გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2019
საქმის ნომერი
330310019002808848
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/304-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - რ------------–---ა

წარმომადგენელი - პ--------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ----------------ა

 

მესამე პირი - შპს ”მ----–---ი”

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირი - შპს ”მ----–---ის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით რ------------–---ასათვის დავალიანების - 2779.62 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 37.62 ლარი, პირგასამტეხლო - 2442 ლარი.

 

შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები, გაფრთხილების ხელწერილი, უკუგზავნილი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს „მ----–---ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი და თანდართული მასალები - ს/ფ 107-128.

 

4.1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის №S----------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რ------------–---ას ეცნობა, რომ 2018 წლის 23 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, შპს „მ----–---ის“ განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რ------------–---ას ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

აღნიშნული შეტყობინება რ------------–---ას ჩაბარდა სამუშაო ადგილზე (შპს „ტ----–---------“), პირადად 2018 წლის 20 ნოემბერს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 19 აპრილის №S----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ - ს/ფ 98-99.

- რ------------–---აზე გზავნილის ჩაბარების დასტური - ს/ფ 100.

 

4.1.3. რ------------–---ას შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2018 წლის 10 დეკემბერს მოპასუხე - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც რ------------–---ას დაეკისრა 2879.62 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ - ს/ფ 84.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - 2018 წლის 10 დეკემბრის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

7.2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით რ------------–---ასათვის დავალიანების - 2779.62 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 37.62 ლარი, პირგასამტეხლო - 2442 ლარი. შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები, გაფრთხილების ხელწერილი, უკუგზავნილი.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის №S----------------- შეტყობინებით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რ------------–---ას ეცნობა, რომ 2018 წლის 23 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, შპს „მ----–---ის“ განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რ------------–---ას ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება რ------------–---ას ჩაბარდა სამუშაო ადგილზე (შპს „ტ----–---------“), პირადად 2018 წლის 20 ნოემბერს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ რ------------–---ამ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში პროტესტის წარდგენა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო განემარტა რ------------–---ასათვის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში პროტესტის წარდგენის ვადის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე, რაც საშუალებას მისცემდა მოსარჩელეს აღმასრულებლის ქმედება გაესაჩივრებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ რ------------–---ას 2018 წლის 20 ნოემბრიდან ათი დღე არ შეეძლო პროტესტის წარდგენა აღსრულების ბიუროში, არ შეეძლო ქეის-მენეჯერთან დაკავშირება, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია შეტყობინებაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ რ------------–---ას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გზავნილის ჩაბარებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავალიანების არაღიარების (პროტესტის) შემთხვევაში რესპოდენტს შეეძლო – მოთხოვნის სრული უარყოფა, მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითება მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითება იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობდა რესპონდენტი. მასვე ეცნობა სამართლებრივი შედეგები, - აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე თუ რესპოდენტი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რ------------–---ას შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, აღსრულებს ეროვნული ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

7.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №S----------------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, რ------------–---ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად 100(ასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ------------–---ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი