განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3------ (№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლ-–----------–--ე, დ----------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი---- ზ------ის ძე ზ--------ე - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-----------------------------------------ში
ადვოკატი - მ-----– ო-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თბილისში, გ-–-----------------------------------------ში ი---- ზ--------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ------ მ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც თ------ მ-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი---- ზ--------ის ქმედებით თ------ მ-------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 აგვისტოს, ი---- ზ--------ეს შემოწმებისას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.9999 პრომილი.
დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 აგვისტოს 17:10 საათზე, ქ.თბილისში, გ-–-----------------------------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი---- ზ--------ე, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომელიც მისივე განმარტებით, მიიღო დაკავებამდე.
ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ.თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ------- გ-------ემ (ოქმის შემდგენი) და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- მ---------–მა.
ბრალდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 აგვისტოს პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში შესახლებულ ი---- ზ--------ეს აღენიშნებოდა ორივე მხრის შუა მესამედში მოლურჯო-მოყვითალო ფერის კანქვეშა სისხლნაჟღენი და გულმკერდის წინა ზედაპირზე ფუფხით დაფარული მცირე ზომის ექსკორიაციები (ექიმი ზ.ბ-----ე, ოპერატიული მორიგე თ.რ-------ე და წარმდგენი პირი რ.მ–----).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--- ჭ--------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
თ------ მ-------–---–ს 25.08.2017წ პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი შუბლის არეში მარცხნივ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ შესამოწმებელი პირი უჩივის თავის ტკივილს, უპირატესად თავის მარცხენა ნახევარში, ტკივილს სახის არეში, კერძოდ, ცხვირის არეში და ტკივილს მარჯვენა მტევნის 1-2-3 თითებში. შუბლის არეში მარცხნივ აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.0X0.8სმ, აღნიშნული მიდამო ოდნავ შესივებულია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ნ------- გ-------ემ, ი-----–- ბ-------ემ, ვ-–- გ-–--ემ და ლ---- მ---------–მა დაადასტურეს ი-----------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მათივე განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ყველა მოწმის, მათ შორის ბრალდებულის დაკითხვა განხორციელდა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, ყველას განემარტა უფლება-მოვალეოებები, ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს ნებაყოფლობით, გაეცნენ დაკითხვის ოქმებს და მათი სისწორე დააფიქსირეს ხელმოწერებით, რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ.
დაზარალებულ თ------ მ-------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 25 აგვისტომდე 3 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი---- ზ--------ესთან და ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი. აღნიშნულ პერიოდში თ------ და მისი შვილი ცხოვრობდნენ ი---- ზ--------ის ბინაში და ეს უკანასკნელი იყო ოჯახის მარჩენალი. დაზარალებულის განმარტებით, ი---- არის ეჭვიანი და ამ ნიადაგზე ხშირი იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტი, ხოლო როდესაც ბრალდებული იყო ნასვამი, ხდებოდა აგრესიული და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თ------ს.
2017 წლის 24 აგვისტოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ი---- ზ-------ესა და თ------ მ-------–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც მეორე დღესაც გაგრძელდა. 2017 წლის 25 აგვისტოს, დღის განმავლობაში სამჯერ განახორციელა ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლის მიმართ, კერძოდ:
1. დილის საათებში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაარტყა მუჭი და ორჯერ გაშლილი ხელი სახის არეში, ძლიერად მოქაჩა თმებში და წააქცია, წაქცეულს კი რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ტანის არეში;
2. ზ/აღნიშნულიდან გარკვეული დროს შემდეგ (კ----------ისა და მ-----------ის სტუმრობამდე), სცემა საძინებელ ოთახში, თმები მოქაჩა, წააქცია და ფეხი ორჯერ დაარტყა ტანის არეში;
3. კ----------ისა და მ-----------ის სტუმრობის შემდეგ, როდესაც ბრალდებულმა და მისმა მეგობრებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, სახლიდან წასვლის მსურველ თ------სა და ი----ს შორის კვლავ დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც ი----მ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში მეუღლეს, ძალიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კ----------ი და მ-----------ე კი მათ აშველებდნენ. მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა ბავშვთან ერთად დატოვა ბრალდებულის სახლი.
დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 25 აგვისტოს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს ცდილობდა თავის დაცვას, რა დროსაც დაკაწრა ი-----------ე გულ-მკერდის არეში. თ---------–---–ის ჩვენებით, დედასთან - გ--–--- მ-------–---–თან არ აქვს ურთიერთობა, ვინაიდან მას შემდეგ, რაც თ------ მეუღლეს დაშორდა, მასთან თანაცხოვრება გააგრძელა დედამისმა, რომელიც ი----მ ჩამოიყვანა თბილისში.
მოწმე გ--–--- მ-------–---–ის ჩვენებით, არის დაზარალებულ თ------ მ-------–---–ის დედა. მოწმის განმარტებით, თ------, რომელი არ იყო განქორწინებული წინა მეუღლესთან, გ------ი ბ---------ძესთან, 2-3 წელი დადიოდა და რჩებოდა ი---- ზ--------ესთან და მისგან დაფეხმძიმდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, თ------ შვილთან ერთად ი----სთან გადავიდა საცხოვრებლად და თავადაც დღემდე ცხოვრობს ბრალდებულის სახლში. მოწმემ საკუთარი შვილი დაახასიათა როგორც მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალი და უპასუხისმგებლო დედა, ხოლო ბრალდებული როგორც პატიოსანი და კარგი მეოჯახე პიროვნება, რომელიც არჩენდა და „მართლა უვლიდა მის შვილს როგორც მეუღლეს“, რომელიც დღემდე პატივს სცემს და ეხმარება ყველაფერში თავად მოწმეს. მოწმის განმარტებით, თ------სა და ი----ს შორის ჩხუბს შესწრებია (რისი მიზეზიც იყო თ------ს ტყუილები), თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის თვითმხილველი არ გამხდარა. 2017 წლის 25 აგვისტოს, სამსახურში მყოფს პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს და შეატყობინეს თ------ს ცემის ამბავი, ადგილზე მისულს კი შვილმა უამბო, რომ ი----მ ძირს დააგდო და ფეხებით სასტიკად ცემა, თუმცა მოწმემ ვერ შენიშნა, ეტყობოდა თუ არა მის შვილს ცემის კვალი. მოწმემ უარყო გამოკითხის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ შესწრებია მეუღლის მხრიდან თ------ზე ფიზიკურ ძალადობას და ჩვენებებს შორის სხვაობის ახსნისას თავდაპირველად განმარტა, რომ გამომძიებელი დაემუქრა, შემდეგ კი განაცხადა, რომ შეურაცხყოფად მიიღო გამომძიებლის ნათქვამი - „შენ რა დედა ყოფილხარ, შვილი არ დაიცავიო.“
მოწმე კ------------ე ე--------ის ჩვენებით, ი---- ზ--------ესთან მეგობრობს და მასთან არაერთხელ არის სახლში ნამყოფი. მოწმემ დაადასტურა, რომ კარგად არ იცნობს თ------ მ-------–---–ს, მაგრამ იცის, რომ ვ----ს მეუღლე იყო, ერთად ცხოვრობდნენ და შვილიც ჰყავდათ, რომელსაც ხშირად ასეირნებდა ბრალდებული. 2017 წლის 25 აგვისტოს საცხოვრებელ კორპუსის ეზოში შეხვდა ი---- ზ--------ე და სახლში დაპატიჟა, სადაც ასევე დახვა მათი მეგობარი მ------- ფ--------ე და მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. მოწმის განმარტებით, ოჯახში რა მოხდა არ იცის, თუმცა ბრალდებული გაბრაზებული იყო. ბავშვი სამზარეულოში ტრიალებდა, რაზეც ვ----მ აგრესიულად დაუძახა თ------ს, „ბავშვს აქ რა უნდა, სადაც ჩვენ ვსვამთ, ან ქუჩაში წაიყვანე ან ოთახში შეიყვანეო.“ თ------მ ჩააცვა ბავშვს და დატოვა სახლი, რის შემდეგ კ----------ი და მ-----------ეც წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ვ---- გაბრაზებული იყო, თუმცა მისი მხრიდან მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჩვენების მიცემამდე გამომძიებელმა განუმარტა უფლება-მოვალეობები, დაკითხვის ოქმზე ჩვენების სისწორის ამსახველი მინაწერი და ხელმოწერა მას ეკუთვნის, თუმცა არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
მოწმე მ------- ფ--------ის ჩვენებით, ი---- ზ--------ეს იცნობს დაახლოებით 15 წელია, მისი მეზობელი და მეგობარია. ასევე იცნობს თ------ მ-------–---–ს, რომელიც ვ----მ გასართობად მიიყვანა სახლში, შეიფარა და შვილი ჰყავდათ, როემლიც მგონი სხვისი აღმოჩნდა. 2017 წლის 25 აგვისტოს, კ------------ე ე--------თან ერთად იმყოფებოდა ბრალდებულის სახლში და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ვ----მ თ------ს უთხრა, რო კარგი ამინდი იყო და ბავშვი ჰაერზე გაეყვანა, მან კი წივილ-კივილი დაიწყო, ბავშვთან ერთად დატოვა სახლი და როგორც აღმოჩნდა, პოლიციაში საჩივარი შეუტანია. მოწმის განმარტებით, ი----ს მხრიდან თ------ზე ძალადობას არ შესწრებია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ჩვენების მიცემამდე გამომძიებელმა განუმარტა უფლება-მოვალეობები, დაკითხვის ოქმზე ჩვენების სისწორის ამსახველი მინაწერი და ხელმოწერა მას ეკუთვნის, თუმცა არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოწმე მ-----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ყოველგვარი ახნისა და არგუმენტის გარეშე, არაერთხელ შეიცვალა პოზიცია - ხან ადასტურებდა სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციიის სისწორეს, ხან დაკითხვის ოქმის სისწორეს მიუხედავად მათ შორის არსებითი განსხვავებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი---- ზ--------ის ბრალეულობას, კერძოდ:
· დაზარალებულ თ------ მ-------–---–ის ჩვენება - დაზარალებულმა სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 2017 წლის 25 აგვისტოს, მის საცხოვრებელ ბინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და პირდაპირ მიუთითა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე, ი---- ზ--------ეზე, როგორც მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელ პირზე. დაზარალებულის განმარტებით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ ცემა ხელებითა და ფეხებით, მათ შორის სახეში გაარტყა ხელი კ----------ისა და მ-----------ის ბინაში ყოფნის დროს. დაზარალებულმა ასევე აჩვენა, რომ ფიზიკური ძალადობისადან თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევის დროს თავადაც მიაყენა ნაკაწრები ი-----------ეს გულ-მკერდის არეში, ასევე ბრალდებულის შეკავებას ხელით ცდილობდნენ მისი მეგობრები. დაზარალებულის ჩვენება სანდო და გუწრფელია, ამასთან სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ბრალდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმთან, რომელთა თანახმად, თ------ მ-------–---–ს აღენიშნებოდა მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სისხლნაჟღენთი შუბლის არეში მარცხნივ, ხოლო თავად ი-----------ეს - ორივე მხრის შუა მესამედში მოლურჯო-მოყვითალო ფერის კანქვეშა სისხლნაჟღენი და გულმკერდის წინა ზედაპირზე ფუფხით დაფარული მცირე ზომის ექსკორიაციები.
· მოწმე კ------------ე ე--------ის ჩვენება - მართალია, მან ი-----------ესთან მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე და ასევე შემთხვევის დღეს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო, არ თუ ვერ შეძლო ი-----------ის მიერ თ-------–---–ისათვის ხელის დარტყმის ფაქტის გახსენება, მაგრამ ვერ უარყო, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ოჯახში იყო კონფლიქტური სიტუაცია და ნასვამი ი-----------ე მეუღლეს მიმართავდა აგრესიულად, რის გამოც მისივე განმარტებით, თ---------–---–მა ბავშვთან ერთად დატოვა სახლი.
· მოწმე მ------- ფ--------ის ჩვენება - მართალია, მისი ჩვენება არათანმიმდევრული იყო და მოწმე საუბრობდა ერთიერთში ი-----------ის ტექსტებით (მაგ: ბავშვთან მიმართებაში, „ბ---------ძე აღმოჩნდა“ და ა.შ.), ვერ ხსნიდა გამოძიებისა და სასამართლოს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას და ხან ერთს ეთანხმებოდა, ხან მეორეს, თუმცა მის ჩვენებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თითქოსდა ი-----------ის მშვიდ მოწოდებაზე (რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაშია კ----------ის ჩვენებასთან, რომ ბრალდებული იყო აგრესიული), რომ მეუღლეს ბავშვი გაეყვანა სუფთა ჰაერზე, თ------ მ-------–---–მა წივილ-კივილით დატოვა ბინა და საჩივარი შეიტანა პოლიციაში. სასამართლოს ალოგიკურად მიაჩნია მ-----------ის ხსენებული განმარტება, ვინაიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაზარალებულს, რომლის ადეკვატურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არც სხდომაზე დაკითხვისას გამოვლენილა და არც დაცვის მხარეს დაუსაბუთებია, რატომ უნდა აღელვებულიყო იმ დონემდე, რომ კივილი დაეწყო, ბავშვთან ერთად დაუყოვნებლივ დაეტოვებინა სახლი და საშველად პოლიციისათვის მიემართა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, ი---- ზ--------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის (რომელთან ერთადაც წლების მანძილზე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) თ------ მ-------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.
ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბამისად განმარტავს, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები (მათ შორის ოჯახური დანაშაულის სუბიექტები), ვინაიდან არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისენი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის, მოწმეებისა და თავად ბრალდებულის ჩვენებითაც ირკვევა, რომ ი-----------ე და თ---------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, დაახლოებით 3 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, ჰყავდათ შვილი და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (აღსანიშნავია, რომ ერთიანი საოჯახო მეურნეობა არ გულისხმობს კომუნალური გადასახადების, საკვების, ტანსაცმლისა თუ სამედიცინო მედიკამენტების საფასურის, აგრეთვე სხვა საოჯახო ხარჯების 50/50-ზე გაყოფას მეუღლეების მიერ), ი-----------ე ფინანსურად უზრუნველყოფდა მეუღლეს და ზრუნავდა შვილის აღზრდაზე და მხოლოდ მას შემდეგ აღარ აღიარებს მეუღლესა და შვილს ოჯახის წევრებად, რაც განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო თ---------–---–მა გაბედა პოლიციისადმი მიმართვა და ასევე ბრალდებულმა ეჭვი შეიტანა ბავშვის მამობაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ თანაცხოვრების პერიოდში ი-----------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს თ---------–---–ს, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება და შესაბამისად, სახეზე არაა გონივრულს ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც ი---- ზ--------ეს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენაზე, რაც თავის მხრივ გავლენას ვერ მოახდენს ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ი---- ზ--------ესა და დაცვის მხარის მოწმეს ლ---–ა გ------–--ეს სასამართლოსათვის საქმისათვის მნიშველობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, ორივე მათგანის ჩვენება მთლიანად აგებული იყო დაზარალებულის დისკრედიტაციასა და მის ამორალურ ქალად წარმოჩენაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლ---–ა გ------–--ის სრულიად ალოგიკური განმარტებები და საკუთარი თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე გაკეთებული ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური შეფასებები (ყველა მათგანზე სასამართლოს ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილადაც კი არ მიაჩნია), მათ შორის, რომ ი---- ზ--------ესთან 2013 წელს დაშორების მიუხედავად (ამ პერიოდიდან ერთად აღარ უცხოვრიათ, ი-----------ე მთელი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობს თ---------–---–თან და შვილიც კი ჰყავთ, რომლის მამობა მხოლოდ 2017 წელს გახდა სადავო ბრალდებულისათვის) 6 წლის შემდეგაც მოიხსენიებს მეუღლედ და ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ „ნამდვილი“ მეუღლე თავადაა, ხოლო თ---------–---–ი მის მეუღლეს ჭირდებოდა მხოლოდ გასართობად და ამ ურთიერთობას ერთგვარ გამართლებასაც უძებნის, რომ როგორც ყველა კაცს, ბრალდებულს ამის უფლება აქვს, მაშინ როდესაც, თავად ი-----------ეს სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე და არც ჩვენების მიცემისას არ დაუდასტურებია, რომ ლ--------–--ე მისი მეუღლეა. ბრალდებულის ყოფილი მეუღლის მიერ შემოთავაზებული ზ/აღიშნული ვერსიის მიზანი კი არის ი-----------ისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ თუკი ლ--------–--ე იყო ი-----------ის ოფიციალური მეუღლე თითქოსდა ეს ავტომატურად გამორიცხავს თ. მ-------–---–ის ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნასა და საერთო შვილის ყოლას. რაც შეეხება ი---- ზ--------ის ჩვენებას, აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებასთან, მათ შორის, მისი მეგობრის კ----------ის ჩვენებასთანაც, არათანმიმდევრული და არაგულწრფელია, გარდა ამისა, ყურადსაღებია ბრალდებულის პოზიციების ხშირის ცვლა - გამოძიებისა და სასამართლო განხილვების საწყის ეტაპზე, ბრალდებული განმარტავდა, რომ თ---------–---–თან დაშორების შემდეგ მას აღარ თვლიდა ოჯახის წევრად, თუმცა ადასტურებდა მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და სადავოდ ხდიდა მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციას (მაგ: კ----------ისა და მ-----------ის კრიტიკული დაკითხვის შემდეგ, როდესაც მათ ვერ ახსნეს გამოძიებასა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავება და ბრალდებულმა იგრძნო საკუთარი „დამსახურება“ მათ მიმართ მოსალოდნელ სს პასუხისმგებლობაში, 2018 წლის 2 თებერვლის სხდომაზე, 16:08 საათზე, მოწმე ნ.გ-------ის დაკითხვის დროს განაცხადა, რომ თ---------–---–ს ხელი დაარტყა მეგობრების მოსვლამდე, რის მერეც მოეფერა და სიგარეტიც მიუტანა, აღნიშნულით კი შეეცადა მეგობრების ჩვენებების ახსნას თუ რატომ უთხრეს სასამართლოს, რომ ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებიან), შემდეგ კი ბრალდებულმა სრულიად უარყო როგორც თ---------–---–თან ოჯახური თანაცხოვრება, ისე მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. არადამაჯერებელია ასევე ბრალდებულის განმარტება, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს (ე.წ.ჯაგების გაწმენდისას), ვინაიდან ასეთ პირობებში შეუძლებელია ორივე მხრის შუა მესამედში სისხლნაჟღენთების განვითარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის შემოწმებისას დაფიქსირებული დაზიანებების ხასიათი და ლოკალიზაცია სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობისას წინააღმდეგობას უწევდა ი-----------ეს და თავდაცვის დროს მიაყენა დაზიანებები.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-----------ისა და მოწმე ლ--------–--ის ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არაგულწრფელობის, მიკერძოების, შეუსაბამო განცხადებებისა და ერთმანეთთან წინააღმდეგობის გამო, შესაბამისად, არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე გ.მ-------–---–ის ჩვენებას მისი არაგულწრფელობისა და დაინტერესების გამო, კერძოდ: მოწმემ სრულიად უარგუმენტოდ არათუ უარყო გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია, რომ შესწრებია ი-----------ის მიერ მისი შვილის, თ---------–---–ის ცემის ფაქტს, არამედ განმარტა, რომ 2017 წლის 25 აგვისტოსაც თ---------–---–ს არ ეტყობოდა ცემის კვალი და ეს იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო ექსპერტმა თ---------–---–ის სახეზე დაადგინა როგორც სისხლნაჟღენთის, ისე შუბლის მიდამოში შესივების არსებობა. სასამართლოს მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ იგი მიკერძოებულია და ცდილობს მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობისა და სასჯელის არიდებას იმ პირისათვის, რომლის სახლშიც აგრძელებს ცხოვრებას დღემდე (მის შვილთან ბრალდებულის დაშორების მიუხედავად) და რომელიც უზრუნველყოფს მას მატერიალურად, მოწმისავე განმარტებით, ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშე, უანგაროდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ზ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი---- ზ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ი---- ზ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად გ------ მ------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ზ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი---- ზ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი---- ზ--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ი---- ზ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით.
ი---- ზ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.ნაჭყებია