
276 3 , 276 1
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002933379

საქმე №1-250/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ბ---–----–---–------ის

ბრალდებულის - გ------- ლ-----ის

ადვოკატის - ლ-–-----------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075261118001 საქმე :

 

ბრალდებულ გ------- ლ-----ის მიმართ

მამის სახელი: მ-----–-

დაბადებული: 2-.0-.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ----------–-----------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილები;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 26 ნოემბერს, ქ. ბ------–-, ა---------ისა და შ--------ს ქუჩების კვეთაში, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით L--------, მართვისას მძღოლმა გ------- ლ-----ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 1-ის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3.24-ის მოთხოვნები და შეეჯახა „მერსედეს სპრინტერის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ი-----–------–--–--ე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ი------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო რ-----------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა გ------- ლ-----ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ლ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულების - რ-----------------ის და ი------------ის ჩვენებები, მოწმე ი-----–------–--–--ის ჩვენება; 2018 წლის 26 ნოემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 10 იანვრის №394/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ გ------- ლ-----ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის და საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3.24-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგიი არ ექნებოდა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 16 იანვრის №ს/ტ-388 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილი „მერსედესის“ (სახელმწიფო სანომრე ნიშნით L------) სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. წარმოდგენილი ავტომობილის „მერსედეს სპრინტერის“ (სახელმწიფო სანომრე ნიშნით L-------- საჭით მართის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 20 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000354819 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის 26 ნოემბერს, რ-----------------ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, ეპიდურული ჰემატომა მარჯვნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში, პნევმოცეფალია, თხემ-საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა მარჯვნივ გავრცელებით ფუძეზე, თავის ტვინის შეშუპება, ჭრილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხსს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 16 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000258019 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ი------------ე, 2018 წლის 25 ნოემბერს მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - მეათე ნეკნის მოტეხილობა მარჯვნივ, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ექსკორიაციები სახისა და მარჯვენა მტევნის არეში. ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მოტეხილობა და ექსკორიაცია განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

6. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის თანახმად: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

 

7. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია გ------- ლ-----ემ ავტომანქანის მართისას, საგზაო ნიშნების 2.3-ის (დაუთმე გზა) და პრიორიტეტის ნიშნების - 3.24-ის (მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა) მოთხოვნების პარალელურად, რის გამოც დაეჯახა „მერსედეს სპრინტერის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც ი------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო რ-----------------ემ - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ლ-----ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ლ-----ემ ავტომანქანის მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც ი------------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო რ-----------------ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

21. გ------- ლ-----ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

22. გ------- ლ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულებთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

2-- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

29. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ლ-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, სახეზეა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულებს, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ბრალდებულის შერიგება დაზარალებულთან სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი გარემოებაა - სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 3 (სამი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გ------- მ-----–-ს ძე ლ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ გ------- ლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი