გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
180210018002594605
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/6---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე - ი------------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–-----–-----–-ა

 

მოპასუხე - რ--------------–-ა

წარმომადგენელი - ბ---------–---------ი

 

დავის საგანი - ქონების მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

სარჩელის საფუძვლები:

 

ი------------–---–ი არის დაბა ზაჰესში, პ-–------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (ს/კ 7-----------), რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა საცხოვრებლად. ნაკვეთის ერთ მხარეს ესაზღვრება მდინარე მტკვარი, ხოლო მეორე მხარეს თ---–-----–----–---- ცენტრალური მაგისტრალი. საავტომობილო მაგაისტრალსა და ზემოთხ ხენებულ ნაკვეთს შორის, სადაც ადრე განთავრებული იყო რკინიგზის ჯიხური მოხდა შენობა-ნაგებობის აშენება (პ-–-----------------ა ს/კ 7-----------), აღნიშნული შენობის აშენებისას არ იქნა გათვალისწინებული საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. წლების განმავლობაში შენობა გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით, მასში განთავსებული იყო რესტორანი ისე, რომ მას არ გააჩნდა საკანალიზაციო სისტემა. 2006 წელს მოხდა ქონების გასხვისება, მაგრამ არც ახალ მესაკუთრეს მოუგვარებია დასახელებული საკითხი. აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც მოსახლეობა სარგებლობს კუსტარული წესით მოწყობილი საპირფარეშოებით, რომელიც პერიოდულად იწმინდება. პ-–-----------------ა-ის ეზოშიც მოწყობილია ასეთი საპირფარეშო, რომლის კედელი ემიჯნება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, თუმცა მოპასუხემ იმის ნაცვლად რომ გაესუფთავებინა საპირფარეშო, მიმართა იოლ ხერხს და კანალიზაციის მილი გადაუშვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, სადაც ხდება ფეკალური მასების გავრცელება. წლების განმავლობაში მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ნაკვეთის მფლობელებს, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ი------------–---–ის ნაკვეთის დაჭაობება. 2018 წლის ივლისის თვეში ი------------–---–ის დაკვეთით მოხდა ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც დაადასტურა რ--------------–-ას მიწის ნაკვეთიდან ფეკალური მასების და წყლის გავრცელება ი------------–---–ის კუთვნილ მიწაზე, რაც იწვევს მის დაჭაობებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხომაზე არ ცნო სარჩელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1 ი------------–---–ი არის დაბა ზაჰესში, პ-–------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ 7-----------. მესაკუთრე, ხოლო რ--------------–-ა არის დაბა ზაესში, პ-–-----------------ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ 7----------- მესაკუთრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები სჯარო რეესტრიდან ს.ფ 14-17;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. რ--------------–-ას მიწის ნაკვეთიდან ხდებოდა მოსარჩელე ი------------–---–ის მიწის ნაკვეთზე ფეკალური მასების გავრცელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვანა ს.ფ 20-27;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3 2019 წლის 12 აპრილის მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით უძრავი ქონების მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა და დისკი;

- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განჩინება საქმის ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1 მოსარჩელე ი------------–---–ი ითხოვს მოპასუხისგან მიყენებული ზიანის ანაღაურებას 15000 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა ი------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 992-ე;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, ამავე კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი------------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობის უკანონო ხელშეშლას საქმის განხილვის ეტაპზე ადგილი არ აქვს და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო; ამასთან, მოსარჩელე ითხოვს უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის 15000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტისა და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის დასტურად, თუ კონკრეტულად რა მოცულობის ზიანი მიადგა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო ხელშეშლის შედეგად, რისი ვალდებულებაც მას ეკისრებოდა;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------–---–ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით მოსარჩელე ი------------–---–ის წარმომადგენლის - ე-–-----–-----–-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე რ--------------–-ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი ქონების, მდებარე: მცხეთა, დაბა ზაჰესი, პ-–-----------------ა (ს/კ 7-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 1911-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ი------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასმართლოს მიერ 2----–-–---------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც მოპასუხე რ--------------–-ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი ქონების, მდებარე: მცხეთა, დაბა ზაჰესი, პ-–-----------------ა (ს/კ 7-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა