განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
#0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ--------------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ--------------–--------–-----------------------–------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------------------------------------------------.
ადვოკატები - ა----------–-–---–ი და თ----------------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, დ---------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივაციით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ, რომელთანაც ამ დრომდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 23 დეკემბრამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, დ---------------–---–ი, ვინაიდან მისივე განმარტებით, ტრადიციულად, ქალს ოჯახში არ ჰქონდა რაიმე სახის უფლება, ქ---------------–--ი, როგორც ქალი და მეუღლე წარმოადგენდა ქმრის ,,ნივთს“ და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, დ---------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ, რომელთანაც ამ დრომდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 23 დეკემბრამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, დ---------------–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
GAGAGGA
3.1. მოწმე გ-----------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--აში ასრულებდა პასუხისმგებელი მორიგის მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა აღელვებული ქალბატონი, რომელმაც მას განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან განუმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით შეეძლო განცხადებით მიემართა განყოფილების უფროსისთვის და მისცა განცხადების ბლანკი. ქალბატონმა დაწერა განცხადება, რომელიც გატარდა ელექტრონულად და გადაეგზავნა ხელმძღვანელობას.
მოწმეს წარედგინა ქ---------------–--ის 2018 წლის 23 დეკემბრის #3------ განცხადება (ს.ფ. 2), რომლის შტამპზეც საკუთარი ხელმოწერა დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება სწორედ მან გაატარა ელექტრონულად.
3.2. მოწმე თ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში იგი მუშაობდა გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებას განცხადებით მიმართა ქალბატონმა, რომელიც იყო აღელვებული და განმარტავდა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მხრით დაეტაკა და მიაჯახა სხვა საგანს. ის იმჟამად იმყოფებოდა სახლში და ქალბატონს ამის გამო სახლში მისვლის ეშინოდა, რომ კიდევ არ მიეყენებინა რაიმე ზიანი. ხსენებულ ქალბატონს მკლავზე აღენიშნებოდა სიწითლე, რასაც იტკიებდა. ხელმძღვანელის დავალებით, იგი თავის თანამშრომელ გ-----------–-–--ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდათ დ---------------–---–ი. მას აუხსნეს თუ რის გამო იყვნენ მისულები, განუმარტეს მისი უფლებები და დააკავეს. აღნიშნულზე გ-----------–-–--ემ შეადგინა დაკავების ოქმი, რომელსაც გაეცნო დაკავებული.
3.3. მოწმე გ-----------–-–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის უფროსი გამომძიებელი. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მივიდა ქალბატონი ქ---------------–--ი, რომელიც აცხადებდა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მხრით დაეჯახა, რის შედეგადაც წაიქცა ძირს. იგი მარჯვენა მხარსა და წელის არეს იტკიებდა და დაჯდომას ითხოვდა. იგი ამ დროს იყო აღელვებული და ნამტირალევი. მას სახლში დაბრუნება არ სურდა, რადგან ეშინოდა და იძახდა, შეიძლება მომკლასო. ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ბაზაში მოძიებულ იქნა დ---------------–---–ის მონაცემები და ფოტოსურათი, რის შემდეგაც თ--------------–---–თან ერთად გაემართა მის მისამართზე. ადგილზე დახვდათ დ---------------–---–ი, რომელსაც გაეცნენ, აუხსნეს მისვლის მიზეზი და დააკავეს. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაეცნო დაკავების ოქმს, რომლის ასლი გადაეცა განყოფილებაში.
3.4. მოწმე ლ-–------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და მოცემული სისხლის სამართლის საქმის ძირითადი გამომძიებელი. მან გამოძიება დაიწყო ქ---------------–--ის განცხადების საფუძველზე და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონიერებასა და ავთენტურობასაც ადასტურებს. 2018 წლის 23 დეკემბერს მათ განყოფილებაში მივიდა აღელვებული ქალბატონი, რომელიც ტიროდა და ემოციურად იყო განწყობილი. მან განცხადება დაწერა ემოციურ ფონზე. იგი აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის გამო მის მიმართ ჰქონდა შიში, სახლში ვეღარ მიდიოდა და ითხოვდა დახმარებას. ქ---------------–--ს სიწითლე ჰქონდა მკლავის ნაწილში და სტკიოდა. იგი განმარტავდა, რომ დ---------------–---–ი მას მხრით დაეჯახა, რის შემდეგაც ფანჯრის რაფას დაეჯახა და ძირს წაიქცა.
3.5. 2018 წლის 23 დეკემბრის #3------ განცხადების მიხედვით, ქ---------------–--მა მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის უფროსს და მოახსენა, რომ მისი მეუღლე დ---------------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას და მის მეუღლეს მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, მისმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მხარში, რის შედეგადაც ის წაიქცა და მხარზე აღენიშნება ჩალურჯებული (ს.ფ. 2).
3.6. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 23 დეკემბერს, 17:22 საათზე, ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული იქნა დ---------------–---–ი (ს.ფ. 10-15).
3.7. 2018 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, ქ---------------–--მა მიუთითა სამზარეულოს მაგიდასა და ფანჯარას შორის ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იდგა თვითონ, როდესაც მისი მეუღლე დ---------------–---–ი განზრახ მიზანმიმართულად, მხრით დაეჯახა, რა დროსაც იგი წაიქცა და მიუთითა ფანჯრის რაფაზე და განმარტა, რომ წაქცევის შედეგად აღნიშნულ ფანჯრის რაფას დაეცა, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ტკივილი (ს.ფ. 54-60).
ექსპერტებმა თ-------–-–--იძემ და გ------------–--ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონიერებისა და ოქმის ავთენტურობის თაობაზე.
3.8. 2019 წლის 29 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 24 დეკემბერს, მოქალაქე ქ---------------–--ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში და მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვადრატში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, შემოწმების მომენტში უჩივის თავის და ზურგის ტკივილს. მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5,5x10 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღინიშნება: მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვანდრატში ზომით 2x6 სმ (ს.ფ. 136-137).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ქ---------------–--მა შემოწმებისას განაცხადა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 2 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაეჯახა, რის შედეგადაც წაიქცა.
3.9 დაზარალებულმა ქ---------------–--მა, რომელიც, ამავდროულად არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე (სისხლის სამართლის კანონის მიზნებისთვის ყოფილი მეუღლე ითვლება ახლო ნათესავად) და მოძალადისა და მსხვერპლის შვილებმა ნ--------------–---–მა, მ-------------–--მა, რ-------------------–---–მა და გ-----------------–---–მა უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე (სისხლის სამართლის კანონის მიზნებისთვის შვილი ითვლება ახლო ნათესავად).
3.10. ბრალდებულმა დ---------------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, დ---------------–---–ის მიერ ქ---------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
3.16. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ---------------–---–ი და ქ---------------–--ი არიან ყოფილი მეუღლეები.
3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს, მოქალაქე ქ---------------–--ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში და მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვადრატში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით უტყუარად დადგინდა, რომ ქ---------------–--მა ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, სამზარეულოს მაგიდასა და ფანჯარას შორის მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იდგა თვითონ, როდესაც მისი მეუღლე დ---------------–---–ი განზრახ მიზანმიმართულად, მხრით დაეჯახა, რა დროსაც იგი წაიქცა და მიუთითა ფანჯრის რაფაზე და განმარტა, რომ წაქცევის შედეგად აღნიშნულ ფანჯრის რაფას დაეცა, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია თავად დაზარალებულის ხელმოწერით. ამასთან, დანაშაულის ადგილას სხვა პირის ყოფნა, გარდა დ---------------–---–ისა, ვისაც შეეძლო ქ---------------–--ისთვის დაზიანებები მიეყენებინა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
3.18. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ისა და ლ-–------–--ის ჩვენებებს, რომლებმაც ნახეს დაზარალებული ქ---------------–--ი ინციდენტიდან მყისიერად, როდესაც ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ თვალნათლივ ეტყობოდა ძალადობის კვალი (მკლავზე აღენიშნებოდა სიწითლე, რომელიც სტკიოდა), იყო აღელვებული, ნამტირალევი და დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, შესაბამისად აღნიშნული გარემოებანი და პოლიციელთა ჩვენებები ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა თ-------–-–--იძემ და გ------------–--ემ, ცალსახად დაადასტურეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებული ქ---------------–--ი დეტალურად უთითებდა იმ ადგილს, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ - დ---------------–---–მა. სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ---–--------------–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - ქ---------------–--მა პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - დ---------------–---–მა მიაყენა.
სასამართლოსთვის საინტერესოა დაზარალებულის მოქმედებები გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც ქ---------------–--ი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, განაცხადა მის წინააღმდეგ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისას თავად მიუთითა ის ადგილი, სადაც მასზე იძალადა დ---------------–---–მა, რაც ცალსახად მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას, ასევე დახმარება მიეღო თავად სამართალდამცავებისაგან, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------------–--ის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, ქ---------------–--ის შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან სასამართლოში დაკითხული გამომძიებლების ჩვენებების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქ---------------–--ი პოლიციაში მისვლისას იყო შეშინებული და სახლში ვერ ბრუნდებოდა ყოფილი მეუღლის შიშით, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქ---------------–--ი იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
3.19. რაც შეეხება დ---------------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენას გენდერული ნიშნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოში გამოკვლეული არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რის გამოც დ---------------–---–ის ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს გენდერობასთან დაკავშირებული მითითება.
3.20. ქ---------------–--ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე (კერძოდ მკლავზე) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ისა და ლ-–------–--ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს პოლიციაში მისვლისას თვალნათლივ ეტყობოდა მკლავზე სიწითლე, რომელსაც იტკიებდა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმეების გ-----------------ას, თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ისა და ლ-–------–--ის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ქ---------------–--ი პოლიციაში მისვლისას იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და დანაშაულის შემდგომ მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ---------------–--ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის მიხედვითაც, ქ---------------–--ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვადრატში.
3.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
3.22. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ, მათ შორის ძირითადად საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
3.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებლების - თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ისა და ლ-–------–--ის ჩვენებები ვერ განიხილება როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებები, რადგან ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული მათგან ითხოვდა დახმარებას, იყო აღელვებული, ტიროდა, მკლავზე ეტყობოდა სიწითლეები.
2018 წლის 23 დეკემბერს, ქ---------------–--ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლომ უტყუარად დაადგინა ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც დაზარალებული პირდაპირ უთითებდა სად (სამზარეულო ოთახში) და როგორ (დაეჯახა მხრით) იძალადა მასზე ბრალდებულმა დ---------------–---–მა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებულ ინფორმაციასთან და უტყუარად ადგენს, რომ ქ---------------–--მა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, რომელიც იმავდროულად იყო ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და ითვლებოდა მის ახლო ნათესავად, ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობა, ხელს ვერ შეუშლის, მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ ბრალდებული და არა პროცესის ნებისმიერი სხვა მონაწილე, მაგალითად - დაზარალებული.
სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სასამართლო, ასევე ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82).
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ გამომძიებელთა ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ქ---------------–--ის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების ფაქტს, მის დაზიანებას, იმას, თუ რას აცხადებდა დაზარალებული, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისას მის მოქმედებებს და განმარტებებს და მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომელთა შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.
3.24. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისი, მ-----------------------------------------------------ში, დ---------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ, რომელთანაც ამ დრომდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 23 დეკემბრამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, დ---------------–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას..
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ---------------–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც დ---------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. დ---------------–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ---------------–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ---------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს დ---------------–---–ის პიროვნებას (იგი ხასიათდება დადებითად), მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად ძალადობას მის ყოფილ მეუღლეზე - ქ---------------–--ზე, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტკივილს, ტიროდა და იყო შეშინებული). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება დ---------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2018 წლის 23 დეკემბრიდან - 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ დ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ---------------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე