გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2-441-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.05.2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სა---------–---------–-–----------------------------------ი
წარმომადგენელი გ----------------ა
მოპასუხე შპს მა---------------ი
წარმომადგენელი თ--------------–ი
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე შპს მა---------------ს დაეკისროს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოქმნილი პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1107 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 შპს მა---------------ის სახელით წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა 118,80 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 03 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #---.
გარიგების შესაბამისად შპს მა---------------მა იკისრა მოსარჩელისთვის 2018 წლის 03 აპრილიდან 02 ივლისის ჩათვლით სპორტული ინვენტარის მიწოდება, ხელშეკრულების დანართი #1-ის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება დანართითურთ. (ს.ფ 15-20)
3.1.2. 2018 წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად სა---------–---------–-–----------------------------------ს გადაეცა 2018 წლის 03 აპრილის #----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი საერთო ღირებულებით 36900 ლარი.
მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს მა---------------ის მიერ პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ვადაგადაცილებით და აღნიშნული საფუძვლით წარმოქმნილი მთლიანი პირგასამტეხლოს მოცულობაა 1107 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი)
- 2018 წლის 01 ოქტომბრის წერილი #1----- და თანდართული გაანგარიშება (ს.ფ 23-24)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავო გარემოებებს არ ასახელებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს შემცირების გზით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სა---------–---------–-–----------------------------------სა და შპს მა---------------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #---, გარიგების ფარგლებში მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დათქმულ ვადებში ვერ უზრუნველყო და შპს მა---------------ის სრული დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენს 1107 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.
სასამართლოს მიერ დადგენილია მოპასუხის მხრიდან შეთანხმებული პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილების ფაქტი და სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით 1107 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და შპს მა---------------ს დაეკისროს მხოლოდ 118,80 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებული ნაწილის ფარგლებში ცნო სრულად მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი არ იკვეთება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს მა---------------ს დაეკისროს 118,80 ლარი.
2. სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა 988,20 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მხარეების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე