გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2344-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - სალომე არევაძე
მოსარჩელე - ვა--------------–---–ი
მოპასუხე - მა-----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე მა-----------------–---–ს ვა--------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 15000 ლარის საპროცენტო სარგებელი 3 %-ის ოდენობით 201- წლის 15 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 201- წლის 14 ივნისს ვა--------------–---–ს და მა-----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 15000 ლარის ოდენობით, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 201- წლის 14 დეკემბერს, თუმცა მოპასუხის მიერ არ იქნა ვალდებულება შესრულებული.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა 1- 700 ლარის გადახდა, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია პროცენტის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვა--------------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს:
მოპასუხე მა-----------------–---–ს ვა--------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 15000 ლარის საპროცენტო სარგებელი 3 %-ის ოდენობით 201- წლის 15 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა-----------------–---–ს აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 14 ივნისს ვა--------------–---–სა და მა-----------------–---–ს შორის სანოტარო ფორმით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვა--------------–---–ისაგან ისესხა 15 000 ლარი 6 თვის ვადით. ხელშეკრულებით ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%-თ. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე 2719 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ორი ნაგებობა კოდი 55.38.53.1-6. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე. მოსარჩელის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.1.2. მა-----------------–---–ს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულება. მან მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალიწინებული სარგებლის თანხა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარის ახსნა-განმარტება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე # 2/-------8
3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით ვა--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მა-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მა-----------------–---–ს ვა--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1- 700 ლარის გადახდა;
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე # 2/188-2018
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი;
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, 201- წლის 14 ივნისს წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს სესხი 15 000 ლარი 6 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად სარგებლის თვეში 3%-ის დარიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარის ახსნა-განმარტებით და რუსთავის საქალაქო სასმართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხეს სასესხო ვალდებულება არა აქვს შესრულებული, მას სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ გადაუხდია, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მა-----------------–---–ისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრება 201- წლის 15 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ასეთი შეთანხმების არსებობის თაობაზე, კერძოდ, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას პროცენტის დაკისრების შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრას თუ რა შემთხვევაში შეუძლია მხარეს მოითხოვოს პროცენტის გადახდა, კერძოდ, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ზეპირი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოპასუხისათვის 201- წლის 15 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვა--------------–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მა-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი