განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
080100118002679003
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/919-18 (N041150918001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ--- კ--–------ე

მამის სახელი: ა----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ------------------

 

ადვოკატები - ნ----------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ჯ--- კ--–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დილის საათებში, ქუთაისში, ნ-----------------ში, ჯ--- კ--–------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან თ------------–---–თან. ჯ--- კ--–------ემ მეუღლეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ჯ--- კ--–------ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგი გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმის ირიბ ჩვენებაზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ თ------ კ-----–---–ის და ექსპერტ შ--------------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,15.09.18წ. 13:28-13:39 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. თ------ კ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხ. პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს”.

 

საქმის სასამრთლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--------------ემ განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე თ------------–---–ის მიმართ, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა 2018 წლის 15 სექტემბერს. როგორც მას შესამოწმებელმა პირმა განუმარტა, 2018 წლის 15 სექტემბერს დილით მის საცხოვრებელ სახლში ნიკეას ქუჩაზე მისმა მეუღლემ ჯ--- კ--–------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ: იდაყვის სახსარში შეაყოფინა თავი და ურტყამდა მუჭებს, ასევე შესამოწმებელმა პირმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს და მას სამედიცინო დახმარება არ გაწევია. პირადი გასინჯვის შედეგების მიხედვით, თ------------–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, იდაყვის ზედა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასევე კისრის მარჯვენა მხარეს ზედა ზედაპირში ასეთივე ფორმისა და ზომის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. ამის შემდეგ თ------------–---–მა განმარტა, რომ მას სხეულზე სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ტანსაცმლით დაფარულ მიდამოების შემოწმებაზე უარი განაცხადა. განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული სისხლნაჟღენთები გამოწვეული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ისინი ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული სისხლნაჟღენთების მიყენების დრო არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა თ------ კ-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ჯ--- კ--–------ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ჯ--- კ--–------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაში მართალია მითითებულია, რომ თ------ კ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ჯ--- კ--–------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმის სახით დაკითხული, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ის ირიბი ჩვენებისა, რომელიც ძალადობის განხორციელების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, ხოლო დაზარალებულმა უარი განაცხადა მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, აღნიშნული ძალადობის ფაქტი, ასევე, დადგენილი ვერ იქნა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებითაც, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი სხვა მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ჯ--- კ--–------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, დილის საათებში, ქუთაისში, ნ-----------------ში, ჯ--- კ--–------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან თ------------–---–თან. ჯ--- კ--–------ემ მეუღლეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმის ირიბი ჩვენებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯ--- კ--–------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმის ჩვენების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ჯ--- კ--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ჯ--- კ--–------ის ბრალეულობაში, რის გამოც, ჯ--- კ--–------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--- კ--–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ჯ--- კ--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს, გადახდილი გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

3. გამართლებულ ჯ--- კ--–------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4.საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე