გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2019
საქმის ნომერი
060210018002272784
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/59-18წ

`

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 მარტი 2019 წ. ქ.სამტრედია

შესავალი ნაწილი

ს----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - მ-----ა ჩ------ე;

წარმომადგენელი - თ------ ჟ----ა;

მოპასუხე - ნ--ო ბ-–--ე;

წარმომადგენელი - მ--ა მ----ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ს----------ის და ა--–-ს რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი მ------ ლ-------ე

დავის საგანი არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

არასრულწლოვანი შვილიშვილების - მ------ და ბ-------ე ჩ------ეების ნახვისათვის ყოველი კვირის პარასკევი დღის 15 საათიდან კვირა დღის 17 საათამდე პერიოდის განსაზღვრა ღამის თევით წაყვანის უფლებით, ასევე ყველა სახის არდადეგების პერიოდში(საშემოდგომო,ზამთრის, საგაზაფხულო და საზაფხულო) ბავშვები თანაბარი დროით იმყოფებოდეს როგორც დედასთან ასევე ბებიასთან.

 

მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე ნ--ო ბ-–--ე მოსარჩელის შვილთან გ--ი ჩ------ესთან და ორ შვილთან განქორწინებამდე 2017 წლის 30 ნოემბრამდე ცხოვრობდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში. განქორწინების შემდეგ მოპასუხე საშუალებას არ აძლევს მოსარჩელე მ-----ა ჩ------ეს ურთიერთობა იქონიოს შვილიშვილებთან, რის გამოც განიცდის ძლიერ სულიერ ტანჯვას. აღნიშნული აკრძალვა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ნორმალურ აღზრდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დათანხმდა მოსარჩელისათვის შვილიშვილების ნახვისათვის დროის განსაზღვრაზე მხოლოდ დედის თანდასწრებით.

 

21. მესამე პირის პოზიცია

 

მოსარჩელეს უნდა მიეცეს შვილიშვილთან ურთიერთობის საშუალება. იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის ინტერესების დაცვა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან და მათ ოჯახის წევრებთან თანაბარი ურთიერთობა .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. არასრულწლოვანები მ------ და ბ-------ე ჩ------ეები ცხოვრობენ დედასთან ერთად, ახლობლის მიერ დათმობილ საცხოვრებელში. ოჯახი იღებს სოციალუირ დახმარებას 170 ლარს, ნ--ო ბ-–--ეს შვილების რჩენაში ეხმარებიან მშობლები და და-ძმა. ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება ასაკის შესაბამისია. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები დამაკმაყოფილებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ 2018 წ 22 თებერვლის დასკვნა (ს.ფ.42)

3.1.2. მ-----ა ჩ------ე არის დიასახლისი, ეწევა საოჯახო მეურნეობას, სეზონურად მეფრინველეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი).

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შედგენილი დასკვნა N1487 (ს.ფ.48.)

3.1.3. მ-----ა ჩ------ეს შვილიშვილები დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ. 25.02. 2019წ. სხდომის ოქმი).

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შედგენილი დასკვნა (ს.ფ. 48.)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ--ი ჩ------ესა და ნ--ო ბ-–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული მ------ ჩ------ე და 2--- წლის 2--------ს დაბადებული ბ-------ე ჩ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 16-17).

 

3.2.2. მ-----ა ჩ------ე არის გ--ი ჩ------ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ--ი ჩ------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15).

 

3.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდება მ-----ა ჩ------ის მხრიდან შვილიშვილების მიმართ განხორციელებული რაიმე ფორმის უარყოფითი ზეგავლენის ფაქტი, ბავშვები ასეთს ვერ იხსენებენ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან, ასევე, ოჯახის სხვა წევრებთან ბავშვების ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია ბავშვის დედასთან, ნ--ო ბ-–--ესთან. მოპასუხე ნ--ო ბ-–--ე წინააღმდეგია მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილიშვილებთან ბავშვების საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანით, აღნიშნავს რა, რომ ბებია პერიოდულად მიემგზავრება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოდ და შესაბამის ყურადღებას ვერ დაუთმობს ბავშვებს, ბავშვებს არ აქვთ მისი ნახვის სურვილი. მოპასუხის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება.

საქმის მასალებით არ დასტურდება მ-----ა ჩ------ის მხრიდან შვილიშვილების მიმართ განხორციელებული რაიმე ფორმის უარყოფითი ზეგავლენის ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ს----------ის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ 2018 წლის 01 მარტს გაცემული N1487 დასკვნის თანახმად, მ-----ა ჩ------ე არის დიასახლისი, ეწევა საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ბინაში ცხოვრობს შვილთან ა----- ჩ------ესთან ერთად, რომელიც არის შშმ პირი და აქვს დანიშნული პენსია 100 ლარის ოდენობთ, ბავშვების მამა გ--ი ჩ------ე სასჯელს იხდის თბილისის N8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, (მ-----ა ჩ------ის მეუღლე ა---------– ჩ------ე მხარეთა განმარტებით გარდაიცვალა საქმის წარმოების ეტაპზე). საცხოვრებლის პირველ სართულზე არის 4 ოთახი, რომლებიც გარემონტებულია. ოთახები საცხოვრებლად ვარგისია, ცალკე აქვთ ბავშვის ოთახი. ოჯახის ძირითად შემოსავალს შეადგენს კერძო შემოსავალი, ისინი სეზონურად ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით დაკავებული არიან თევზის ბიზნესით, მუშაობენ ქ.ბათუმში, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულზე მეფრინველეობის ბიზნესით, მათ აქვთ ოჯახში მეფრინველეობის ფერმა და ყიდიან ფრინველებს, ოჯახი ეწევა აგრეთვე სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, სეზონურად რეალიზაციას უწევენ ბოსტნეულს, თხილს, აქვთ საყანე მიწები დამუშავებული, მოჰყავთ სიმინდი. მეზობლების გადმოცემით ერთად თანაცხოვრების პერიოდში დაკმაყოფილებული იყო ბავშვების ყველა ძირითადი მოთხოვნილებები, ბავშვები თავის მხრივ გამოხატავდნენ სითბოს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. დასკვნა სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ, შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის მოსაზრებას ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი პირობების შესახებ, ვერ გაიზიარებს. ბებიის არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობისათვის თავის საცხოვრებელი ადგილას წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო რაიმე მითითება არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და აღნიშნული არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება.

სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბებიასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობის შეზღუდვა ხდება მაშინ, როდესაც სახეზეა ცუდი ზეგავლენის მოხდენის, ძალადობის რისკი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. შესაბამისად, რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება ურთიერთობაში არ არსებობს. მას აქვს დაწყებისა და გაგრძელების პერსპექტივა და წინაპირობები. სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილი დასკვნით პირობები დამაკმაყოფილებელია. მოსარჩელესთან ბავშვების დარჩენა ღამის თევით სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს და რეკომენდირებულია მათი ურთიერთობა ერთდროულად.

ამასთან, ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა, მიზანშეწონილია არასრულწლოვან მ------ და ბ-------ე ჩ------ეების მოსარჩელესთან ურთიერთობა მოხდეს მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრებისაგან განცალკევებულად, თავად ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობათა რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის, მათ შორის ბებიის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და თბილ გარემო პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ კანონით გათვალისწინებული იქნა ბებიისა და პაპის შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება. მათ ეს უფლება გააჩნიათ არა მარტო იმ შემთხვევისათვის როცა ისინი მშობლების თხოვნით მონაწილეობას ღებულობდნენ შვილიშვილების აღზრდაში, არამედ მაშინაც, როცა მათი ასეთი მონაწილეობა არ მიუღიათ. იმ მშობელთან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, ბებიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე, ბებიას აქვს უფლება მოითხოვოს ბავშვის ნახვა და მასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა. ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბებიისა და შვილიშვილს შორის ურთიერთობის დარეგულირება უნდა მოხდეს უპირველსად, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ისე რომ ზიანი არ მიადგეს არასრულწლოვანის უფლებას - იზრდებოდეს უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.

მხარეებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულების გამო, ვერ მოხდა შეთანხმება მხარეთა შორის არასრულწლოვანი შვილიშვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დროის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული დაძაბული ურთიერთობა, არ უნდა გახდეს გადამწყვეტი ბავშვებსა და ბებიას შორის ურთიერთობის განსაზღვრისას, თუმცა ამ პირობებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის უფლება - დაცული იქნეს ყოველგვარი მავნე ზემოქმედების და უარყოფითი გავლენისაგან მესამე პირებისაგან.

მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე გარკვეული პერიოდულობით ნახულობდა შვილიშვილებს, ხოლო ბოლო თვეებია მას არ უნახავს არასრულწლოვანი შვილიშვილები. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ ბებიას არასრულწლოვან შვილიშვილებთან, სტაბილური, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობდამოკიდებულება ბოლო თვეებია არ ჰქონია. მითითებული პერიოდის გათვალისწინებით, არასრულწლოვანების ასაკიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მათ ბებიასთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დროის მონაკვეთი დღის საათებში, მათი სურვილის გათვალისწინებით, შემდგომში პერიოდის გაზრდის წესითა და მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლების მინიჭების გზით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღსაზრდელად არსებულმა გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების პროცესს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს შვილიშვილებთან ურთიერთობის საშუალება. იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის ინტერესების უზრუნველყოფა, აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან და მათ ოჯახის წევრებთან თანაბარი ურთიერთობა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ ბავშვს ბებია დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის არგუმენტაციის, ბავშვების ასაკის, მათი ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ-----ა ჩ------ეს არასრულწლოვან შვილიშვილებთან - - 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ მ------ ჩ------ესთან და 2--- წლის 2--------ს დაბადებულ ბ-------ე ჩ------ესთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს შემდეგნაირად: ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან არასრულწლოვანი შვილიშვილების მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 18:00 სთ-ზე დედის საცხოვრებელ ადგილზე მათი დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი თვის ერთ შაბათ დღეს არასრულწლოვანების სურვილის შემთხვევაში და მათი საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანისა და ღამის თევის უფლებით შაბათი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუუნების ვალდებულებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.მ-----ა ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მ-----ა ჩ------ეს არასრულწლოვან შვილიშვილებთან 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ მ------ ჩ------ესთან და 2--- წლის 2--------ს დაბადებულ ბ-------ე ჩ------ესთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად: ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან არასრულწლოვანი შვილიშვილების მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 18:00 სთ-ზე დედის საცხოვრებელ ადგილზე მათი დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი თვის ერთ შაბათ დღეს არასრულწლოვანების სურვილის შემთხვევაში და მათი საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანისა და ღამის თევის უფლებით შაბათი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა