გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - ა--------------ი
წარმომადგენელი - ქ------–-----------ა, რ--------–---ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N 6---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0--------ის N--- ბრძანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილება (საჩივარი N5----------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს ა--------------ისათვის ჩამორთმეული 3300 000 რუსული რუბლის დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1------------ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ა--------------ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E-------.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 1------------ს, 08:48 საათზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსი სახელმწიფო ნომრთი W------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა--------------ი (პ/ნ 1----------). აღნიშნული პირი, რეგისტრაციის შემდეგ მოხვდა წითელ დერეფანში კრიტერიუმით ,,შეღავათი’’. ინტერვიუირებისას ა--------------მა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის არც ნაღდი ფული, თუმცა ავტობუსის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სავარძელზე, რეზინების მეშვეობით, ქვემოდან ამოკრული იყო 3300000 რუსული რუბლი (148965,3 ექვივალენტი ლარში). ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ზემოაღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 1-----------ის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი № E------- (ს/ფ 37-38)
3.1.2. 2017 წლის 1------------ს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ, ა--------------ს ჩამოერთვა აღმოჩენილი რუსული რუბლი 3300000 ოდენობით, რაზედაც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6---------- (ს/ფ 35-36)
3.1.3. 2017 წლის 1------------ს, ა--------------ის წარმომადგენელმა დ-----------–--–-–---–მა, საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1-----------ის № E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2017 წლის 1-----------ის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №6---------- ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სამგზავრო ავტობუსით შემოვიდა საქართველოში, რა დროსაც მისი მეწყვილე მძღოლს გადაავიწყდა დადგენილი წესით თანხის დეკლარირება და ავტობუსის სალონში სავარძელზე დარჩა მისივე დის კუთვნილი თანხა, რომელსაც მარნეულში სახლი უნდა ეყიდა. ასევე სადავოდ ხდიდა სანქციის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თანაზომიერებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0--------ის №--- ბრძანებით ა--------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ ბრძანებაში მიეთითა, რომ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადახადო ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი. ბრძანებაში, ასევე, მითითებულია, რომ მომჩივანი სისტემატურად გადაადგილდება (1734 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და შეღავათები. შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის კანონით დადგენილი რომელიმე საფუძველი და საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლებოდა მომჩივნის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან მომჩივანს აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფული 3300000 (სამი მილიონ სამასი ათასი) რუსული რუბლი - 147 965 (ას ორმოცდაშვიდი ათას ცხრაას სამოცდახუთი) ლარის ეკვივალენტი, რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (საქონლის ჩამორთმევა) კანონშესაბამისია და მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 0--------ის სსიპ შემოსავლების სამსახურის №--- ბრძანება ( ს/ფ 30-34)
-
3.1.4. ა--------------მა, 2018 წლის 17 იანვარს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
ა--------------ი უთითებდა, რომ ჩამორთმეული თანხა ეკუთვნოდა ე-–--------------–---ს, რომელმაც ქალაქ ბაქოში გაყიდა თავისი საცხოვრებელი სახლი და აპირებდა ბინის ყიდვას ქალაქ მარნეულში. ე-–--------------–---ი მოურიგდა ა--–---------–---ს 150000 ლარად, რაშიც ბეს სახით გადაუხადა 5000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 2 დეკემბერს, ე-–--------------–---მა ბაქოში გაყიდა სახლი 180000 მანეთად, რაშიც ბეს სახით აიღო 100000 მანათი, რუსული რუბლის კურსით 3300000, რომელიც 2017 წლის 9 დეკემბერს გამოატანა ჰ------–-----------ის ა--–---------–---ისათვის გადასაცემად. ჰ------–-----------ი, როცა ბაქოდან მარნეულში მიდიოდა, 2017 წლის 1------------ს, წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე აღნიშნული თანხა დატოვა ავტობუსში და თვითონ ფეხით გადმოვიდა საქართველოს მხარეს. აღნიშნული თანხა მებაჟეებმა აღმოაჩინეს ავტობუსში და დეკლარაციის შეუვსებლობის გამო შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ა--------------ი არის ავტობუსის მძღოლი, მას ამ ფულთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ვინაიდან ფული აღმოჩნდა მის ავტობუსში, ამიტომ მებაჟეებმა მას შეუდგინეს სამართალდარღვევის აქტი. მან იქვე მებაჟეებს განუცხადა, რომ ფული მას არ ეკუთვნოდა, ის ეკუთვნოდა ჰ--------------------------ს და მას უნდა დაედეკლარირებინა თანხა, მიუხედავად ამისა, მებაჟეებმა მაინც ის დააჯარიმეს.
საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (საქონლის ჩამორთმევა) კანონშესაბამისი და მართლზომიერი იყო
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილება (ს/ფ 23-29)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 209-ე, 215-ე, 269-ე და 289-ე მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6 და მე-7 მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N 6---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0--------ის N--- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 1------------ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ა--------------ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E-------. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 1------------ს 08:48 საათზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსი სახელმწიფო ნომრთი W------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა--------------ი (პ/ნ 1----------). აღნიშნული პირი რეგისტრაციის შემდეგ მოხვდა წითელ დერეფანში კრიტერიუმით ,,შეღავათი’’. ინტერვიუირებისას ა--------------მა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის არც ნაღდი ფული, თუმცა ავტობუსის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სავარძელზე რეზინების მეშვეობით ქვემოდან ამოკრული იყო 3300000 რუსული რუბლი (148965,3 ექვივალენტი ლარში). ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ზემოაღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
6.3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სამგზავრო ავტობუსს მართავდა ა--------------ი და მებაჟე-ოფიცრის მიერ ინტერვიუირება განხორციელდა სწორედ მასთან, რაც დასტურდება წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერით. ვიდეო-ჩანაწერიდან გამომდინარე, მისთვის აღქმადია მებაჟე-ოფიცრის შეკითხვები, ესმის ქართული და ის განმარტავს, რომ მას აქვს მხოლოდ ,,კოკა-კოლა“, ,,ფანტა“ და ერთი ბლოკი სიგარეტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქონლის გაფორმებისას გამოსაყენებელი სასაქონლო ოპერაციების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
აღნიშნული ინსტრუქციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნულიდან ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთვნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ა--------------ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებებს, რომელიც მის მიერ დაფიქსირებულია, როგორც საჩივრის განხილვის ეტაპზე, ასევე სასამართლოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში, მომჩივნის პოზიციაში აღნიშნულია, რომ მან იქვე მებაჟეებს განუცხადა, რომ ფული მას არ ეკუთვნოდა, ის ეკუთვნოდა ჰ--------------------------ს და მას უნდა დაედეკლარირებინა თანხა. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ მან არ იცოდა რომ ფული იყო ავტობუსში. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა--------------მა იცოდა, რომ ფული ჰქონდა მეორე მძღოლს და არ იცოდა, რომ მანქანაში იდო. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ფული არ იყო მისი, თუმცა ამავდროულად ითხოვს მის დაბრუნებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. საქმეში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული ფულადი თანხა ა--------------ს გადმოჰქონდა საბაჟო კონტროლის მალულად, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით. მოსარჩელის ბრალეულობის დასადგენად, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით იყო განთავსებული ფულადი თანხა ავტობუსში, კერძოდ, ის იყო ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ რეზინის მეშვეობით მიმაგრებული. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ის სისტემატურად გადაადგილდება საქართველოს საზღვარზე, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქართველოს საზღვარზე არსებული პროცედურები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი სრულად არ არის შევსებული და ფორმალურად გაუმართავია. სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულ ფაქტს, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში ის არ გამორიცხავს ა--------------ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
მოსარჩელე სარჩელში ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ ყოფილა დაცული თანაზომიერების პრინციპი საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას, რომ მოპასუხემ დისკრეციული უფლებამოსილებაზე მითითებით გაამართლა თავისი ქმედება ქონების მთლიანად ჩამორთმევასთან მიმართებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერებაზე მსჯელობისას იკვლევს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.
განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნულ საკითხზე მიუთითა, რომ გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N 6---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0--------ის N--- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N 6---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0--------ის N--- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1--------–-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ა--------------ისათვის ჩამორთმეული 3300 000 რუსული რუბლის (ექვივალენტი ლარებში) დაბრუნება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე