გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2019
საქმის ნომერი
130310019002899192
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/21-2019

130310019002899192

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ხ-–----ი

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლ--–- ბ-------–---–ი

სხდომის მდივანი ა----------–---–-

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნანა ბ--–--ე

მოპასუხე - მ------ გ------–-–---–ი

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე მ------ გ------–-–---–ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 200 ლარის დაბრუნება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხე მ------ გ------–-–---–ის ოჯახი სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული და შემწეობის მიმღებია 2013 წლიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის N 04/34803 წერილის საფუძველზე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ოჯახის წევრებზე - გ------- და დ----- გ------–-–---–ებზე, დაფიქსირებულია გარკვეული სახის შემოსავალი, რის შესახებაც არ ეცნობა სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში. ამის გამო ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში; თუმცაღა 2018 წლის მაისის თვეში ზედმეტად დაერიცხათ საარსებო შემწეობის თანხა 240 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ სოციალურმა აგენტმა სამჯერ განახორციელა ვიზიტი ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ მ------ გ------–-–---–მა წინადადება ნებაყოფლობით არ შეასრულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მ------ გ------–-–---–ის ოჯახი 2013 წლიდან დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას.

 

3.2. 2018 წლის 14 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონულ განყოფილებას სააგენტოს ცენტრალური ოფისიდან N 04/34803 წერილით მიეწოდა ინფორმაცია, მ------ გ------–-–---–ის ოჯახის წევრების გ------- და დ----- გ------–-–---–ების დასაქმებისა და მათ მიერ შემოსავლების მიღების შესახებ.

 

3.3. მოპასუხე მ------ გ------–-–---–ს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილების მიერ ეცნობა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 240 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ.

 

3.4. მოპასუხე მ------ გ------–-–---–ის ოჯახს 2018 წლის ივნისის თვიდან ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია ბაზაში.

 

3.5. მოპასუხე მ------ გ------–-–---–მა აღიარა დავალიანება და იკისრა ვალდებულება, რომ დავალიანებას დაფარავდა ეტაპობრივად - თვეში 40 ლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად ამოწურვამდე.

 

3.6. მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის სექტემბრის თვეში გადაიხადა 40 ლარი, რითაც დავალიანების თანხა შეამცირა 200 ლარამდე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. საარსებო შემწეობის ოდენობა ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას. ამ ნორმებიდან გამომდინარე მ------ გ------–-–---–ის ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 240 ლარის ოდენობით.

 

6.2. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

6.3. ამავე დადგენილების 91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.4. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ მ------ გ------–-–---–ის ოჯახმა, გ------- და დ----- გ------–-–---–ების მიერ მუშაობის დაწყებისა და შემოსავლის მიღების შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2018 წლის მაისის თვის სოციალური დახმარება 240 ლარი. საიდანაც 2018 წლის სექტემბრის თვეში გადაიხადა მხოლოდ 40 ლარი.

 

6.5. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ'' ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის - შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე არსებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - ,,ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)'' დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე. დადგენილია რომ მოცემულ შემთხვევაში სხვაობა აღემატებოდა 150 ლარს.

 

6.6. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების 181 მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:- თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ------ გ------–-–---–ს (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხ-–----ი, კოსტავას ქ. №15).

 

მოსამართლე

ლ--–- ბ-------–---–ი